"რუსთავი 2"-ზე ახალი სერიალი "მეზობლები" გამოჩნდა. მთავარი გმირი სოსო, იგივე სევერიანი, პროფესიით ექიმია. სერიალი "შუა ქალაქის" დროს გავა ეთერში. ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება, საქმე ირაკლი ჩხეიძე #2-თან გვქონდეს. ირაკლი ჩხეიძის როლის შემსრულებელი ოთარ ტატიშვილი და სოსოს როლის შემსრულებელი კახა კეპულაძე კურსელები და მეგობრები არიან. ახალ სერიალზე ჯერ არ უსაუბრიათ. კახა აპირებს, ორი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ დაურეკოს ძველ მეგობარს და აზრი ჰკითხოს. თვითონ ძალიან ნერვიულობს. გადაღებების პირველ დღეებში თავს ისე გრძნობდა, როგორც ადუღებულ ფისში, თუმცა მერე ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილას დადგა.
- სერიალის გადაღების იდეა როგორ გაჩნდა?
- ადრე თუ გვიან სერიალ "მეზობლების" გადაღების იდეა უნდა გაჩენილიყო. ორიგინალი ამერიკული სერიალი "ყველას უყვარს რაიმონდი", ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ქართველ მაყურებელს ამ სერიალის რუსული ვერსია "ვორონინები" აქვს ნანახი.
- სერიალის ქართულ ვერსიას "მეზობლები" რატომ დაარქვეს?
- სიუჟეტი აგებულია შვილისა და მისი მშობლების ოჯახების ურთიერთობაზე. ეს უახლოესი ნათესავები ერთმანეთის მეზობლად აღმოჩნდებიან.
- ამბობენ, რომ ცდილობთ, "მეზობლები" "შუა ქალაქს" დაემსგავსოს. "პრომოებიდან" იმის თქმაც შეიძლება, რომ თქვენი გმირისა და ჩხეიძეების სამზარეულო ერთმანეთს ძალიან ჰგავს...
- პარალელებს ამ ორ სერიალს შორის ნუ გავავლებთ. ორი აბსოლუტურად სხვადასხვა დეკორატორი მუშაობს, მხოლოდ მათი მუშაობის პრინციპია ერთი: უნდა შექმნან მყუდრო გარემო, რომელიც მოუხდება სერიალში მცხოვრებ ოჯახის წევრებს.
- პარალელების არგავლება ამ ორ სერიალს შორის შეუძლებელი იქნება. ორივე სერიალი შაბათს საღამოს ათ საათზე გავა ეთერში. "რუსთავი-2"-ის მხრიდან ეს ცოტა ამბიციური განაცხადია.
- შეიძლება ამბიციური განაცხადი იყოს და ცოტა საშიშიც. ჩვენს სერიალს რეიტინგის მოპოვება ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს. ჩვენი გუნდი მზადაა იმისთვის, რომ რეიტინგი და მაყურებელი მოიპოვოს. მე ამ შემთხვევაში უბრალოდ მსახიობი ვარ, მომწონს ჩემი პერსონაჟი და მინდა, ყველაფერი მაყურებლამდე კარგად მივიტანო.
- გაგვაცანით თქვენი გმირი...
- ჩემს გმირს საპასპორტო მონაცემებით ჰქვია სევერიან კალმახელიძე. ისე ყველა სოსოს ეძახის. ის ახალგაზრდა მამაკაცია, დაახლოებით 35 წლის. ჰყავს ახალგაზრდა მეუღლე და სამი შვილი, გოგონა და ტყუპი ბიჭი. გარდა ამისა, ჰყავს მშობლები და უფროსი ძმა. სოსო არის ადამიანი, რომელიც მშობლებზე ძალიან იყო მიბმული. ოჯახი შექმნა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა რეალობაში ვერ გრძნობს თავს კარგად, მშობლებზე დამოკიდებულება არ ანებებს თავს.
- სერიალში როგორ აღმოჩნდით?
- კასტინგზე მისვლა ვერ გავბედე, რადგან მსახიობი არ ვარ. მოგვიანებით მივედი და როლზე დამამტკიცეს. პროფესიით ექიმი ვარ, თუმცა მსახიობობის გარკვეული გამოცდილება მაქვს.
- "მეზობლებამდე" სად გითამაშიათ?
- დიდი ხანი ვმუშაობდი მხიარულთა და საზრიანთა კლუბებში, სამედიცინო ინსტიტუტში ახალგაზრდული თეატრ-სტუდია გვქონდა, სადაც მე და "შუა ქალაქის" მთავარი გმირი ოთარ ტატიშვილი ერთად დავდიოდით. მე და ოთარი კურსელები და მეგობრები ვართ. მართალია, მსახიობობა ჩემთვის უცხო არაა, მაგრამ სერიალი ჩემთვის სრულიად ახალი გარემოა. მსახიობსაც შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს. ახალ და განსხვავებულ ამპლუაში რომ მოხვდება, თავი შეიძლება, დაუცველად იგრძნოს.
- სერიალში თავს დაუცველად გრძნობთ?
- დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ არა. პირველი ორი სერია უკვე გადაღებულია. დასაწყისში გაცილებით რთული იყო მუშაობა. შეიძლება მეტყობა კიდეც, პირველ სერიაში რომ მიჭირს თამაში. მეორე სერიაში უფრო გავთამამდი. გპირდებით, რომ დანარჩენ სერიებში უფრო კარგად ვითამაშებ. კმაყოფილი ვარ, რადგან ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემი ცხოვრების ჰობი იყო.
- სერიალების წყალობით კი თქვენ და ოთარი კონკურენტები გამოდიხართ. როცა გაიგო, რომ "მეზობლებში" მონაწილეობთ, რა გითხრათ?
- ოთარს არაფერი უთქვამს. ვცდილობ, მეგობრებთან სერიალზე ნაკლებად ვისაუბრო. ჩვენ ერთმანეთის კონკურენციაზე არასდროს ვიფიქრებთ. ვერ გეტყვით, ტელევიზიის ენით სერიალების ეთერში გაშვების დროის დამთხვევა რამდენად ნიშნავს კონკურენციის გამოცხადებას. თამაშის დროს არასდროს მიფიქრია, ოთარზე უკეთესად შემესრულებინა როლი. სერიალში რომ ვიღებდი მონაწილეობას, მეგობრებმა "პრომოდან" გაიგეს. პირველი სერიები რომ გავა ეთერში, მეგობრებს, მათ შორის ოთარსაც დავურეკავ და აზრს ვკითხავ.
- ამბობენ, რომ თქვენ ირაკლი ჩხეიძე #2 გამოდიხართ. სერიალში იმ ნიშნითაც ხომ არ შეგარჩიეს, რომ ექიმი ხართ?
- ექიმი რომ ვარ, ეს არ იყო ჩემი როლზე აყვანის საფუძველი. როლზე უკვე დამტკიცებული ვიყავი, როცა მკითხეს, რა პროფესიის ბრძანდებითო. არც ის იცოდა ვინმემ, მე და ოთარი ვიცნობდით თუ არა ერთმანეთს.
- დაოჯახებული ხართ?
- რასაკვირველია. ჩემი მეუღლეა თეა ჯიბუტი, ისიც ექიმია. მყავს ორი შვილი. შვიდი წლის ბიჭი და ოთხი წლის გოგონა.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს სერიალში გამოჩენას?
- მეუღლე ცდილობს, არ მესაუბროს ამ თემაზე. თეა ელოდება, მე როდის წამოვიწყებ სერიალზე ლაპარაკს. სხვა მხრივ ის ყველაფერში გვერდში მიდგას და სულ მეკითხება, რით შეუძლია დამეხმაროს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)