"სამსახურში ფაეტონით და არღნით მომადგა, ხელში წითელი ვარდი ეჭირა და ყვიროდა: "ნანუკა, მიყვარხააარ!"

"სამსახურში ფაეტონით და არღნით მომადგა, ხელში წითელი ვარდი ეჭირა და ყვიროდა:  "ნანუკა, მიყვარხააარ!"

ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი დაბრუნებული იყო ეგვიპტიდან, როცა მას ინტერვიუს ჩასაწერად შევხვდით. ნამზეური, ახალი ვარცხნილობა, საგრძნობლად გამხდარი... მოკლედ, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

- ბედი! - აი, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს. მთავარია, საჭირო ადგილზე საჭირო დროს მოხვდე. როდესაც ხელმძღვანელი შენიშვნას მოგცემს, შეურაცხყოფად არ უნდა მიიღო და მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლო. "კურიერში" დიდხანს ვიყავი პრაქტიკანტი და პოპულარულ ადამიანებს დავდევდი. მინდოდა, მეც ცნობილი გავმხდარიყავი. პოპულარობის მოსახვეჭად ხალხი უნდა ალაპარაკო, თუმცა შავი პიარის მომხრე არ ვარ. ევროპაში რომ მეცხოვრა ან ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ვყოფილიყავი, მეც საჯაროდ ვიტყოდი, ლესბოსელი ვარ ან ნათესავმა გამაუპატიურა-მეთქი, მაგრამ საქართველოში უმჯობესია, თეთრი პიარი გქონდეს.

- ნანუკა, ბევრს ვეღარ წარმოუდგენიხარ საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად...

- ზოგჯერ მენატრება პოლიტიკური ჟურნალისტიკა, თუმცა ეს ამპლუა ჩემთვის წყევლაა. მე ის ვარ, რაც ვარ ჩემს შოუში! თამაში რომ დამეწყო, შეიძლება რეიტინგი მქონოდა, უამრავი მაყურებელიც მყოლოდა, მაგრამ არავის ვეყვარებოდი. მე კი მსურს, მაყურებელს ვუყვარდე. მსახიობი არ ვარ, ისე ვითამაშო, რომ არაფერი გამეპაროს. ამით მაყურებელს ვეუბნები, რომ რაღაც მეც მეშლება. მონოლოგის ჩაწერისას დაშვებულ შეცდომებს არ ვჭრი, არ გატყუებთ და გეუბნებით: ეს ვარ, რაც ვარ!

- როგორ შეაფასებთ ქართულ ჟურნალისტიკას?

- თუ ჟურნალისტურ სტანდარტებს გულისხმობთ, ტენდენციურობა მედიაში გუშინაც იყო, დღესაც არის და ხვალაც იქნება. სამწუხაროდ, ყველა დროში იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც დაკვეთას ასრულებდნენ და ფულს იღებდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც უბრალოდ ხათრით აკეთებდა ამას. რა თქმა უნდა, ყველა ჟურნალისტის ამ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ, ჟურნალისტური სტანდარტები ყველა დროში ირღვეოდა, მაგრამ იყვნენ და არიან ჟურნალისტები, ვინც ამ სტანდარტების შენარჩუნება მოახერხა. 

- როგორ ფიქრობ, მოიპოვე მაყურებლის სიყვარული?

- 2010 წელს სამი ჯილდო ავიღე. ერთ-ერთი ნომინაცია იყო "ვინ მინდა, იყოს ჩემი მეკვლე." სასურველი მეკვლის ნომინაციაში გამარჯვება ყველაზე მეტად გამიხარდა. ამ ადამიანების თვალში კარგი ადამიანი თუ არა, "ჯიგარი" მაინც ვარ. რაც ძალიან მახარებს.

- ტელეწამყვანებს ხშირად აქილიკებენ არასწორი ქართულით მეტყველების გამო...

- ყველაფრის მიუხედავად, მადლობა მაყურებელს, რომ არ ვაღიზიანებ! საქართველოში გამართული ქართულით ძალიან ცოტა ლაპარაკობს. ვიცი, რომ სწორი ქართულით არ ვმეტყველებ. უნაკლო არ ვარ! თუ მაყურებელს არ ვეტყვი, რომ ესა და ეს ნაკლი მაქვს, თვითონვე გამაკრიტიკებს. როდესაც საჯარო პირი ხდები, შენი პირადი ცხოვრების ბევრი დეტალი დამალული არ უნდა იყოს. შენ მიმართ კითხვები ჩნდება, რომლებსაც უნდა უპასუხო. თუ არ გსურს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, უმჯობესია, შინ დაჯდე და ლობიანი გამოაცხო. თუმცა არსებობს კითხვები, რომლებიც არ უნდა დასვა. ჩემი რესპონდენტების შესახებ უამრავი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს არ ვეკითხები, ზღვარს არ გადავდივარ და ჩემს მაყურებელს ყოველთვის ვეუბნები, რა არის მტკივნეული თემა, რომელსაც არ უნდა შევეხო, რადგან ზედმეტი გულწრფელობაც ამაზრზენია.

- ის ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, მწყრალად არიან ხელისუფლებასთან, ხშირად ამბობენ, რომ სატელევიზიო გადაცემებში აღარ გვიწვევენ და ეთერში ერთსა და იმავე სახეებს ატრიალებენო. ამ მხრივ არის თუ არა შეზღუდვა შენს შოუში?

- როცა ნატო მეტონიძეს ან ნატო მურვანიძეს ვიწვევ ჩემს შოუში, პოლიტიკურად ვის მხარეს დგანან ეს ადამიანები? როდესაც მამუკა ჩარკვიანის კონცერტი მიმყავს, ეს რას ნიშნავს? ულამაზესი მაკა ასათიანი, რომელიც ოპოზიციის მიტინგებზე იდგა, ჩემი შოუს ერთ-ერთი პირველი სტუმარი არ იყო? პირადი ინტერესებით განვსაზღვრავ თუ არა ჩემი შოუს სტუმრებს? - განვსაზღვრავ! ეს მეტყობა კიდეც და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირადი საავტორო შოუ და არა - პოლიტიკური ტოქშოუ! პოლიტიკური ნიშნით რომ არ ვარჩევ რესპონდენტებს, ეს ორი წლის განმავლობაში დავამტკიცე. ნათელა მაჭავარიანი მყავდა გადაცემაში და რომელ პოლიტიკურ ნიშნებზე მელაპარაკებით? წლის ბოლოს ამ ადამიანს გადავეცი ჯილდო - "ქალი, რომელმაც მწუხარების ჟამსაც შეინარჩუნა ღირსება". პოლიტიკა და პოლიტიკურად ანგაჟირებული თემების გაშუქება რომ არ მსურდა, იმიტომაც ვარ ჩემთვის. ჩემი შოუ ჩემთვის სამოთხეა.

- თუმცა ბევრი იმასაც ამბობს, რომ "ნანუკას შოუში" არ მივალთ და გულახდილი ადამიანების როლის თამაშს არ დავიწყებთო...

- თამარ ჭოხონელიძემ, ზურა ყიფშიძემ და სხვებმა გულახდილობა ითამაშეს? თუ ვინმე აპირებს გულახდილი ადამიანის თამაშს, ურჩევნია, ჩემს შოუში არ მოვიდეს. გულახდილობას ვერ ითამაშებ, გულახდილი ან ხარ, ან არა..

- მაია ასათიანის გადაცემა "პროფილს" როგორ შეაფასებ?

- მაიას "პროფილი" ჩემი შოუსგან განსხვავდება. ისე, ჩემსა და ვანო ჯავახიშვილის შოუში უფრო ვხედავ მსგავსებას. ორივე მაყურებლის განწყობაზე ვართ ორიენტირებულნი: მე - შოუს ელემენტებით, ვანო - იუმორით. ვუყურებ თუ არა მაია ასათიანის გადაცემას?

- ვერა, რადგან ჩემი შოუს ჩაწერა ხუთშაბათს მაქვს, თუმცა "პროფილის" ანონსი ყოველთვის ვიცი. მაიას გადაცემა ძალიან რეიტინგულია, რაც ანგარიშგასაწევია. ვეთანხმები თუ არა თვალსაზრისს, რომ მაიას გადაცემა "გოიმურია", ჩემი კი "სვეტსკი"? - არა, რადგან სიტყვა "სვეტსკი" მეზიზღება. სნობი არ ვარ და ბრენდებზე არ ვგიჟდები. თუ არ გჯერა, ახლავე გიჩვენებ ჩემი სამოსის იარლიყებს. გადაცემაში კი ყოველთვის ქართველი დიზაინერები მმოსავენ. წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ყველა ის დღე მიყვარს, რომელიც წყალტუბოში გავატარე. არც 53-ე სკოლა დამიმთავრებია და არც ვაკეში გავზრდილვარ, სხვათა შორის, არც სნობი ვაკელი მეგობრები მყოლია. ვიღაცას "ნანუკას შოუ" მოსწონს, ვიღაცას - "პროფილი".

მომწონებია თუ არა მაიას იდეები? - მომწონებია, ზოგჯერ არ მომწონებია. ისევე როგორც მაიას ჩემი გადაცემა. რას არ გავაკეთებდი? მაიას იმ შოუს, რომლითაც ახალი სეზონი გახსნა, "ტაშ-ტაშ-ტარამ-ტარამს" ვგულისხმობ. ისევე როგორც მაია არ გააკეთებდა ბევრ ჩემს გადაცემას. მაქვს თუ არა მასთან ურთიერთობა? - მაქვს. ვესაუბრები თუ არა ტელეფონზე? - ვესაუბრები. ჩემი ბიუჯეტი რამდენია? - გაცილებით ნაკლები, ვიდრე მაია ასათიანის გადაცემის. ისე, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩემი შოუ რეგიონებში უფრო პოპულარულია, ვიდრე თბილისში, მაიას "პროფილი" კი - პირიქით.. სხვათა შორის, ყველაზე მეტი რეიტინგი სამეგრელოსა და სვანეთში მაქვს. რატომ? ჟორჟოლიანი ვარ და მეგრელების რძალი (იცინის).

- შენს ბოლო გადაცემაზე, რომელიც გუდაურში გადაიღეთ, ამბობენ, რომ ძალიან ძვირი დაგიჯდათ... იმასაც ამბობენ, რომ თქვენი კოლექტივიდან დაწყებული, სტუმრებით დამთავრებული სამი დღე-ღამე სასტუმროში ცხოვრობდით, თოვლი კი მთიდან ჩამოიტანეთ და გადასაღებ მოედანზე გაშალეთ...

- ალბათ, მეხუმრები... თუ კადრში მიწა ჩანდა და თოვლი მივაყარეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თოვლი ჩამოვიტანეთ. უბრალოდ, ყინულის სტუდიის გასაკეთებლად ირგვლივ მოვფხიკეთ თოვლი და ასე გავაკეთეთ. სასტუმრო "გუდაურში" კი ერთადერთი ღამე გავატარეთ, ისიც სტუმრების გარკვეულ ნაწილთან ერთად, თანაც ეს იყო ბარტერი. ერთი თეთრი არ გადაგვიხდია. სამაგიეროდ, ჩემს შოუში ამ სასტუმროს და მთლიანად გუდაურს რეკლამა გავუკეთეთ. ანუ, ეს გადაცემა გაცილებით იაფი დაგვიჯდა, ვიდრე თბილისში მიჯდება გადაცემის მომზადება. თბილისი ჭორების ქალაქია. მექსიკაში წავედი გადაცემის მოსამზადებლად და თქვეს, ნანუკა და ირაკლი კოდუა ქვეყნიდან გაიქცნენო.

ახლახან ეგვიპტეში ვიყავით და იგივე ითქვა. არადა, თუ გაქცევაა, ამერიკაში გავიქცევი (იცინის). შემდეგ კვირას ეგვიპტეში გადაღებული გადაცემა გავა ეთერში. ამიტომ ჭორებს დავასწრებ და გეტყვით, ესეც ბარტერი იყო. ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ წაგვიყვანა და ეს გადაცემაც ნული თეთრი დაგვიჯდა. ეს გადაცემა მოვამზადე პარალელების გავლებით ტელესერიალზე "სექსი დიდ ქალაქში". წავიყვანე 4 მშვენიერი ქალბატონი: ინგა გრიგოლია, ეთერ კაკულია, ნანული სარაჯიშვილი, დოდოშკა ხურცილავა და დავათვალიერებინე ეგვიპტე. გარდა ამ ქალბატონებისა, ეგვიპტეში წაყვანილი მყავდა მშობლები, ძმა, რძალი და ჩემი შვილი მარიამი. ჩემმა მეუღლემ, ერეკლემ მოუცლელობის გამო მხოლოდ 2 დღით მოახერხა ჩვენთან ჩამოსვლა.

- შარშან ზაფხულს, ვენაში, სადაც გიგი უგულავას მეუღლე მშობიარობდა, ქართველ პოლიტიკოსებთან და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად შენ და შენი მეუღლეც იმყოფებოდით...

- ამის შესახებ თქვენს გაზეთში წავიკითხე. ვენაში გასართობად არავინ ჩავსულვართ, თორემ დასამალი რაა. გასართობადაც ჩავსულვარ და კარგი დროც მიტარებია. რეალურად ის ადამიანები, ვინც თქვენი კორესპონდენტის მიერ გადაღებულ ფოტოებზე იყვნენ ასახული, თავიანთ საქმეზე იმყოფებოდნენ ვენაში. მე - ჯანმრთელობის გამოსაკვლევად და, ბუნებრივია, ეს ვიზიტი გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის მშობიარობას დავამთხვიე. ლელა ჩემი მეგობარია. გარდა ამისა, გვანცა დარასელიასა და მის მეუღლეს ირაკლიმ საქორწინო საჩუქარი მიუძღვნა და ვენაში სამი დღით დაპატიჟა.

- შენი შვილი - მარიამი როგორ მოხვდა ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან"?

- არ მსურდა მარიამის პოპულარობა. მე პოპულარობამ ბევრი ცუდი მომიტანა, ბევრჯერ მატკინა გული. როდესაც ამ ტელესერიალის კასტინგი დაიწყო, ირაკლი კაკაბაძეს ვთხოვე, ჩემი შვილიც "დავტესტოთ"-მეთქი... შემთხვევით დაამტკიცეს ეპიზოდურ როლზე, შემდეგ კი როლი გაუგრძელეს.. თუმცა მარიამს მსახიობობა არ სურს და, საერთოდ, არ სურს ცნობილი სახე იყოს. მარიამი მალავს, რომ ჩემი შვილია, რაც ძალიან მახარებს. ახლაც დედაჩემთან იზრდება. ისედაც ეყოფა ბავშვობაში მიღებული ტრავმა და მინდა, ბებია მისი იყოს. ჩემს პატარა საბას კი ძიძა, მე და ირაკლი ვზრდით. ირაკლი უფრო კარგი მამაა, ვიდრე მე - დედა. ყველაფერს ასწრებს, შვილებსა და შვილიშვილზე დროს სწორად ანაწილებს...

- მარიამს პოპულარობამ რამე ცუდი მოუტანა?

- ჯერჯერობით ვისხლეტ ამ ყველაფერს. არ მსურს, მარიამსაც ისე მოექცნენ, როგორც მე. ვგულისხმობ იმ ამბავს, როდესაც ერთ-ერთმა გაზეთმა (თქვენმა - არა) ვენაში ჩემი გამგზავრების მიზეზი და ჩემი ჯანმრთელობის დიაგნოზი გამოაქვეყნა. წარმოიდგინეთ, არ ვიცი, სიმსივნე მაქვს თუ არა, მეორე ოპერაცია დამჭირდება თუ არა, ამ ყველაფერს ბავშვს ვუმალავ და ამ დროს ამ გაზეთმა ეს ყველაფერი გამოამზეურა. საბედნიეროდ, დადებითი პასუხი მომივიდა ვენიდან, მაგრამ ამ გაზეთმა, რომლის სახელსაც არ ვიტყვი, საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. მას შემდეგ ყველა ჟურნალ-გაზეთს აღარ ვაძლევ ინტერვიუს.

- ერეკლე ყოველთვის განებივრებს სიურპრიზებით...

- იცი, ბოლოს როგორი სიურპრიზი მომიწყო? სამსახურში ფაეტონით და არღნით მომადგა, ხელში წითელი ვარდი ეჭირა და ყვიროდა "ნანუკა, მიყვარხაააააარ!". ძალიან ბევრი ვიცინე. მითხრა, ახლავე წამოდი, შინ ფაეტონით მივდივართო... ძლივს გადავაფიქრებინე, რადგან მეორე დღეს სრულიად საქართველო ილაპარაკებდა, რომ შევიშალეთ.

- ყოფილი მეუღლე თუ გეხმიანება?

- როდესაც მე და ირაკლიმ ერთად დავიწყეთ ცხოვრება, ჩემი წარსულის თემა დავხურეთ და აღარასოდეს შევეხებით.

- სხვათა შორის, ირაკლიზე ხშირად ამბობენ, ნანუკას ღალატობს, 17 წლის საყვარელი ჰყავსო და ა.შ.

- (იცინის) 18 წლის გოგოს არ ვგავარ?! ისე დავიკელი წონა, რომ ნამდვილად ვგავარ პატარა გოგოს... ეს თემა არასდროს ამაღელვებს. ჩემს ქმარს ყოველთვის თვალებში ვუყურებ და ვხედავ იმ ნაპერწკალს, რომელიც ჩემკენაა მომართული. ამიტომაც ვარ მშვიდად. როდესაც ამ ნაპერწკალს ვეღარ დავინახავ, თვითონვე მივხვდები, რომ საქმე კარგად ვერ არის. ამ ეტაპზე კი ირაკლის თვალებში ეს ნაპერწკალი იმხელა დოზითაა, რომ, სულ ცოტა, 5 წელიწადს მაინც მეყოფა.

- პლასტიკური ოპერაცია არ გაქვს გაკეთებული?

- არა, თუმცა შუბლზე გავიკეთებდი. ბოტოქსი მეზიზღება, ამიტომაც ჩემსავე ცხიმს შევიყვანდი შუბლში და მიმიკურ ნაოჭს გავისწორებდი. რაც მთავარია, ზოგიერთივით ამას არ დავმალავ. როდესაც კიდევ დავიკლებ წონას, თუ რამე ზედმეტი დამრჩება, აუცილებლად გავიკეთებ. თუმცა მგონია, რომ არ დამჭირდება. წარბის კორექციასაც კი არ ვიკეთებ.. იცი, მშობიარობის შემდეგ გია გვარამიას ვესტუმრე და ვუთხარი, ტუჩები გამიბერე, თვალები ამიქაჩე, სახე გადამიჭიმე-მეთქი. გიას გაეცინა და მითხრა, ახლა წადი და როდესაც ორსულობის დეპრესია გაგივლის, მერე მესტუმრეო. აღარც მივსულვარ (იცინის).

- ნანობ რამეს?

- ბევრ რამეს ვნანობ... პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობისას ბევრი ადამიანისთვის მიტკენია გული... პირადი ცხოვრების გამო მარიამისთვის დრო დამიკლია და ვნანობ. როდესაც ცხოვრებას ვიწყობდი, ვიეგოისტე და ახლა ვცდილობ ამის გამოსწორებას. პირდაპირი და უხეში ვარ, რასაც არ ვნანობ. პირდაპირობა მირჩევნია ფარისევლობას.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება