მოგეხსენებათ, მოდელი ლიკა ორჯონიკიძე ასევე მოდელის, ნინო ორდენიძის რძალი და შესაბამისად, ირაკლი ორდენიძის მეუღლეა. წყვილი უკვე წელიწადზე მეტია ერთადაა და თავს ბედნიერად გრძნობს. ამჯერად გადავწყვიტეთ, ლიკას ხასიათის შტრიხები გაგვეგო და მასთან ინტერვიუ ამ თემაზე ჩავწერეთ.
-ლიკა, დაახასიათე საკუთარი თავი...
-(ფიქრობს) არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ერთადერთი, რაც არ შემიძლია, ტყუილის თქმაა, მგონია, ჩემს ტყუილს ცუდი რაღაც უნდა მოჰყვეს. მიამიტი და ემოციური ვარ, შეიძლება, ვიღაცის ცუდი ისე განვიცადო, იმ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდე, გარდა ამისა, გულჩვილობითაც გამოვირჩევი.
-ხშირად ტირი?
-ვინაიდან გულჩვილი ვარ, ვტირი კიდეც (იღიმება), ადვილად მეცოდება ადამიანი.
-რა გაბრაზებს, რას გამოჰყავხარ წყობიდან?
-შეიძლება, ზედმეტმა ლაპარაკმა, საკუთარი თავის უაზრო ქებამ გამაბრაზოს და გამაღიზიანოს, წყობიდან ვერაფერი გამომიყვანს.
-საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ?
-კი, ძალიან და ხშირად მეუბნებიან, არ უნდა იყო ასეთი კრიტიკულიო.
-ვისგან არის შენიშვნა და კრიტიკა შენთვის მისაღები?
-ალბათ ოჯახის წევრებისგან, ირაკლისგან.
-გასაგებია, რომ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ, სხვებსაც აკრიტიკებ?
-ნაკლებად, რადგან სხვების განსჯა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს.
-მიუხედავად ამისა, ვინაიდან ცნობილი ადამიანი ხარ, ალბათ კრიტიკაც გესმის შენ შესახებ და ჭორებიც...
-სიმართლე გითხრათ, არ გამიგია ისეთი ჭორი, რომელიც გამაღიზიანებდა, შეიძლება მე თვითონ ვარ ისეთი ადამიანი, რომ არ ვაძლევ ვინმეს საბაბს, რაღაცები მომიგონონ და ილაპარაკონ, იმიტომ, რომ ყველასთან ვცდილობ, დისტანციური დამოკიდებულება მქონდეს, არც ძალიან გადავყვები ვინმეს და ცუდსაც არავის გავუკეთებ. არ მიყვარს ისეთი ადამიანები, ყველასთან რომ იხსნებიან და არის თუ არა საჭირო, ყველაფერს ლაპარაკობენ.
-ანუ მიმნდობი არ ხარ?
-არა, ნამდვილად არა.
-ალბათ იმედგაცრუებაც ნაკლებად გექნება...
-კი, ასეა.
-გასაჭირსა და პრობლემებზე ვისთან ლაპარაკობ, ვისთან იხსნები?
-უფრო მეგობრებთან. სიმართლე გითხრა, ისეთი გასაჭირი არ მქონია, საგონებელში რომ ჩავეგდე და გამოსავლის ძებნით თავი ამტკივებოდეს.
-მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ მეგობარი თუ დაგიკარგავს?
-არა, არავისთან დამიმთავრებია ურთიერთობა ჩხუბით, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი და არ არსებობს, ადამიანთან ისე ვიკამათო, რომ დავკარგო, შეიძლება, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ისეთივე მეგობრები მყავს, როგორიც მე ვარ.
-თუ შეგიძლია ნებისმიერ დროს, თუნდაც მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ხარ, მოუსმინო და ანუგეშო მეგობარი?
-კი, შეიძლება ყოველთვის კარგ ხასიათზე არ იყო, მაგრამ თუ მეგობარს სჭირდება, უნდა მოუსმინო, ანუგეშო და რჩევაც მისცე.
-ოდესმე დეპრესიაში თუ ყოფილხარ?
-არა, ალბათ იმიტომ, რომ ოპტიმისტი ვარ. საერთოდ, მგონია, რომ დეპრესიაში ადამიანი თვითონ იგდებს თავს, როცა ფიქრობს, რომ ცუდადაა და აღარაფერი ეშველება. ვფიქრობ, დეპრესია სუსტი ადამიანების თვისებაა.
-შენ როგორ ადამიანად მიგაჩნია თავი?
-ვერ ვიტყვი, ძალიან ძლიერი ვარ-მეთქი, მაგრამ სუსტიც ნამდვილად არ ვარ, რადგან შემიძლია, გარკვეული პრობლემები გადავიტანო და გადავხარშო, ვცდილობ, სიტუაციიდან გამოსავალი იოლად ვიპოვო.
-ლიკა, თუ გაქვს რომელიმე ნივთი ამოჩემებული და თილისმის დატვირთვას თუ ანიჭებ?
-თილისმა არ მაქვს, მაგრამ ჩანთა, საათი და ბეჭედი არის ის, რის გარეშეც თითქმის არასდროს გავდივარ შინიდან.
-დაასახელე სამი ადამიანი, ვის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია...
-ირაკლი, დედაჩემი და ბებიაჩემი.
-როგორ ფიქრობ, როგორი შვილი ხარ?
-ვფიქრობ, კარგი. ჩემი ბევრი მეგობრისგან გამიგია, მშობლებს ატყუებენ და კიდევ ათას რამეს აკეთებენ, მე კი ასეთ რამეს არ ვაკეთებ და არც ისეთი რამ გამიკეთებია, რისიც ჩემს მშობლებსა და ახლობლებს შერცხვებათ და გული ეტკინებათ.
-ალბათ ეს ოჯახის წევრებისგანაც მომდინარეობს?
-კი, ასეა. ალბათ ადამიანი დროთა განმავლობაში ისეთი ხდება, როგორი ოჯახის წევრები და ახლობლებიც ჰყავს.
-რას შეცვლიდი, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს?
-ალბათ არაფერს.
-ანუ კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს?
-კი, ასეა.
-რა მიგაჩნია შენი ცხოვრების შეცდომად? რას ნანობ?
-არაფერს და ალბათ სწორედ ამიტომ არ შევცვლიდი არაფერს ჩემს ცხოვრებაში.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)