საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გუდიაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება. მხატვრის ეს ნამუშევარი, სავარაუდო სახელწოდებით "დღესასწაული მდინარის პირას", ხელოვნების სასახლეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურმა საბავშო თეატრმა გადასცა.
თეატრის დირექტორის მიხეილ ანთაძის თქმით, ლადო გუდიაშვილის ეს ტილო მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის "ქართულ დღესასწაულთა განყოფილება"-ში იქნება დაცული. მუზეუმისთვის მხატვრული ტილოს გადაცემის ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა.
როგორც ანთაძემ ცერემონიაზე აღნიშნა, დიდი ზომის უნიკალური ტილო მხატვარმა 1946 წელს შეასრულა და თეატრმა 1950 წელს ლადო გუდიაშვილის გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინა. ნახატი ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. იგი არ მოხვედრილა არცერთ კატალოგსა და სამუზეუმო ცნობარში.
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ აღნიშნა, რომ ნამუშევარი მუზეუმის საგანძურისათვის უდიდესი შენაძენია, რადგან საუკუნოვან შენობაში გუდიაშვილის თეატრალური მხატვრობის ყველაზე დიდი ფონდია წარმოდგენილი. აქ თავმოყრილია ცნობილი მხატვრის კოსტუმების ესკიზები, პეიზაჟები, სახალხო დღესასწაულების ამსახველი სურათები, დეკორაციის გაფორმება და სხვა.
მუზეუმისათვის გადაცემული ნამუშევარი სასახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სხვადასხვა ექსპოზიციებსა და საერთაშორისო გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, საზოგადოებას წარედგინება ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ახალი ყოველთვიური ჟურნალი "mozART"-ი, რომელიც ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკრეტული თეატრის მიერ გამოცემული პირველი თეატრალური ჟურნალია.