"გული მწყდება, რომ ფილმში "მზე შემოდგომისა" გუდიაშვილის ცეკვის სცენა ხანმოკლეა"...

"გული მწყდება, რომ ფილმში "მზე შემოდგომისა" გუდიაშვილის ცეკვის სცენა ხანმოკლეა"...

ფოტო შეჩერებული წამია, მაგრამ მის მიღმა გარკვეული მოგონებებია მეხსიერებაში დალექილი. სწორედ ასე ხდება ბავშვობიდან დღემდე განცდილი ემოციების "მოტანა". საზოგადოებისთვის ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ფილმების რეჟისორის, პედაგოგ თემურ ფალავანდიშვილის ცხოვრებისთვის თვალის გადავლება სწორედ იმ "კადრებიდან" დავიწყეთ...

- ჩემი პირველი მოგონება ოთხი წლიდან იწყება. მე და დედა ლიკანში ვიყავით და მახსოვს, როგორ გავრბოდი პარკში, დედა მომდევდა და ვითომ ვერ მეწეოდა, ასე ვთამაშობდით. ბავშვობაში ბაყაყებისა და ხვლიკების დაჭერა მიყვარდა. იქ ერთი აუზი იყო, რომელშიც წყალი არ ესხა. აუზში ბაყაყის დასაჭერად ჩავედი, ფეხი გამისრიალდა და თავი ვხეთქე. სერიოზული არაფერი, მაგრამ მახსოვს, ხმამაღლა ვჩხაოდი (იღიმის).

- როგორ ჩანს, ქვეწარმავლების არ გეშინოდათ...

- მაშინ არა, მაგრამ ახლა რომ მომკლა, ბაყაყს ხელს ვერ მოვკიდებ. ეს ამბავიც ალბათ უფრო თავის გატეხის გამო დამამახსოვრდა, ბავშვობის მოგონებები ხომ ემოციურ აღქმებთან არის დაკავშირებული.

- დედმამიშვილი?..

- მამა ყირიმის ფრონტზე დაიღუპა. მერე დედა ცოლად გაჰყვა ჩემს მამობილს - სიკო დოლიძეს. მასაც შვილი თემური ჰყავდა, დოკუმენტალისტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მოგვიანებით გაჩნდა ქეთიც და სიკოს დიდ ოჯახში ჩვენ სამნი ერთად ვიზრდებოდით.

- სამივემ ერთი ცხოვრებისეული გზა აირჩიეთ, მაგრამ მანამდე სკოლის პერიოდის გახსენებას გთხოვთ...

- ჩემი შვილებისგან განსხვავებით, რამდენიმე სკოლა არ გამომიცვლია. პირველი კლასიდან ბოლომდე ერთ სკოლაში, 55-ე სკოლაში ვსწავლობდი. ის თავიდან მე-6 ვაჟთა გიმნაზია იყო და გოგონებთან IX კლაში შეგვაერთეს.

- იპოლიტეს სკოლა...

- დიახ, ცნობილი იპოლიტეს სკოლა. ის ფანტასტიკური პიროვნება გახლდათ. სასაცილო ის იყო, როცა მან ყველა კლასში გაიყვანა რეფორატორი, რომელიც როგორც მიკროფონი, ისე მუშაობდა. ჩართავდა და რომელიმე კლასში თუ ხმაური იყო, მას კაბინეტში ესმოდა. ამ გამოგონებას დიდხანს არ უმუშავია, ბავშვებმა მოშალეს.

- სკოლაში ხშირად გსჯიდნენ?

- არა, იშვიათად, კარგი მოსწავლე ვიყავი. იპოლიტესთან დაკავშირებით ერთი მოგონება მაქვს. VIII-IX კლასში ვიყავით, როცა ბარნოვზე კინოთეატრი "ყაზბეგი" გაიხსნა. რასაკვირველია, როგორც კი რამე კარგი ფილმი გამოვიდოდა, შატალო გამოწერილი იყო. ერთხელ რაღაც ახალი ფილმი გადიოდა, სადაც გოგონები ყინულზე მოკლე ქვედაბოლოებში ჩაცმულები ცეკვავდნენ. ეს იმ დროისთვის იშვიათი სანახაობა იყო. შატალოზე სადაც დავდიოდით, იპოლიტემ იცოდა, მოგვადგებოდა ხოლმე, სეანსს გააჩერებდა და სკოლაში გვაბრუნებდა. ამით მთავრდებოდა ჩვენი შატალო. ჩვენ ზემოთ ხსენებულ ახალ ფილმზე ვიყავით, სეანსი ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა დირექტორი დარბაზში შემოვიდა, თვალი გადაგვავლო, ეკრანს შეხედა და გაჩერდა. მან ჩვენთან ერთად უყურა მთელ ფილმს და სეანსი არ შეაჩერა (იღიმის). ჩვენ ფილმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გამოვიპარეთ და იმ დღეს გადავრჩით. როცა დავოჯახდი, იპოლიტე ჩემი მეუღლის - დალის უახლოესი მეგობრის მამა აღმოჩნდა და ოჯახებით ვახლობლობდით.

- ალბათ რეჟისორობაზე ბავშვობიდან ფიქრობდით...

- ამაზე დიდი თავის მტვრევა არ დამჭირვებია, უფროს კლასებში უკვე ვიცოდი, რომ განათლება კინოს კუთხით უნდა გამეგრძელებინა. ჯერ თბილისში ჩავაბარე, მერე სწავლა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე გავაგრძელე. მე და მიშიკო კობახიძე ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, გერასიმოვთან. საინტერესო სახელოსნო იყო იმ კუთხით, რომ რეჟისორები და მსახიობები ერთად ვსწავლობდით. დილიდან საღამომდე ინსტიტუტში ვიყავით. მახსოვს, მესამე კურსზე საკურსოს რომ ვიღებდი, ორი კვირის განმავლობაში პავილიონში დილით სამუშაოდ რომ შევდიოდი, ღამით გამოვდიოდი და ის დღეები მზის შუქი არ მინახავს. ასე რომ, პროფესიული არჩევანი ბუნებრივად მოხდა, მართალია, 1950-53 წლამდე ქართული კინო გარკვეული დროით გაჩერებული იყო, მაშინ ჯერ სიკოს "ჭრიჭინა" გადაღებული არ ჰქონდა, მაგრამ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობდა და ჩვენ - მე და ჩემი ძმა გადაღებებზე დავყვებოდით. "პალტარატონკით" მამასთან ერთად თითქმის მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი.

- თბილისში რომ დაბრუნდით, თქვენი პირველი ნამუშევარი რა იყო?

- სადიპლომი ფილმი "მიმინო", რომელიც გიორგი მდივანის სცენარზე შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს ფილმი დაიკარგა. ეს იყო ფილმი ბიჭისა და მის მიერ გაწვრთნილი მიმინოს მეგობრობაზე. სამწუხაროდ, ჩვენ კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მიხეილ კვესელავას დირექტორობის პერიოდს ვერ მოვესწარით, მომდევნო დირექტორი რატომღაც ახალგაზრდებს არ ენდობოდა. ოთხი-ხუთი წელიწადი ფილმი ვერ გადავიღეთ, მერე, სიტუაცია რომ გამოსწორდა, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ჩამავალი მზე", "გოგონა და ჯარისკაცი", "თეთრი ქვები". ამას მოჰყვა მხატვრული ფილმი "მზე შემოდგომისა". მიუხედავად იმისა, რომ ის ოთხი წელი სხვადასხვა რეჟისორთან ვმუშაობდით, ის დრო მაინც მენანება. როგორც წესი, მოფლიოში ყველაზე საინტერესო ნამუშევრებს რეჟისორები 35 წლამდე ქმნიან. დააკვირდით, ბევრი შედევრი ახალგაზრდა რეჟისორებმა შექმნეს: "ჯავშნოსანი პოტიომკინი", "მოქალაქე კეინი", თუნდაც ჩვენი საუკეთესო ფილმები: რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის "მაგდანას ლურჯა.".

- წლები გადის და დამოკიდებულება, აზროვნება იცვლება. დღეს რომ უყურებთ თქვენს ფილმებს, ამა თუ იმ სც­ენის კორექტირების სურვილი გიჩნდებათ?

- აბსოლუტურად არ მიჩნდება კორექტირების სურვილი, შეფასების მომენტიც არ მაქვს, ეს გამორიცხულია. ჩემს ფილმებს როგორც რიგითი მაყურებელი, ისე ვუყურებ.

- როგორ აფასებდა მამა თქვენს ნამუშევრებს?

- მან ორი ფილმის გარდა ყველას ნახვა მოასწრო. ვატყობდი, სიამოვნებისა და სიამაყის მომენტი ჰქონდა, მაგრამ კრიტიკა რომ დაეწყო, ეს გამორიცხული იყო. არც ჩავარდნის დროს ამბობდა რამეს და არც მაქებდა.

- ხალხს ძალიან უყვარს თქვენი ფილმი "მზე შემოდგომისა". თქვენი აზრით, ქალბატონი მედეას თუ ფილმის შინაარსის გამო?

- ალბათ ორივე მიზეზის გამო. ფილმში კარგი მსახიობების ანსამბლია: მედეა ჯაფარიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, გურანდა გაბუნია... ამ ფილმში რეზომ თავისი მეუღლის, მედეას საოცარი ხასიათი ზუსტად გადმოსცა და აჩვენა.

- ანუ როცა რეზო თაბუკაშვილი სცენარს წერდა, წინასწარ იცოდით, რომ მთავარი გმირის როლი მედეა ჯაფარიძის იქნებოდა?

- რეზომ ზუსტად იცოდა, რას წერდა და ვისთვის წერდა, თუმცა სანამ სცენარი ჩემთან მოხვდებოდა, ეს არ ვიცოდი. გეტყვით, როგორ მოხდა ჩემი და ამ სცენარის "შეხვედრა". რეზო დედაჩემის დეიდაშვილი იყო და ძალიან ვახლობლობდით. კინოსტუდიაში ვიყავი და სანამ სცენარს წავიკითხავდი, მან გასეირნება შემომთავაზა. ძალიან სტუმართმოყვარე კაცი იყო, ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა და ძველ თბილისში ისეთი წერტილები იცოდა, სადაც ისინი დაჰყავდა. მეც ასე მომატარა ის ადგილები და თბილისი სხვა თვალით დამანახვა. ამ ფილმში ხომ ძველი თბილისიც ერთ-ერთი "გმირია"?! თუ გახსოვთ ეპიზოდი, როცა ოთარი დადის და ძველი თბილისის სხვადასხვა ადგილს ხატავს. ელენე ახვლედიანთან შეთანხმებული ვიყავით, რომ ფილმში მისი ნახატები უნდა გამოგვეყენებინა და ამ ხედებს ნახატების მიხედვით ვარჩევდით. ფილმში მხატვრისა და მისი ოჯახის ისტორიის გარდა, ალბათ მაყურებელმა ეს თემაც "წაიკითხა". სატრაბახოდ მაქვს, რომ ამ ფილმის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ, "თბილისობა" დაარსდა და ძველი თბილისის უბნების განახლება დაიწყეს. ეს არ იყო მხოლოდ ყურძნის დაწურვა, ხუთკილომეტრიანი ხაჭაპურის გამოცხობა და ფელამუშის მოდუღება, იმ დროს ძველი ქალაქის განახლებაზე რეალურად ზრუნავდნენ და ეს დადებითი მოვლენა იყო. ჩამოდიოდა გლეხობა, იმართებოდა ბაზრობა. ახლა, რატომღაც დღევანდელ ხელისუფლებას ბაზარი მკრეხელობად მიაჩნია, ყველა ბაზარს დედა უტირეს. მარტო ერთი ნავთლუღის ბაზარი დარჩა, რას ერჩოდნენ?! არადა, ბაზარი ქალაქის კოლორიტია. ტაშკენტის ბაზარში ვარ ნამყოფი, იმდენად კოლორიტული ადგილი იყო, ძველი ვერის ბაზრის ერთ კუთხესაც კი ვერ შევადარებ.

- ქალბატონ ელენესთან ერთად, ამ ფილმში მეორე მხატვარია - ლადო გუდიაშვილი. მისი ცეკვის სცენა ერთ-ერთი უნიკალური კადრია ქართულ კინემატოგრაფიაში...

- ჩვენ ვიცოდით, ბატონმა რეზომ გვითხრა, რომ ეს ცეკვა ლადო გუდიაშვილმა ჟორა შავგულიძეს "ქეთო და კოტესთვის" ასწავლა. გული მწყდება, რომ გუდიაშვილის ცეკვის სცენა ასეთი ხანმოკლეა. მაშინ ვერ წარმომედგინა, რომ სიკვდილი შეიძლებოდა, ასე ახლოს ყოფილიყო. გუდიაშვილი მამასთან ხშირად მოდიოდა, ჩვენთან ოჯახშიც ხშირად სტუმრობდა, მაგრამ მაშინ მომეხათრა, რომ 31 წლის ლაწირაკს გუდიაშვილი მეცეკვებინა. ზუსტად იმდენი ვაცეკვე, რამდენიც ფილმში ჩაჯდა. ნუ ჩაჯდებოდა ფილმში, ჩამეწერა და შემენახა მომავლისთვის. ამაზე გული ძალიან მწყდება. ასეთი რამ სხვა დროსაც მომივიდა. "ჩამავალ მზეში" სესილიასა და ვასილ ჩხაიძეს ვიღებდი. გადაღებების პერიოდს სესილიას დაბადების დღე დაემთხვა. კამერა ფარდის უკან ისე დავმალეთ, რომ ეს მან არ იცოდა. ხანდახან ერთად ვვახშმობდით, იმ დღესაც ოთახში სუფრა გავშალეთ და სავახშმოდ მოვიპატიჟეთ. სესილიამ ოთახის კარი რომ გააღო და სუფრა დაინახა, მიხვდა, რომ ის მისი დაბადების დღისთვის გავშალეთ. კამერის მუშაობის ხმაც შემოესმა, გაკვირვების სცენა გაითამაშა და ამ თამაშ-თამაშში კარგა გვარიანად გვაგინა (იღიმის). ეს ათწუთიანი მონაკვეთიც არ შემინახავს, სადღაც დაიკარგა, არადა, უნიკალური კადრები იყო.

- მინდა გითხრათ, რომ თქვენი 1983 წელში გადაღებული "ჯადოსნური ღამე" ძალიან მიყვარს. რატომ ზღაპარი და საერთოდ ეს თემა?

- ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, რადგან ეს ზღაპარი მეც ძალიან მიყვარს. ზღაპრის სცენარი ნუკრი მამულაშვილს ეკუთვნის, რომელთან ერთად ვმუშაობდი და მან სცენარი ქართულ ფოლკლორზე ააგო. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კინოში სულ სამი ზღაპარია: "ცისკარა", "უკვდავების თეთრი ვარდი" და "ჯადოსნური ღამე". საბავშვო ფილმების დეფიციტი ყოველთვის იყო და ამ ფილმის გადაღებას სირთულეები არ შეხვედრია. ფოლკლორთან სიახლოვე და თავად იდეა, რომ ბუნება ცოცხალია, ხეს, ბალახს სული აქვს, ახლოა ქართულ ცნობიერებასთან. ჩემთვის ეს თემა თავისთავად ახლოს იყო. ამ ფილმზე მუშაობისას ძალიან გავერთეთ. საკმაოდ დიდი ჯგუფი გვქონდა: სამი ძმის როლის შემსრულებლები, ლევან უჩანეიშვილი - ოჩოპინტრე, სოსო ჯაჭვლიანი - იბრუხი და სხვა.

ამ ფილმის ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა, როცა ვილნიუსში ფესტივალზე გაიმარჯვა. საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების ფილმების ჩვენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავარი პრიზი ამ ფილმს მიაკუთვნეს. თურმე ჟიურის წევრები სკოლის მოსწავლეები იყვნენ, VI-XI კლასის ჩათვლით, და ასეთი გადაწყვეტილება მათ მიიღეს. პირველი ადგილი სხვა ფილმს უნდა მიეღო, მაგრამ ბავშვებმა პრინციპულად დაიცვეს თავიანთი გადაწყვეტილება. დავინტერესდი და ამის გასაღები მოვძებნე. როგორც აღმოჩნდა, ბალტიისპირეთის ყველა სკოლაში, პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, კინოს როგორც საგანს ისე სწავლობენ. კინოდარბაზში უჩვენებდნენ ფილმებს და მერე მათი განხილვა ეწყობოდა. ეტყობა, იმ ბავშვებმა ასეთი პრინციპულობა იმიტომ გამოიჩინეს და უფროს თაობას გადაწყვეტილება შესაბამისად დაუსაბუთეს. ჩვენს განათლების სისტემაში ასეთი პროგრამის დანერგვა ურიგო არ იქნებოდა, პირიქით. ბავშვი ქართულ და მსოფლიო კლასიკურ კინოზე თუ გაიზრდება, გემოვნება განუვითარდება. მარტო "ხერხი-3" თუ "ხერხი-7-"ის ყურება ამას ვერ იზამს. ჩემი პროფესიის გამო კინოთეატრში მისვლა ხშირად მიწევს და ამ ბოლო დროს აღმოჩნდა, რომ საოცრად დაბალია მაყურებლის დონე. ხმაური ისმის, გადალაპარაკება, გასვლა-გამოსვლა, ტელეფონზე ლაპარაკი, პოპკორნის ჭამა და "პეფსის" დალევა. ფილმის ყურების კულტურა დაკარგულია.

- მინდა, ესეც გკითხოთ, ბოლო წლების განმავლობაში გადაღებული რომელი ფილმები მოგწონთ ყველაზე მეტად?

- "გაღმა ნაპირი" და "ქუჩის დღეები". აქვე დავასახელებ ალეკო ცაბაძის "რენე მიდის ჰოლივუდში". შესანიშნავი რეჟისურის გარდა, ამ ფილმში მსახიობების ფანტასტიკური ნამუშევარია.

- თქვენი "რაჭა, ჩემო სიყვარულოს" შესახებ რომ არაფერი გვითქვამს?

- ნურც ვიტყვით (იღიმის). "რაჭას" იმდენჯერ უშვებენ, იმდენი კასეტა თუ მეკობრული ვერსიაა გაყიდული, რომ მაგ ფილმზე ლაპარაკი ზედმეტი და შეუძლებელიცაა. პოპულარული ფილმია, სიკეთითა და მეგობრობის გრძნობებით სავსე.

- ყველაზე მეტად მაინც თქვენი რომელი ფილმები გიყვართ და უყურებთ?

- ასე არც ერთს არ ვუყურებ, დროდადრო სტუდენტებთან ერთად მიწევს ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყურება. "ჯადოსნური ღამე" და ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმები უფრო მიყვარს, ვიდრე სხვა, პოპულარული ფილმები, თუნდაც "მზე შემოდგომისა" და "რაჭა, ჩემო სიყვარულო" (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება