დიდ ბრიტანეთში ”რკინის ლედის” გადაღებები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ”რკინის ლედის” გადაღებები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის - "რკინის ლედის" გადაღებები დაიწყო. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი მერილ სტრიპი ასრულებს. ფილმის რეჟისორი კი ფილიდა ლოიდია.

ბრიტანეთის პოლიტიკის ცოცხალი ლეგენდის მეუღლეს, ფილმში ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროდბენტი ("მულენ რუჟი!", "აირისი" და "ბრიჯიტ ჯონსის დღიური") განასახიერებს.  

სურათის შემქმნელთა თქმით, ფილმი გამოჩენილი და რთული ადამიანის - მარგარეტ ტეტჩერის, ბრიტანეთის ისტორიაში ერთადერთი პრემიერი ქალის ისტორიას ასახავს, რომელმაც "პოლიტიკური ბარიერები დაანგრია და მთელი სამყარო აალაპარაკა, სადაც მხოლოდ მამაკაცები ლიდერობდნენ".

როგორც მერილ სტრიპი აცხადებს, ის მოხიბლულია "ამ შესანიშნავი ქალბატონის განსახიერების" პერსპექტივით. "როლის გათავისებას იგივე ენთუზიაზმითა და გზნებით ვცდილობ, როგორიც ტეტჩერის ცხოვრებას სდევდა თან, - აღნიშნავს სტრიპი, - იმედს ვიტოვებ, რომ ამისთვის სასიცოცხლო ძალები მეყოფა".

ტაბლოიდმა Deadline "რკინის ლედის" როლში მსახიობის ფოტო უკვე გამოაქვეყნა. ფილმი გაქირავებაში 2011 წელს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ზაფხულში ტეტჩერის შვილები ფილმის სცენარმა აღაშფოთა - მათი თქმით, ფილმში ტეტჩერი გონებასუსტ მოხუცად არის წარმოდგენილი, რომელიც საკუთარ კარიერას სევდით იხსენებს. რკინის ლედის" სცენარში არის ადგილები, სადაც ტეტჩერი საკუთარ თავს ესაუბრება და არ ახსოვს, რომ მისი მეუღლე დენის ტეტჩერი გარდაცვლილია.

ფილმის შექმნელებმა დაადასტურეს, რომ სცენარში მოქმედება აწმყო დროში ვითარდება და 85 წლის ბარონესა ტეტჩერი თავისი პოლიტიკური ტრიუმფის პერიოდს, ასევე უჩვეულო კარიერის დასასრულს იხსენებს. "ფილმი ძალაუფლებისა და იმ საზღაურის შესახებაა, რასაც ძალაუფლებისთვის იხდიან. ამ თვალსაზრისით, ეს ნებისმიერი ადამიანის ისტორიაა, რომელიც იძულებულია პირადი ცხოვრება და კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს", - განაცხადა სტუდია "პატეს" აღმასრულებელმა დირექტორმა კემერონ მაკკრეკენმა.

ფილმში ასევე ნაჩვენებია, რომ ტეტჩერს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამას ის დელიკატურად მალავდა. "სცენარი, რა თქმა უნდა, გამოგონილია, თუმცა რეალობასთან ძალიან ახლოს არის", - აცხადებს კემერონ მაკკრეკენი.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Deadline-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება