მათი სიყვარულის ამბავი მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. სოფო გორელაშვილი როლანდ ოქროპირიძეზე შვიდი წლით უმცროსია. მსახიობი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ხშირად უთმობს ცოლს. წყვილი უკვე ექვსი თვეა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ახლა სოფო ფეხმძიმედაა და ქმარი განსაკუთრებით ანებივრებს.
ახალბედა ცოლ-ქმარს "გამოცდა" შინ მოვუწყვეთ. ინტერვიუ ჯერ სოფოსთან ჩავწერეთ და შემდეგ მისივე თხოვნით ქმრის ინტერვიუს დავასწარით. და მგონი აქ დავუშვით შეცდომა. სოფო მეუღლეს ყველა პასუხს უსწორებდა და მათი კამათის მომსწრეც კი გავხდით.
-რა ეცვა, როცა პირველად ნახე? შენ როგორ გამოიყურებოდი?
სოფო:
-ჯინსი ეცვა და თეთრი პერანგი. მე ზოლიანი მაისური მეცვა ნაცრისფერი ცისფერში და ჯინსის შარვალი.
როლანდი:
-ზოლიანი მაისური ეცვა თეთრი ცისფერში, ჯინსის შარვალი. მეც ჯინსი მეცვა, წითელი ზედა და ფეხსაცმელები.
-ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?
სოფო:
-ვინ გამოტყდებოდა?! ის.
როლანდი:
-მე.
-როგორ გგონია, დიდხანს მალავდა თავის გრძნობებს? შენ?
სოფო:
-არა, როგორც კი დავიწყეთ ურთიერთობა, ყველაფერი ნათელი იყო. მეც მეტყობოდა, რომ მომწონდა, მაგრამ 2-3 თვე ამას არ ვაღიარებდი.
როლანდი:
-არაფერს არ ვმალავდი, როგორც კი მივხვდი, რომ მიყვარდა, მივედი და ვუთხარი, თვითონ არ ვიცი, მალავდა თუ არა.
-ვინ დაიჭირა ქორწილში პატარძლის თაიგული?
სოფო:
-როლანდის ბიძაშვილმა.
როლანდი:
-ჩემმა ბიძაშვილმა. მერე ვნახე დისკზე, თორემ ქორწილში არ დამინახავს.
-ეჭვიანია? მაგალითად, შენს მობილურში "ჩამძვრალა"? შენ?
სოფო:
-საერთოდ არ არის ეჭვიანი. ჩუმად არასდროს აუღია ჩემი ტელეფონი, ჩემი თანდასწრებით -კი, მეც "გამიჩითია" მისი მობილური, მაგრამ არა ეჭვიანობის ნიადაგზე. არც მე არ ვარ ეჭვიანი.
როლანდი:
-უეჭვიანია ზოგჯერ, უკითხავს კიდეც ეს ვისი ეს-ემ-ესიაო, მაგრამ ეჭვიანი არ არის. მე უფრო ინტერესიანი ვარ, ვიდრე ეჭვიანი.
-ქათინაურებით ხშირად ანებივრებთ ერთმანეთს?
სოფო:
-არც ერთი არ ვიშურებთ, თუმცა როლანდი უფრო გულუხვია ამ მხრივ.
როლანდი:
-ზომიერად. ორივე თანაბრად გულუხვები ვართ ამ მხრივ.
-რამდენჯერ ჰყვარებია შენამდე? შენ?
სოფო:
-ახლა ორივეს გვგონია, რომ სანამ ერთმანეთს ვიპოვიდით, მანამდე მხოლოდ გატაცება და მოწონება გვქონდა, მაგრამ მაშინ რომ სიყვარული გვეგონა, ასეთი როლანდს 2-3-ჯერ ჰქონდა, მე -2-ჯერ.
როლანდი:
-(ფიქრობს) ერთი, ორი, ორჯერ -მე, ერთი წამით (ფიქრობს) -3-ჯერ.
-კამათის დროს ვინ თმობს უფრო ხშირად?
სოფო:
-ჩვენთან დათმობასთან ცოტა რთულად არის საქმე (იღიმის). ორივე ვთმობთ. თავიდან უფრო ის მითმობდა, ახლა -მე. ორივე რქიანები ვართ, მაგრამ ერთმანეთის ხასიათს კარგად ვიცნობთ და ერთმანეთის ნერვებს ვუფრთხილდებით.
როლანდი:
-მე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფეხმძიმედ არის, მერე იმიტომ, რომ ჩემზე პატარაა და კიდევ იმიტომ, რომ ქალია. თან მიუჩვეველია იმას, რომ როგორც თვითონ უნდა, ყველაფერი ისე არ კეთდება. ამიტომ ვცდილობ, ხელი შევუწყო და გავანებივრო.
სოფო:
-ასე ამბობს, მაგრამ სინამდვილეში როგორ იქცევა, სხვა საკითხია (იღიმის).
-ბოლოს რაზე იკამათეთ?
სოფო:
-(ფიქრობს) ჩემი მეგობარი ინტერნეტით პოკერს თამაშობდა და იმაზე ვკამათობდით, დაედო თუ არა ფსონი. საერთოდ, უაზრო რაღაცებზე ვკამათობთ.
როლანდი:
-ლობიანი რატომ არ გამიცხელეო, მითხრა.
სოფო:
-ეგ კამათი არ იყო, მე გკითხე, გამიცხელე თუ არა-მეთქი!
როლანდი:
-გამწყრალმა იკითხე!
-ბოდიშის მოხდა ეადვილება? შენ?
სოფო:
-არა. სიტყვა ბოდიშს ვერ ამბობს, თორემ ისე ყველანაირად გაგრძნობინებს, რომ დამნაშავეა და ნანობს. მე უფრო მიადვილდება მასთან შედარებით ამ სიტყვის გამოყენება.
როლანდი:
-ზოგ შემთხვევაში კი, ზოგჯერ არა. მე უფრო მიადვილდება.
სოფო:
-სიტყვა ბოდიშს არ ამბობ არასდროს, საქციელით გამოხატავ ყოველთვის.
-რას გსაყვედურობს ყველაზე ხშირად? შენ რას საყვედურობ მას?
სოფო:
-საღეჭ რეზინს ხმაურიანად ნუ ღეჭავო (იცინის). კიდევ არ მოსწონს, ადვილად რომ მწყინს რაღაცები. მე არ მახსოვს, რას ვსაყვედურობ, მან თქვას.
როლანდი:
-უყურადღებო ხარო, ჩემს სურვილებს არ ითვალისწინებო, მე რაც მინდა, ის გააკეთე და შენ რაც გინდა, სულ იმას ნუ აკეთებო.
სოფო:
-ერთი წუთით! რაო?! მე გეუბნები იმას, რომ ყველაფერს შენს გემოზე და შენი სურვილების მიხედვით რომ აკეთებ, ჩემი სურვილებიც გაითვალისწინე-მეთქი, ხანდახან.
როლანდი:
-მე არ მომწონს, როცა ცუდ ხასიათზეა და ამას ვსაყვედურობ ხოლმე.
-როცა აღვიძებ, ბრაზობს? შენ?
სოფო:
-მე უფრო ვბრაზობ, ძილი მიყვარს. როლანდი არ ბრაზდება.
როლანდი:
-კი, ბრაზობს. არ უნდა დაურღვიო ამ დროს მყუდროება. სიმღერითაც რომ გააღვიძო, მაინც ბრაზობს. მე კი უხეშად როცა მაღვიძებს, მაშინ ვბრაზდები. მაჯანჯღარებს ხოლმე.
სოფო:
-იმიტომ, რომ ღამე მღერის ძილში და ხვრინავს, ამიტომ სამაგიეროს ვუხდი. სხვა შემთხვევაში ასე არ ვაღვიძებ და ნუ ხარ შენ უმადური!
-საოჯახო საქმეებიდან რისი გაკეთება ეზარება ყველაზე მეტად? შენ?
სოფო:
-უთოობა არ ვიცი, არც მიცდია.
-მაშ, ვინ გიუთოებთ ტანსაცმელს?
-როლანდის დედა მოდის ხოლმე... საერთოდ, დიდი კულინარი არ ვარ, არ ვგიჟდები კერძების მომზადებაზე, თუმცა გამიკეთებია და გემრიელი გამომდის. არ მიყვარს ჭურჭლის რეცხვა, როლანდი მეხმარება. გემრიელ კერძებს აკეთებს. გამახსენდა, ტაფების რეცხვა არ მიყვარს, ვერ ვეკარები.
როლანდი:
-ხორცს არ მოჰკიდებს ხელს. სახლის დალაგება შეუძლია, ჭურჭლის დარეცხვაც შეუძლია, სადილის მომზადება უჭირს, მაგრამ ეხერხება.
სოფო:
-უჭირს რას ნიშნავს?! თქვენ ახლა ისეთი ჩხუბის მომსწრე გახდებით... (იცინიან) და ეს იქნება პასუხი კითხვაზე
-ბოლოს რაზე იკამათეთ?
როლანდი:
-იმის თქმა მინდოდა, რომ დიდი კულინარი არ ხარ, თუმცა როცა გიცდია, გამოგდის. რისი გაკეთება ეზარება და... აბაზანაში შესვლა.
სოფო:
-ვაიმე! მე კი ვიცი რა იგულისხმე, მაგრამ მკითხველი ხომ ვერ გაიგებს?
როლანდი:
-არა, იმას არ ვამბობ, ბანაობა არ უყვარს-მეთქი (იცინიან) უბრალოდ, დიდხანს ემზადება შესასვლელად. რომ შეეკითხები, რას აკეთებს, გეტყვის, აბაზანაში შევდივარ, 15 წუთში იმავე კითხვაზე იგივე პასუხი აქვს და ორი საათი ემზადება. ჩემს ნებაზე რომ იყოს, ყველაფერი მეზარება, მაგრამ ყველაფერში ვეხმარები. ჭურჭლის დარეცხვა არ მიყვარს. საჭმელების გაკეთება მირჩევნია.
-ვისთან საუბრობს მობილურით დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად? შენ?
სოფო:
-დედამისთან. მე ჩემს მეგობართან, იკასთან.
როლანდი:
-მეგობრებთან. მეც მეგობრებთან და თეატრის ხალხთან.
-რამდენ ფინჯან ყავას სვამს დღეში? შენ?
სოფო:
-ალბათ 3-4-ს. მე ბოლომდე არც ერთს, მაგრამ ალბათ 20-ჯერ მაინც ვისხამ. მერე მიცივდება, ან აღარ მინდა და აღარ ვსვამ. უბრალოდ, უნდა მედგას გვერდით და ბედნიერი ვარ (იღიმის).
როლანდი:
-თავიდან ბოლომდე არც ერთს, ნახევრად 7-8-ს, მე 5-6-ს.
-როგორ მდგომარეობაში უყვარს ძილი? შენ?
სოფო:
-მუცელზე და გულის მხარეს გადაბრუნებულს. მეც მიყვარს მუცელზე წოლა, მაგრამ ახლა უკვე მიჭირს.
-მერამდენე თვეში ხარ?
-მე-5-ში.
როლანდი:
-ჩემს გულზე რომ უდევს თავი, ასე უყვარს ძილი. მუცელზე წოლაც უყვარს. მეც მუცელზე მირჩევნია.
-როგორ გგონიათ, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
სოფო:
-უფრო მეტი დაემთხვევა, ვიდრე არა.
როლანდი:
-ბევრი დაემთხვევა, ასე მგონია.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)