ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფისთვის ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-ს მიერ დასმული კითხვა, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას, სასაცილო აღმოჩნდა.
კადაფიმ განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობისა და ქვეყნის დატოვებას. "ჩემს ხალხს ვუყვარვარ და მზად არიან ჩემ დასაცავად თავიც გაწირონ", - განაცხადა მუამარ კადაფიმ.
ინტერვიუ ლიბიის ერთ-ერთ სანაპიროზე ჩაიწერა. კადაფის აზრით, მის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანები ბენგაზში ტერორისტები და "ალ ქაიდას" წევრები არიან. ლიბიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკამ მას უღალატა. მან უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყნის ავიაციამ მომიტინგეებს საჰაერო დარტყმები მიაყენა.
მუამარ კადაფისთან ტელეკომპანიამ ერთსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც ლიბიის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ბარაქ ობამა და გაერო-ს უშიშროების საბჭო შეცდომაშია შეყვანილი ლიბიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მზადაა ქვეყანაში გაერო-ს ინსპექტორები მიიწვიოს, რათა ქვეყანაში არსებულ რეალურ სიტუაციაში თავად დარწმუნდნენ.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები ლიბიის გარშემო საკუთარი ფლოტის და ავიაციის გადაადგილებას გეგმავს, დიდმა ბრიტანეთმა კი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება არ გამორიცხა.