ძნელი სათქმელია, პოპულარული ფოტოგრაფი რომ არის, იმიტომ მუშაობს პოპულარულ ადამიანებთან, თუ პოპულარულ ადამიანებთან რომ მუშაობს, იმიტომ არის პოპულარული ფოტოგრაფი. პატრიკ შუბითიძეს ქორწილების "მასტერსაც" უწოდებენ. მისი არც ერთი ფოტო ერთმანეთს არ ჰგავს.
მას თავისი ცხოვრების უბედნიერესი დღის ფოტოზე აღბეჭდვას არაერთი ცნობილი პიროვნება ანდობს. არადა, "კიკალა სტუდიოს" წამყვანი ფოტოგრაფისთვის ყველაფერი მხოლოდ გართობით დაიწყო.
- პროფესიით ეკონომისტი ვარ და თავდაპირველად ეს ყველაფერი მხოლოდ ჰობი იყო. როცა სერიოზულად დავინტერესდი ფოტოგრაფიით, რამდენიმეთვიანი მასტერკლასი გავიარე. ჩემთვის ვიღებდი ფოტოებს და ფორუმებზე ვტვირთავდი, სწორედ ინტერნეტის საშუალებით დამიკავშირდა კიკალა. ასე მოვხვდი სტუდიაში დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ.
- პოპულარობა ქორწილების ფოტოგრაფირებით მოიხვეჭე. დიდი ხანია ამ საქმიანობას ეწევი?
- პირველი ქორწილი 2009 წლის ბოლოს გადავიღე. ახლობლის ქორწილი იყო. შემდეგ იყო მომღერალ თიკა ჯამბურიას ქორწილი და აქედან უკვე წავიდა და წავიდა.
- თუ გადავხედავთ ქორწილის ფოტოებს, არც ერთი წყვილის ფოტო ერთმანეთს არ ჰგავს..
- თითოეული ადამიანი თავისებურია, ვცდილობ, მათ ხასიათსა და სტილს მივუდგე და მივყვე. პირველ რიგში, მათ სტუდიაში ვიბარებ გასაუბრებისათვის, რათა წარმოდგენა მქონდეს, ვისთან მომიწევს მუშაობა. ჩვენთან მოსულ წყვილებს ორ კატეგორიად დავყოფ: ერთი, რომელიც ყველაფერს გიჯერებს და ფოტოებიც უფრო ლამაზი და მხატვრული გამოდის, და მეორე, რომელიც საერთოდ არ მოგყვება, ეუხერხულება პოზირება. ასეთ შემთხვევაში შეუმჩნეველი ვარ და მოძრაობისას ვიჭერ კადრებს. ასეთი ფოტოები უფრო რეპორტაჟული გამოდის.
- თიკა ჯამბურიას ქორწილის ფოტოებში ორივე მიმართულება იგრძნობა, რეპორტაჟულიც და მხატვრულიც.
- მართალია. თიკა და მისი მეუღლე, სხვათა შორის, მეჯვარეებიც, ძალიან დამყოლი და კარგი მემოდელეები გამოდგნენ. ასევე გამოვარჩევდი კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის, ფრიდონ ინჯიას შვილს, ილიასა და მის მეუღლეს, ძალიან ხალისიანი და ფოტოგენური წყვილია. მათთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. გამოვყოფდი ასევე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, სოსო ორჯონიკიძის შვილის ქორწილს.
- ჯვარი საქართველოში დაიწერეს?
- დიახ, ჯვრისწერა სვეტიცხოველში გაიმართა. უმშვენიერესი და ძალიან დამჯერი წყვილი იყო.
- ბოლოს ვის ქორწილში იმუშავე?
- ბოლო იყო თქვენი კოლეგა, ჟურნალისტი ნათია გამცემლიძე.
- რამდენ ფოტოს იღებ თითო ქორწილში?
- 500 ფოტოს ვიღებ, აქედან საუკეთესო 150-ს ვირჩევ, რომლებიც საფუძვლიანად მუშავდება. თუმცა კლიენტს ხუთასივე ფოტოს ვაძლევთ. ძალიან შრომატევადი საქმეა. სამ კვირას მაინც ვუნდებით ფოტოების დამუშავებას.
- ბოლო ხანს აქტუალურია ოჯახური ფოტოსესიები...
- ეს ჩვენი სტუდიის ახალი მომსახურებაა. ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ დავით მირხცულავას ოჯახში, ოჯახური კალენდრისთვის უნდოდათ ფოტოები. ძირითადად შვილიშვილს ვუღებდი, საახალწლოდ ერთ-ერთი ჟურნალისათვის რჩეულიშვილი-კირვალიშვილების ოჯახიც გადავიღე, თემატიკა საახალწლო იყო. ძალიან კარგი მოდელი აღმოჩნდა გიგი წერეთელი, რომელიც ასევე ოჯახთან ერთად გადავიღე.
- პოლიტიკოსები კომპლექსიანი მემოდელეები ხომ არ არიან?
- კომპლექსიანი არა, რადგან კამერებთან ურთიერთობას არიან მიჩვეული, მაგრამ ცოტა მორიდებულები კი არიან.
- შენი კლიენტებიდან ვინ იყო ყველაზე პრეტენზიული?
- ყველაზე პრეტენზიული მომღერალი ეკა მამალაძე იყო. ფოტოსესიის პროცესი ბევრს სიამოვნებს, მისთვის კი მხოლოდ დისკომფორტი იყო.
- ყველაზე დამყოლი და დამჯერი?
- ასეთები უფრო პროფესიონალი და გამოცდილი მემოდელეები არიან. მაგალითად, ძალიან კარგად მუშაობს კამერასთან მარიტა ჯანაშია, მანიკა ასათიანი, ანა კოვაჩი.
- ყველაზე ფოტოგენური?
- ჩემი კლიენტებიდან გამოვარჩევდი ორჯონიკიძეების რძალს, ნინუცას.
- ყველაზე თამამი?
- ყველაფერზე წამსვლელი? ასეთები უფრო პროფესიონალი მემოდელეები არიან, მაგრამ საქართველოში ბევრ მოდელს ბოლომდე არ აქვს გააზრებული მოდელობა. ვერ აცნობიერებენ, რომ ზოგჯერ შეიძლება მკერდის გამოჩენამაც მოუწიოთ და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ახალი თაობის მოდელები უფრო უკომპლექსოები არიან - იგივე ჯანაშია და კოვაჩი, ასევე თამთა შედანია.
სასიამოვნოა მუშაობა ჩვენი პრეზიდენტის რძალთან, ლიკა ევგენიძესთან. კარგი მასალაა ფოტოგრაფისთვის, ძალიან ფოტოგენურია.
- ვინ არის შენი ოცნების მოდელი, რა თქმა უნდა, გადასაღებად.
- ქართველებიდან საოცნებო მემოდელე არ მყავს. უცხოელებიდან მსახიობ მონიკა ბელუჩისთან ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით. ასევე, მოდელ ნატალია ვოდიონოვასთან.
- მუზა თუ გყავს?
- ახლა აღარ მყავს, ადრე მყავდა, როდესაც უკრაინაში ვცხოვრობდი. ეს იყო ჩემი უკრაინელი შეყვარებული მარინა.
- ახლა სად არის მარინა?
- კიევში ცხოვრობს, საქართველოში არ წამომყვა. ახლა კარგად ვგრძნობ თავს, მაშინ კი ძალიან განვიცადე, მიუხედავად ამისა, კარგი მოგონებები დამრჩა.
ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)