ავღანეთში დაღუპული ქართველი კაპრალი გიორგი ავალიანი საქართველოში გუშინ, გვიან ღამით ჩამოასვენეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
თავდაცვის სამინისტროში სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.
თუმცა, "ინტერპრესნიუსი" დაღუპული კაპრალის ნათესავებს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, გიორგი ავალიანი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელში - ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში.
ავღანეთში 32-ე ბატალიონის კაპრალის გიორგი ავალიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გავრცელდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.
აფეთქების შედეგად, დაჭრილები არიან კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. დაჭრილები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გიორგი ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის.
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა უკვე ექვსამდე გაიზარდა. ავღანეთში დაიღუპნენ მუხრან შუკვანი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი.
31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი 2010 6 სექტემბერს დაიღუპა; ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.