- თქვენი ნიჭისა და ასაკის გათვალისწინებით, თქვენთვის საინტერესო როლები არ გაკლიათ, როგორც მაგალითად, ბოლო ფილმში "დილა მშვიდობისა", სადაც ჰარისონ ფორდთან ერთად სატელევიზიო წამყვანს თამაშობთ.
-თავი ლეგენდარულ მსახიობად არ მიმაჩნია. როლი მაშინ არის საინტერესო, როცა მაყურებელს არ აღიზიანებ. მიხარია, როცა როლს ვიღებ. ეს იღბალია. განა ბევრნი არიან ამქვეყნად ჩემი ასაკის ქალები, რომლებსაც ფილმებში იღებენ? მიხარია, რომ ამას მოვესწარი. არ ვაპირებ დეპრესიაში ჩავარდნას იმის გამო, როგორ სწრაფად იცვლება ირგვლივ ყველაფერი. ცხოვრება საიდუმლოა. რაც მეტი იცი, ნაკლები იცი, რაც ნაკლები იცი, ცხოვრება უფრო საინტერესოა. ადრე ვარსკვლავობაზე ვოცნებობდი და გავხდი კიდეც… მაგრამ ახლა სხვა რამ მიტაცებს. ჩემი ჰობი. ადრე ვერც წარმოვიდგენდი, რომ ვიქცეოდი ადამიანად, რომლისთვისაც ჰობი პროფესიაზე მნიშვნელოვანია. მე კოლექციონერი ვარ. ვწერ წიგნებს, ვაკეთებ ავეჯის დიზაინს. რატომღაც ჰგონიათ, რომ ასაკში უნდა მოდუნდე, ღრმად ისუნთქო. მე ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი მოვასწრო, სანამ ვიტყვი "ადიოს".
- თქვენ ცნობილი ხართ თქვენი ორიგინალური გარდერობით, ჩაცმის სტილით. ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ვუდი ალენთან მუშაობდით და მისი მუზა იყავით.
-მე მიყვარს დამალვა და ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ამ სურვილის მეორე მხარე - საკუთარი თავის წარმოჩენაა. აშკარა წინააღმდეგობაა. მინდოდა ახლი სტილის ტანისამოსის ხაზი გამომეშვა, მაგრამ გადავიფიქრე.
- ვუდი ალენმა განაცხადა, რომ თქვენ ამერიკული კინოს საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობი ქალი ხართ… ეთანხმებით?
-ვუდი ყოველთვის მართალია. ის არ შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ მე სასაცილო მხოლოდ კინოში ვარ. ცხოვრებაში შეკვეთით ვერავის გავაცინებ.
- თქვენ არ გათხოვილხართ, თუმცა ხმაურიანი რომანები გქონდათ- ვუდი ალენთან, ალ პაჩინოსთან, უორენ ბიტთან.
-დიახ, ვაღიარებ, მაგრამ სისულელეა აღიარო ის, რაც ყველასთვის ისედაც ცნობილია. მე პარტნიორების შეყვარება მახასიათებდა, რომლებთანაც ვთამაშობდი.
- მაგრამ ახლა ორ შვილს ზრდით, ქალ-ვაჟს, რომლებიც იშვილეთ.
-ბავშვები მაიძულებენ ტვინი უფრო ხშირად გამოვიყენო და არ ვიხელმძღვანელო იმპულსებით. ჩემს ცხოვრებაში მათ გამოჩენამდე მე ემოციებით ვცხოვრობდი. ჩემი მამაკაცისგან ყოველთვის ვითხოვდი, ჩემი სურვილები და კაპრიზები გაეთვალისწინებინა. ურთიერთობისთვის ეს საშინელია. სასიკვდილო. ბავშვებმა მაიძულეს უკეთესი გავმხდარიყავი. უფრო სწორედ, ჩემში ღრმად ჩაფლული ადამიანური გრძნობები ამოატივტივეს.
- დაქორწინების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავთ?
-საკუთარ თავს ცოლის ამპლუაში ვერ ვხედავ. ცხოვრებაში დგება რაღაც მომენტი, როცა ბიოლოგიურად სხვა ადამიანად იქცევი. მეც ასე მომივიდა. მიყვარდა, მიზიდავდა მამაკაცები. ვოცნებობდი მამაკაცებზე. ყველაფერი მაღელვებდა, რაც მათ უკავშირდებოდა. ახლა - არა. ამაში არის გარკვეული თავისუფლება, თუმცა სიყვარულის ახლაც მჯერა. ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებას რაღაც აკლია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რაც არ მენატრება, ეს ძველი განცდებია. ჩვენ ხშირად გვაშინებს გახსნა, რა დონეზე გავიხსნათ, როგორ აღიქვამს ამას ჩვენი რჩეული. მოეწონება ეს თუ არა. ვეყვარებით თუ არა. ეს ძალიან საშიში ტერიტორიაა. განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანისთვის. ამ მხრივ კაცები ქალებისგან დიდად არ განსხვავდებიან.
- მაგრამ ბევრი თქვენი კოლეგა თქვენს ასაკში პოულობს ცხოვრების მეგზურს, თუნდაც წარმატების გარანტიის გარეშე.
- ვიცი, მაგრამ მამაკაცები უკვე აღარ მიყურებენ ... როგორც მამაკაცები. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მე რომ მათ ვუთხრა: 8-ზე ჩემთან პაემანი გაქვს, მანამდე რაც გინდა აკეთე-მეთქი. ხომ მაგარია? ასეთ შემთხვევაში, თაყვანისმცემლების მთელი არმია გამოჩნდებოდა.
- თქვენ თქვით, რომ კოლექციონერი ხართ. რას აგროვებთ?
-უძრავ ქონებას, ქუდებს, წიგნებს. ჩემს სახლში ბევრი ჰაერი და სივრცეა. ბავშვებს ბევრი ადგილი აქვთ, რომ სახლში ყოფნა უხაროდეთ და ყველაფერი თავდაყირა დააყენონ. აქ ჩემი წიგნებისთვისაც ბევრი ადგილია. ბიბლიოთეკაში ჭერზე აბრა გავაკეთე, რომელზეც წერია: ”თვალი იმას ხედავს, რაც გონებამ იცის!"