საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი დღეს, მოსკოვში 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გორბაჩოვის იუბილე მოგვიანებით, ლონდონში იუბილარისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე აღინიშნება. "გორბაჩოვ-ფონდის" ინფორმაციით, იუბილარს ლონდონში დაბადების დღეს, ყველა მსურველის გარდა, მსოფლიოს ცნობილი ადამიანები მიულოცავენ.
გორბაჩოვს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. მის მიერ 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაწყებულმა რეფორმებმა ქვეყანა აიძულა დამშვიდობებოდა ტოტალიტარულ წარსულს. გორბაჩოვის 6-წლიანი მმართველობის პერიოდში მის მიერ დაწყებული "პერესტროიკისა" და "გლასნოსტის" პოლიტიკის შედეგად ქვეყანა მნიშვნელოვნად შეიცვალა და დემოკრატიიისა და თავისუფლების რთულ გზას დაადგა. გარდაქმნებმა შეცვალა საბჭოთა კავშირის დამოკიდებულება დასავლეთისადმი.
გორბაჩოვის იუბილესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაცია WCIOM-მა სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიხეილ გორბაჩოვის მთავარ შეცდომად საბჭოთა კავშირის დაშლას მიიჩნევს, ხოლო ყველაზე დიდ მიღწევად დემოკრატიის დამკვიდრებას.
გამოკითხვის შედეგებით, გორბაჩოვი გაღიზიანებას 20%-ში იწვევს, მაშინ როდესაც 2001 წელს 30%-ში იწვევდა. ექს-პრეზიდენტისადმი სიძულვილს სულ რესპოდენტთა 5% იწვევს. ამ კატეგორიის ადამიანთა რაოდენობა 2001 წელს 9%-ს შეადგენდა. შეიცვალა გორბაჩოვისადმი სიმპათიების გამომხატველთა რაოდენობაც - 2001 წელსთან შედარებით 31%-დან 12%-მდე შემცირდა. გამოკითხულთა შორის ყველაზე გავრცელებული პასუხი - გორბაჩოვისადმი გულგრილი დამოკიდებულება დააფიქსირა გამოკითხულთა 47%-მა.
გამოკითხულთა 10%-მა ექს-პრეზიდენტის მთავარ შეცდომად დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება მიიჩნია, 5%-მა "ცივი ომის" დასრულება, 2%-მა კერძო მეწარმეობის ნების დართვა. გამოკითხულთა უმრავლესობა, 31% მიხეილ გორბაჩოვის მთავარ შეცდომად საბჭოთა კავშირის დაშლას მიიჩნევს.