ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი კინოს უბრუნდება. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.
"ჩემმა მეგობრებმა ერთ-ერთი კრეატიული სამსახიობო სააგენტოდან ჩემგან მწვანე შუქი მიიღეს. ისინი 7 წლის განმავლობაში მეკითხებოდნენ, როდის შეეძლოთ ჩემთვის სერიოზული შეთავაზება გაეკეთებინათ", - ამბობს შვარცენეგერი.
გუბერნატორობის ვადა შვარცენეგერს 2011 წლის 3 იანვარს ამოეწურა. მან მუშაობა კალიფორნიის შტატისთვის არცთუ ისე სასიამოვნო პერიოდში დაასრულა. აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატი მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, ციხეები გადაჭედილია. შვარცენეგერის რეიტინგი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საგრძნობლად დაეცა.