გასულ კვირას ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს სოფო ტოროშელიძე წარადგენს. ჯგუფ "ელდრაინის" სოლისტმა თაკო ვადაჭკორიამ "პირველ არხთან" ხელშეკრულება არ გააფორმა. ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, თაკო სოფო ტოროშელიძით შეეცვალათ. სოფოს გასულ კვირასვე ვესაუბრე. ის მომხდარით გაოცებული და აღფრთოვანებული ჩანდა.
- ყველაფერი ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელად მოხდა. გასულ კვირას "პირველი არხიდან" ნათია უზნაძემ დამირეკა და შეხვედრა დამინიშნა. წარმოდგენა არ მქონდა, რატომ მიბარებდნენ. მაშინ გავიგე, რომ ჯგუფის სოლისტი და პროდიუსერები ვერ შეთანხმდნენ. ხელშეკრულებას ხელი ვერ მოეწერა. ჯგუფის სოლისტს პირობები არ აკმაყოფილებდა. ჩემი კანდიდატურა თვითონ ბენდმა წარადგინა.
- თაკოს იცნობ?
- არ ვიცნობ. "ევროვიზიის" შესარჩევ ტურზე ჯგუფს მოვუსმინე. მაშინ თაკოზე დადებითი აზრი შემექმნა.
- ჯობია, ამ შემთხვევაში გულწრფელი იყო...
- გულწრფელად გეტყვით, შესარჩევი ტურით არ დავრჩი კმაყოფილი. ყველაზე გამორჩეული სიმღერა "ელდრაინის" იყო. თაკოს კი მართლაც კარგი ვოკალური მონაცემები აქვს. მე კონკურსზე გამარჯვებული სიმღერის სტუდიური შესრულება მოვისმინე. მე ნამდვილად არანაირი წვლილი არ მიმიძღვის იმაში, რომ "ევროვიზიაზე" თაკო აღარ წავა.
- ჯგუფ "ელდრაინის" წევრებს კარგად იცნობ?
- სიმღერის კომპოზიტორთან ერთად, რომელიც ჯგუფში გიტარაზე უკრავს, ზაფხულში ვიმუშავე. ბათუმში ერთ-ერთ კლუბთან ჩემს მეგობართან ერთად მქონდა ხელშეკრულება დადებული. გიტარისტი ბესოც იქ მუშაობდა. იმ ბიჭსაც ვიცნობ, ვინც ჯგუფში დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავს, თუმცა პირადად კარგად არც ერთს არ ვიცნობდი.
- შენ გარდა ჯგუფის სოლისტად კიდევ ვის კანდიდატურას განიხილავდნენ?
- დეტალები არ ვიცი. "პირველ არხზე" რომ დამიძახეს, მხოლოდ ჩემს თანხმობას ელოდნენ.
- "ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე ქეთი ორჯონიკიძემ უარი იმიტომ თქვა, რომ "პირველი არხი" მხოლოდ გზის ხარჯებს აფინანსებს. დანარჩენი ხარჯების დაფარვა ალბათ ნაწილობრივ შენც მოგიწევს...
- მე არაფერს არ გადავიხდი. როგორც მითხრეს, ხარჯებს საპროდიუსერო ჯგუფი და "პირველი არხი" დაფარავენ.
- "ელდრაინის" ყოფილი სოლისტის მსგავსად ქერა ხომ არ გახდები?
- ქერა არ გავხდები. გარეგნობის შეცვლას არ ვაპირებ. ახალ იმიჯს ჩემი გარეგნობის გათვალისწინებით შემიქმნიან.
- "ევროვიზიის" კონკურსზე სოფო უკვე მესამედ მიდის საქართველოდან. ეს თითქოს ტრადიციად იქცა.
- (იცინის) ამაზე "პირველ არხზეც" ბევრს ხალისობენ. "ბასტი ბუბუში" ვმუშაობ და საბავშვო "ევროვიზიასთანაც" მქონდა შეხება. ამიტომ ვიცი, რომ იქ ყოველ წელს მარი მიდის. როცა გადაწყდა, რომ წელს მე უნდა წავსულიყავი, გამეცინა. ეს ამბავი უკვე სასაცილო ხდება, თუმცა ჩემს შემთხვევაში ხომ მარტო მე არ მივდივარ. ჯგუფი "ელდრაინი" წარდგება მსმენელის წინაშე, მე მხოლოდ სოლისტი ვარ და ჩემი სახელი არ გაჟღერდება.
- ნერვიულობ კონკურსის გამო?
- რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, თან ყველაფერი ხომ ძალიან მოულოდნელად მოხდა. ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ, ჩემს თავს რა ხდება. თუმცა "ევროვიზიის" კონკურსთან დაკავშირებით ცოტაოდენი გამოცდილება მაქვს. გასულ წელს მე და ელენე კაკაბაძე სოფო ნიჟარაძესთან ერთად ვიყავით წასული. მაშინ მე და ელენე ბექვოკალებში ვმღეროდით. ალბათ ამ ფაქტმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი, როცა ჯგუფის წევრები ახალ კანდიდატს ეძებდნენ. ათიათასობით მაყურებლის წინ გამოსვლის გამოცდილება მაქვს. ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ საქართველო წელს ღირსეულად წარდგეს. ვნერვიულობ, მაგრამ ალბათ ყველაფერი კარგად იქნება.
- თაკო ვადაჭკორია "ევროვიზიიდან" დაბრუნების შემდეგ ქორწილის გადახდას გეგმავდა. შენც იმავეს გაკეთებას ხომ არ აპირებ?
- იმედია, თაკოს გეგმები ამ მხრივ არ შეიცვლება. მე ის პირადად არ მინახავს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. არ მინდა, ამ ადამიანთან პირადი კონფლიქტი მქონდეს. მე კი ჯერჯერობით გათხოვება გადაწყვეტილი არ მაქვს. შეყვარებული მყავს.
- როგორ შეხვდა შენი კონკურსზე წასვლის ამბავს?
- ძალიან დადებითად. გახარებულია ამ ამბით.
- გერმანიაში შენს საგულშემატკივროდ წამოსვლას არ გეგმავს?
- მუშაობს და თან სწავლობს. ჩვენ კი გერმანიაში ორი კვირით მივდივართ, ამიტომ ჩემი შეყვარებული ვერ წამოვა. შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვიდეს. ვნახოთ.
- შენს შეყვარებულს რა პროფესია აქვს?
- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს.
- სიმღერასთან შეხება არ აქვს?
- გიტარისტია, სიმღერებს წერს და მღერის. ასე რომ, ეს სფერო მისთვის უცხო არაა.
- შეგიძლია გაგვიმხილო, ვის გულშემატკივრობდი "ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსზე?
- კონკურსს თემო საჯაიას ხათრით ვუყურე. თემოს "ვარსკვლავების აკადემიაში" დავუმეგობრდი. მინდოდა, კონკურსზე მას გაემარჯვა. დავუმესიჯე კიდეც. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, გერმანიაში მე თუ წავიდოდი.
- მაინტერესებს "ელდრაინი" რას ნიშნავს?
- ყველა ამ კითხვას მისვამს, მე კი არ ვიცი (სოფომ ჯგუფის წევრთან დარეკა - ავტ.). თურმე არც არაფერს ნიშნავს. ბიჭებს გადაუწყვეტიათ, ჯგუფისთვის ეს უცნაური და არაფრისმთქმელი სიტყვა შეერჩიათ სახელად.
- კონკურსის შემდეგ ჯგუფის სოლისტი შენ იქნები თუ თაკო?
- ყველაფერი შეთანხმების მიხედვით მოხდება.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)