ეთერ ჭკადუა - ეპატაჟური და ეკლექტური

ეთერ ჭკადუა - ეპატაჟური და ეკლექტური

თეთრ სუფრაზე უხვად კარალიოკი და ადესა, ხვანჭკარას ბოთლი, მდიდრულ მშვიდობისფერიან სამოსში გამოწყობილი ქართველი ქალი, სკამზე კი ამერიკული იარაღი "ემ 4"... პერსონაჟის მრავლისმეტყველი გამოხედვა, სადაც ვნება და სიძულვილი ერთნაირად იხატება და სურვილი, ბოლომდე დაიცალოს სასმისი...

2008 წლის ნახატი "სნაიპერი".

ნახატებზე გამოსახულ პერსონაჟებში თავად ავტორს ამოიკითხავთ: ის ერთგან საბჭოთა პიონერის ალისფერი ყელსახვევით, ამორძალის შუბითა და პაპიროსით, მეორეგან არა სახედარზე, არამედ ზებრაზე შემომჯდარი ქმრის მოღალატე ცოლის, სხვაგან კი გარდასახული სალომეას სახით გვევლინება... მისი ხელოვნება ირეალურსა და სინამდვილეს შორის ბეწვის ხიდს გადის. არ ერიდება ეპატაჟურობას, სკანდალურობას, შოკს, გაოცებაზე მეტს, რომელმაც შეიძლება მნახველს შეძრწუნება, ზიზღი და აგრესიაც კი გაუჩინოს... ყველაზე დიდ ფემინისტსაც კი შეშურდება მისი გამბედაობის, დინების საპირისპიროდ ცურვის და იდეების, რომლებიც სათავეს თანაბრად იღებენ ქართული და კოსმოპოლიტური ფესვებიდან.

ნიუ-იორკელი ესეისტი და კრიტიკოსი ლილი ვეი ეთერ ჭკადუას ახალი ამაზონიის მსოფლიო ქალბატონს უწოდებს, მის შემოქმედებას კი ზოგჯერ შემზარავი და საშიში თანამედროვე სამყაროს ახალ ტალღად მოიხსენიებს, სადაც ერთდროულად იჩენს თავს გამოუსწორებელი ოპტიმიზმიც და სასოწარკვეთაც, ბრძოლის ჟინი და თეთრი ბაირაღიც, სიყვარული, ხანდახან დაუოკებელი ვნების სახით და სიკვდილის სარეცელიც.

საბჭოთა საქართველოში დაბადებულ მომავალ მხატვარს კარგად ახსოვს დედის, ცნობილი ქართველი სოპრანოს ზურაბ სოტკილავას ბიძაშვილის, სიტყვები: "თუ გინდა ბევრი იმოგზაურო, ცნობილი უნდა გახდე". იმპულსმა აზრი გაუჩინა, აზრმა იდეამდე მიიყვანა, იდეამ კი სწორედ იმ გზაზე დააყენა, რომელზეც თითქმის სამი ათეული წელია დადის: "მაშინ მახსოვს, სადღაც წარმოდგენაში გამიელვა ოკეანემ, მზემ და დიდმა გემმა...… როგორ აღმოვჩნდებოდი ამ გემზე, აზრადაც არ მომსვლია.. ამერიკაში რომ მოვხვდი 1988 წელს, მერე დავიწყე ამ გემზე ფიქრი.."., - იხსენებს მხატვარი. ბავშვობაში დაწყებული კონფლიქტი საკუთარ ალტერ ეგოსა და გარემოს შორის დეტალებში შეინიშნებოდა: ადამიანებს სხვა თვალით აკვირდებოდა, საზოგადოებისთვის ტაბუდადებულ თემებზე საუბარი გარშემომყოფებთან გაუგებრობით მთავრდებოდა...

მერე იყო თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერისა და მოდის დიზაინის ფაკულტეტები... 1988 წელს ემიგრირება შეერთებულ შტატებში, ამერიკელი მეცნიერის დიდი სიყვარული და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, თითქოს ყველაფერი თავისი წესითა და რიგით მიდიოდა მის ცხოვრებაში. იაპონიაში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ წყვილი ისევ შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. პირველივე წარმატებულმა გამოფენამ ჩიკაგოში ქართველ მხატვარს მეტის კეთების სურვილი გაუჩინა: "ნიუ-იორკში ორი თვით ჩამოვედი, მაგრამ აქაურმა ცხოვრებამ ისე ჩამითრია, უკან, ახალშექმნილ ოჯახში, ვეღარ დავბრუნდი... ნიუ-იორკში ყველაზე უფრო ბუნებრივად ვგრძნობდი თავს. თუმცა, მარტო რომ აღმოვჩნდი, პრობლემებიც მეტი გამიჩნდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თავისუფლება აუცილებელი პირობა გახდა ჩემი შემოქმედებისთვის.. სირთულე ყოველთვის იყო და არის ცხოვრებაში, მაგრამ ამის არასოდეს მეშინოდა, და ეს იყო ის, რაც მაძლევდა თვითდამკვიდრების და გადარჩენის იმპულსს. ნიჭმა და ამ ნიჭით საფასურად მოცემულმა პასუხისმგებლობამ, გამომეყენებინა მაქსიმალურად, ხელი შეუწყო ჩემს თვითგადარჩენას".

ამერიკამ იმითაც მოხიბლა, რომ შემოქმედებითი გზა მრავალი მიმართულებით გაეხსნა: კალიფორნიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროგრამები, გამოფენები შვედეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, იტალიაში... პოლოკ-კრასნერის, ნიუ-იორკის ხელოვნების ფონდების ჯილდოები.

ამჟამად ნიუ-იორკსა და იამაკაზე ცხოვრობს. თავისუფლების ქალაქის ზამთრის დღეებს კინგსტონის ლაჟვარდოვან სანაპიროებს არჩევს: პალმების, ლურჯი სივრცეების და კუნძულოვანი თემატიკის გარემოცვაში ახალ იდეებს ეძებს. საოცარი ის არის, რომ ნახატებში ლაღი და რეგის რიტმებზე აცეკვებული პერსონაჟების ცენტრში ქართველი ქალი დგას, ხანჯლით, ყანწით, ტრადიციული ქართული სუფრით... ის ხან მთვრალი მწყემსია, ხანაც ცხვირზე თოკგამობმული უცნობი ჩიტი... იმპულსები, რომლებიც ეთერ ჭკადუას ნამუშევრებში იკითხება, ერთნაირად აღელვებთ კავკასიელებს, დენდ და სნობ ევროპელ კრიტიკოსებს და თავისუფლებისმოყვარე ამერიკელებს:

"განსხვავებული ენით გადმოცემული ძალიან ნაცნობი ელემენტი მაყურებლის თვალში ხშირად სკანდალური, სენსაციური შეიძლება აღმოჩნდეს... ამას მაყურებლის ყურადღების გასართობად ვიყენებ... კარგი ხელოვნების ნიმუში ამა თუ იმ ეპოქის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მეტაფორაა... ძლიერი ხელოვნების ნიმუშები აუდიტორიას აჩვენებს ემოციის გამოხატვის მრავალნაირ საშუალებას... თუ მის გულში და სულში შეაღწია ჩემმა სათქმელმა, ესე იგი ჩემი საქმე წარმატებით შევასრულე..".

როგორც თავად ამბობს, ის ხომ ქართული კულტურის ელჩია უცხოეთში:

"ქართული ნივთები ალბათ ჩემი ნოსტალგიის გამო ხვდება ჩემს ნახატებში, ვცდილობ აქცენტი ვიზუალურად ამ ნივთებზე გავაკეთო, რომ ვაჩვენო უცხოელ მაყურებელს, საიდან მოვდივარ გეოგრაფიულად და ფსიქოლოგიურად... ხანდახან პატარა ტექსტს მივაწერ რომელიმე ქართულ ამბავზე, ლეგენდაზე, ტრადიციაზე, ნივთზე", - ამგვარად მოგვითხრობს ეთერი ტრაგიკული ისტორიას არალეგალ ემიგრანტ კოკაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამოქალაქო ომის მერე ფიზიკა-მათემატიკის პროფესორისა და არქიტექტორის დიპლომით ბრუკლინში ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში მუშაობას უბრალო მუშად იწყებს. ნახატში ამოიკითხავთ მხატვრის სათქმელს: ამერიკელმა ბოსმა სიმპატიური ქართველი მუშის დაუფლების სურვილის სანაცვლოდ დანა მიიღო, ემოციურ ნიადაგზე ჩადენილმა დანაშაულმა კი კოკა 23 წლით ამერიკულ ციხეში გაამწესა... კიდევ და კიდევ ისტორიები ქალღმერთ დალიზე, პატივგაბახებულ ცოლზე, ეთერ ჭკადუას უცხოელთა გასაოცად ამბები არასდროს გამოელევა...

როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში ზოგჯერ სტერეოტიპების ყრუ კედელს ეხეთქება, ხელახლა დგება და ბრძოლას ადამიანების ცნობიერებამდე მისაღწევად იწყებს. და მაინც, რატომ არის მისი ნახატების მთავარი პერსონაჟი თავად ეთერ ჭკადუა:

"დიახ, ჩემი მსგავსი ქალი არის ჩემს ნახატებში. მე მას, როგორც მსახიობს, ისე ვიყენებ ამა თუ იმ სიტუაციის და ემოციის მოსაყოლად... ეს იყო 12 წლის წინ: მაშინ ახლადგაცნობილი ცნობილმა არტ-დილერმა გიან ენზო სპერონემ შემომთავაზა იდეა და ისეთი ნახატები შემიკვეთა, სადაც უშუალოდ ჩემი პერსონაჟით მომეყოლა ამბები, ემოციები... ვფიქრობ, ამით ჩემს ნახატებს ინდენტიფიკაცია ჰქონოდა უდაბნოსავით უსასრულო ხელოვნების სამყაროსთან.... ახლა ჩემს ნახატებს ადვილად ცნობენ... ასეთი ნამუშევრები ავთენტურს, ბუნებრივს, ნადვილს ემსგავსება. უმეტეს შემთხვევაში ეს პერსონაჟი ფსიქოლოგიურად ჩემი დაკვირვებების და ანალიზის, სხვა ადამიანების ემოციების შთაბეჭდილებების ნაზავია... როგორც მწერალი და რეჟისორი, ვიგონებ პერსონაჟს, ვაძლევ სხეულის ენას, და ვქმნი მის გარშემო სიტუაციას, ხანდახან ეს ქალი ძალიან მგავს, ხანდახან ნაკლებად.. ამ ქალით მე ჩემს თანამედროვეობაზე ვყვები".

თანამედროვეობა კი ეთერისთვის მსოფლიო მეგაპოლისზე გადის: ნიუ-იორკი მთელი თავისი გრანდიოზულობითა და მრავალფეროვნებით ახლობელი სივრცე გახდა. თავად ამბობს, რომ ეს ქალაქი ზოგს თრგუნავს და სასოწარკვეთამდე მიჰყავს, ზოგს კი ენერგიას აძლევს. ეთერისეული ნიუ-იორკი არის "კოსმოპოლიტური, ინტერნაციონალური, ძალიან საინტერესო, სწრაფი და ეკლეკტური".

ნიუ-იორკის ხმაურს და წამებში გათვლილ გრაფიკს ხშირად თავს კინგსტონში აღწევს, სადაც ყოველთვის ეგულება მეგობრები, მზით დამწვარი სხეულები და გულები, და რა თქმა უნდა, საკუთარი სახელოსნო:

"მუშაობის დროს მჭირდება აბსოლუტური ფოკუსი. ამისთვის აუცილებელია, რომ ვიყო ჩემს სახელოსნოში მარტო... ყავას ორ დღეში ერთხელ, დილაობით ვწრუპავ, ვვარჯიშობ, ან იოგას ვაკეთებ. სიგარეტს მუშაობაში იშვიათად ვაბოლებ და ვაკვირდები ნახატს შორიდან... მუსიკას იშვიათად ვუსმენ, როცა ვმუშაობ... საღამოს ახალი ამბები. ვმუშაობ ღამის პირველ საათამდე,.. ამის მერე ხანდახან გავდივარ მუსიკის მოსასმენად, მეგობრებთან, რომ მოვცილდე სამუშაო ადგილს რაღაც დროით..".

ამბობს, რომ ნამდვილი სიყვარულით სამჯერ უყვარდა... ეჭვიანობა, მისი აზრით, გონებისთვის საშიში დაავადებაა. სიყვარულში მიჯნურსაც "სივრცეს აძლევს", თავად კი, როგორც ნიუ-იორკში ამბობენ, "საქმეზეა ჯვარდაწერილი". შეყვარებულობაშიც მეგობარია და საკუთარ თავისუფლებას ამგვარად უფრთხილდება.

ფიქრები საქართველოზეც ისეთივე ეკლექტურია, როგორც მისი ნახატები: მშობლიური ქვეყანა სძულს და უყვარს კიდეც:

"თან მიყვარს დასავლეთს ჩამორჩენილი საქართველო, თან ვერ ვიტან... მაგრამ უფრო მიყვარს, რადგან 23 წელია, შორს ვარ და მენატრება ყველა მისი ქუჩა და ხე... ხან ვდარდობ, რომ დღესდღეობით საქართველოში მოპირისპირე პოლიტიკურ აზრის მქონე ადამიანებში ურთიერთსიძულვილია, თან ვფიქრობ რომ ეს პროცესი გარდაუვალია, და ვითარებას პოზიტიურად ვუყურებ. ძველი ერი ვართ, ნულიდან დავიწყეთ დასავლეთისმაგვარი დემოკრატიული აზროვნების შექმნა, ამას დრო დასჭირდება და იმედი მაქვს, ჩვენს შემდეგ თაობას იმის გაგებას დავუტოვებთ, რომ სხვადასხა აზროვნების მატარებელ ადამიანებს შორის ერთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობა სავსებით შესაძლებელია".

ეთერისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება სხვადასხვა ხელოვანების ჩამოყვანა, რომლებიც ჯაზს, რეგგის, კუნძულოვანი ქვეყნების კულტურას გააცნობენ ქართველებს... პროფესიული თვალსაზრისით კი უნდა, რომ მისი ნახატები ცნობილი საგამოფენო სივრცეების ნაწილი გახდეს და თვითმყოფადი სიტყვა თქვას მსოფლიო ხელოვნებაში...

ათასობით კილომეტრებიდან უგზავნის შეტყობინებას ქართველ ქალბატონებს: უნდა, რომ შეაზიზღოს სიგარეტი, შეაყვაროს იოგა და ნაკლებად იფიქრონ პოლიტიკაზე... ეთერი ამბობს, რომ ქართველ ქალზე ნაზი და თბილი არავინაა...

მალხაზ ჭკადუა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება