მომღერალი დათო არჩვაძე საზოგადოებამ "ქართული ხმების" ახალგაზრდა თაობიდან გაიცნო. სიმღერის გარდა ის არაჩვეულებრივ მუსიკას ქმნის. "მონატრებიხარ ფიქრებს" - ამ სიმღერამ დროს გაუძლო და დღემდე პოპულარულია. დიდხანს ემალებოდა ჟურნალისტებს, მაგრამ ახლა სალაპარაკო ბევრი დაუგროვდა და ისიც ისწავლა, როგორ უპასუხოს მისთვის მიუღებელ კითხვებს.
- დათო, თქვენი ახლანდელი საქმიანობით დავიწყოთ. რა პროექტებზე მუშაობთ?
- ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრ ლამაზ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ძალიან კარგი წელი გვქონდა "ქართულ ხმებს". უამრავ ღონისძიებაზე გამოვედით და ასევე სტუდია გავაკეთეთ. ჩვენთან ახალი თაობა მოდის და დიდი სურვილი აქვთ, ქართული სიმღერა ისწავლონ. მოდიან გოგონები, ბიჭები და "ქართული ხმების" ტრადიციებზე იზრდებიან, რაც ძალიან სასიხარულოა.
- სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, საინტერესო რეპეტიციას დავესწარი...
- კარგ დროს მობრძანდით (იცინის). წლების განმავლობაში "თეატრალურის კვარტეტის" ბიჭებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ტაძარში ეგალობათ. ბოლო ერთ წელს თუ არ ჩავთვლით, ათი წელი მე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვგალობდი. ბოლო ერთი წელია, ამას ჩემი გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ. ახლა ძალიან მიხარია, რომ ბიჭებმა გალობის სწავლა დაიწყეს. ჩემმა მეგობარმა, ზვიად ბერიაშვილმა მოამზადა, რომ ტაძარში დამდგარიყვნენ. მათ გარდა ამ პროექტში კიდევ ხუთი ბიჭი მონაწილეობს და ჯგუფს მოკრძალებული სახელი "ამაღლების ტაძრის მგალობელთა გუნდი" ჰქვია. ღმერთმა შეკრიბა ეს ხალხი და დიდი შრომა ჩაიდო, რომ ფეხზე დამდგარიყვნენ. სხვათა შორის, მათი დებიუტი "მარჯანიშვილის თეატრში", თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავის გახსნაზე შედგა.
- დათო, თქვენზე ერთი საინტერესო ინფორმაცია გავიგე. ამბობენ, რომ "პროფილში" დაიწყეთ მუშაობა და გადაცემის წამყვანს მუსიკალურ რჩევებს აძლევთ...
- ეს ნამდვილად კურიოზია, ყველას თანამშრომელი ვგონივარ. "რუსთავი 2"-ში, "იმედზე" და ყველა ტელეკომპანიასა თუ რადიოში. არადა, მხოლოდ რადიო "აფხაზეთის ხმაში" ვმუშაობ. ნინო ჩხეიძესთან ერთად გადაცემა "თბილისური საღამოები" მიმყავს. ძალიან კარგი გადაცემაა. მე და ნინო ღია ეთერში, ცოცხლად ვმღერით და ყოველთვის საინტერესო სტუმრები გვყავს. მე ვარ ყველგან, სადაც რაიმე კარგს აპირებენ. ან ჩემი ნამუშევარი მიმაქვს, პროექტი იქნება ეს თუ სიმღერა. მე ყველას უშტატო თანამშრომელი ვარ (იცინის).
- ალბათ, ეს ჭორი იქიდან წამოვიდა, რომ ხშირად ხართ "პროფილში". თუმცა თქვენ სევდიანი ამბების მოყოლის ნაცვლად, მხოლოდ სევდიანად მღერით.
- გადაცემაა თვითონ ისეთი ფორმატის და ამიტომ მომიწია, ერთი-ორჯერ ასეთი სიმღერა შემესრულებინა. ისე, თუ გაინტერესებთ, უშუალოდ "პროფილთან" დაკავშირებით, ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს. თუმცა ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ.
- არ მითხრათ, რომ მაიას თანაწამყვანი იქნებით. ისიც გავიგე, რომ "მაიას როსტოს" გეძახიან.
- (იცინის) ხომ გითხარით, როცა რაღაც კარგი ჩანაფიქრი მაქვს, ძალაუნებურად მიწევს, რომ "პროფილში" მივიტანო და არა მარტო იქ. ალბათ ეს მეტსახელი იმიტომ მოიგონეს.
- ორი ახალი სიმღერა გაქვთ. ეთერში გაჟღერების შემდეგ ისინი უკვე აიტაცა მსმენელმა...
- დიდი სიამოვნებით მოგიყვებით მათი შექმნის ისტორიებს. პირველი სიმღერა "ეს გზა ჩვენია", ცნობილი ჰიტის - "მონატრებიხარ ფიქრებს", შემდეგ დაიწერა. თუმცა დიდი შუალედი მქონდა, რადგან ამ სიმღერამ ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.
- გეთანხმებით, დღემდე ბევრს უკვირს, როგორ დაუთმეთ ეს სიმღერა ლაშა ღლონტს...
- არავითარი დათმობა, ლაშას დიდი ხნის წინ შევპირდი, რომ სიმღერას დავუწერდი. "მონატრებიხარ ფიქრებს" სპეციალურად მისი ხმისთვის შეიქმნა. ეს სხვა დიაპაზონის სიმღერაა. ეს არის ლაშას სიმღერა. საერთოდ, როცა ვწერ, წინასწარ ვიცი, ვინ უნდა იმღეროს. სიმღერის პრემიერის შემდეგ მე და ლაშას ბევრი მადლიერი ადამიანი გვაჩერებდა. მიხარია, რომ ამ სიმღერამ ასეთი გავლენა მოახდინა ხალხზე. ამ სიმღერას ბევრი საინტერესო ამბავი ახლავს და დღემდე უამრავ ამბავს მიყვებიან. ზოგი დაქორწინდა, ზოგმა რომ მოუსმინა, გული წაუვიდა. ერთ გოგონაზე მომიყვნენ, თურმე ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდი ჰქონდა და სამსახურში გამუდმებით ამ სიმღერას უსმენდა. ბოლოს, მეოცედ მოსმენის შემდეგ გული წასვლია და დაცემულა. სასწრაფოც კი გამოუძახებიათ. კიდევ ერთი სასაცილო რამ მოხდა, ესეც მიამბეს, მე არ ვესწრებოდი. ლოკომოტივის სტადიონზე, საფეხბურთო მატჩის დროს, შესვენება რომ გამოაცხადეს, თურმე ეს სიმღერა ჩართეს და სტადიონზე სამჯერ გაისმა "მონატრებიხარ ფიქრებს" (იცინის). დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხალხს სჭირდება სიმღერა, ითხოვს, ეს ხომ დიდი გამარჯვებაა...
- ახალ სიმღერებს დავუბრუნდეთ...
- "ეს გზა ჩვენია" რაჭაში ყოფნისას დავწერე და მასაც საინტერესო ისტორია აქვს. მე და ცნობილ ქართველ ჯაზმენ ზაზა მარჯანიშვილს საერთო მეგობარი, გია გალოგრე გვყავს. სხვათა შორის, გია ცნობილი სიმღერის "ფარვანას" ლექსის ავტორია. ერთხელ სამივე ლუდხანაში ვიჯექით და გიტარის თანხლებით ეს სიმღერა პირველად იქ შევასრულე. ზაზას ძალიან მოეწონა და მითხრა, ხვალ ამერიკაში მივფრინავ, ჩამიწერე და მერე ჩემს ვერსიას გამოგიგზავნიო. ეს იყო მოვლენა, რომელზეც ნებისმიერი მომღერალი იოცნებებდა. ზუსტად სამ დღეში გიამ დამირეკა და მითხრა, ჩემთან მოდი, ზაზამ სასინჯი ვარიანტი გამოგზავნაო. მივედი და ისეთი არანჟირება დამხვდა, კინაღამ გავგიჟდი. რაც შეეხება მეორე სიმღერას, "კოცნების ზღვა" - ჩემმა საყვარელმა მეგობარმა, კომპოზიტორმა თეა ჯინორიამ დაწერა და მთხოვა, მოისმინე და იქნებ, იმღეროო. იმდენად ჩემეულია, რომ წარმოიდგინეთ, ჩემი დაწერილი მგონია.
- ძალიან დიდი სევდაა თქვენს სიმღერებში...
- ახლა ისეთი "ბომბი" სიმღერები მზადდება, ყველა ნახავს, რომ ასე არ არის. პირიქით, სევდა გვეყოფა...
- წარსულს გაატანეთ?
- კი, თავისთავად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს სევდა მაინც თან სდევს. ყოველთვის ბედნიერი და სულ კარგ ხასიათზე ხომ ვერ იქნები. მთავარია, რომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ვართ. არაფერს ვუჩივით. ამისთვის უფლის მადლობელი ვარ. როგორ შეიძლება დეპრესია დაგეუფლოს ადამიანს, როდესაც ღმერთმა სიცოცხლე გაჩუქა და საქართველოში დაიბადე. საერთოდ რაღაც-რაღაცები ყოველთვის ხდება ადამიანების ცხოვრებაში...
- ბოლო სტუმრობის დროს "პროფილში" ისიც თქვით, რომ ახალ სიყვარულს ელოდებით.
- ეს პატარა ინტრიგა იყო. ყველა ჟურნალი და სატელევიზიო გადაცემა ცდილობს, რაღაც ისეთი სათაური დაწეროს ან გამოიტანოს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. ეს სიტყვები "ახალ სიყვარულს ველოდები" სიმღერიდანაა, თუმცა ჯერჯერობით ახალი არაფერია. ყველას ერთხელ და სამუდამოდ მინდა ავუხსნა, რომ ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებას ერთმანეთს არასდროს ვუკავშირებ. არადა, ამ დროს ჰგონიათ, რომ ის კონკრეტული სიმღერა იმიტომ დაიწერა, რომ რაღაც მოხდა... მაგრამ მანამდეც ბევრი სევდიანი სიმღერა მაქვს დაწერილი, სანამ რაღაც იქნებოდა... ყველა კომპოზიტორის შემოქმედებაში არის სევდა...
- ასეთი შეხედულება ალბათ იმან გამოიწვია, რომ თქვენი პირველი ქორწინება არ შედგა...
- მოდით, პირადულსა და შემოქმედებას ერთმანეთს ნუ დავუკავშირებთ. ჟურნალისტებს სამი წელი ვემალებოდი. მგონია, რომ არც ერთი ჟურნალისტის საქმე არ არის ჩემი პირადი ცხოვრება. რაში აინტერესებს ხალხს? სამწუხაროდ, სხვისი კარგი საქართველოში არავის უხარია და პირიქით, ცუდი უფრო მოსწონთ. ამიტომ არ ვთვლი, რომ ჩემი პირადი ცხოვრებით ვიღაც უნდა გავახარო ან გული ვატკინო.
- ამ დასკვნამდე რატომ მიხვედით, თქვენ, როგორც მომღერალი, ბევრ ადამიანს უყვარხართ და არ მგონია, ვინმეს თქვენი ცუდი გაუხარდეს...
- უბრალოდ, მიმაჩნია, რომ პირადულზე არავინ არ უნდა ილაპარაკოს. წარმოიდგინეთ, სიტყვიდან გამომდინარე, ეს არის "პირადი" და მორჩა, სხვისი არ არის... საერთოდ, ძალიან მიკვირს, როდესაც სხვადასხვა გადაცემასა თუ გაზეთში რესპონდენტები ამაზე საუბრობენ. ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებენ. შეიძლება ვიღაცას რაღაცას უმტკიცებენ ან რაღაცას აჯერებენ... სამაგიეროს უხდიან... ვფიქრობ, რომ პირად ცხოვრებას აფიშირება არ სჭირდება.
- ჟურნალისტები ახსენეთ, ასეთი რა გკითხეს, რომ ცუდად დაგამახსოვრდათ?
- ახალ წელს, ჩართული კამერის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პირად ცხოვრებაზე დამისვა კითხვა, რაც დიდ შეურაცხყოფად მივიღე. რაღაც აინტერესებდა, პრობლემასთან დაკავშირებით. როდესაც 31 დეკემბერია, ახალი წელი მოდის და გესაუბრები კონცერტზე, გიყვები პროგრამას, რომ იმღერებს ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე, რატომ უნდა წამიყვანო იქით? საქართველოსა და ქართველების სენიც ეს არის.
- კარგი, მუსიკას დავუბრუნდეთ... დათო, კომპოზიტორი უფრო ხართ თუ მომღერალი?
- ალბათ მუსიკოსი. მოდის... ბუნებრივად მოდის. შეიძლება, სამი თვე გავიდეს და ვერაფერი დაწერო. შეიძლება, უცებ ღამის ოთხ საათზე მოგივიდეს მუზა, ან ტრანსპორტში, სადაც ბევრი ხალხია. ერთხელ გუდაურში, თხილამურებზე ვსრიალებდი და მუზა მაშინ მოვიდა, ოღონდ კინომუსიკა დავწერე და ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორ ნიკა ხომასურიძეს მოვასმენინე. ეს ადამიანი ბევრ ფილმს იღებს და მაგარ რაღაცებს აპირებს. სავარაუდოდ, ამ მუსიკას ერთ-ერთ ფილმში გამოიყენებს. თუ ვოკალი დაედება, მინდა, რომ ნატო მეტონიძემ შეასრულოს.
- დათო, თქვენი სიმღერების უმრავლესობის ტექსტის ავტორი პოეტი ნანა ცინცაძეა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენზე თქვა, რომ "დავით აღფრთოვანებულს" გეძახით.
- ეს სახელი თამრიკო ჭოხონელიძემ დამარქვა. მოგეხსენებათ, მას საოცარი იუმორი აქვს. ადრე "იმედზე" მუსიკალური გადაცემა "12 მტრედი" გადიოდა და ჟიურიში ერთად ვიყავით. იმ პერიოდში ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყავი და თან სულ გამოვხატავდი. როდესაც ადამიანი რაღაცას ისე ვერ აკეთებს, მეცოდება და ცუდს ვერ ვეუბნები, ამიტომ სულ აღფრთოვანებული ვარ. მერე ეს სახელი აიტაცეს (იცინის).
დასასრულ, ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგიმხელთ. მალე "ქართული ხმები" ახალ სიმღერებს ჩავწერთ. შემოდგომაზე გრანდიოზულ კონცერტს გავმართავთ. სამწუხაროდ, უფროსი თაობიდან ზაურ ბოლქვაძეც გარდაიცვალა... ბევრი მომღერალი წავიდა "ქართული ხმებიდან", თუმცა ის ადამიანები, ვინც დღეს ძველი თაობიდან დარჩა, ჩვენ გვერდით იდგებიან. კონცერტზე გამოვა მომავალი თაობაც. ძალიან მინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. ამბიციურობაში არ ჩამითვალოთ, წეღან ვახსენე, "ბომბი" სიმღერები მზადდება-მეთქი, ერთ მათგანზე მოგიყვებით. ვაპირებთ, ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან დუეტი ჩავწეროთ. მგონი, კარგი სიმღერაა, ნანისეული... ჩემი აზრით, ეს სიმღერა თაობებს დარჩება.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)