ბევრი მსახიობისთვის საოცნებო რუსთაველის თეატრში მუშაობს, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც თეატრში არ დადის, ნაკლებად იცნობს. მხოლოდ სმენიათ, რომ თბილისში ცხოვრობს ძალიან ლამაზი მსახიობი მანანა აბრამიშვილი. მანანა, გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, მაინც ხალასი და სიცოცხლით სავსეა.
- რატომ არ ვარ ე.წ. ცნობადი სახე? - ვერ ვიტან ამ ტერმინს - იმიტომ, რომ ტელესერიალებში არ ვმონაწილეობ. მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ უშლის ხელს ჩემს პოპულარობას. პირიქით, ჩემი სურვილია, რომ რუსთაველის თეატრიდან გამიცნოს ხალხმა და არა - იაფფასიანი სერიალებიდან.
- თუმცა თეატრში ბევრი მაყურებელი არ დადის...
- ეს სამწუხარო ფაქტია. დღეს ბევრს არაფერი გაეგება თეატრის. ჩემ გარშემო ბევრს უთქვამს, ვერ წარმომიდგენია, სპექტაკლზე როგორ უნდა დავჯდე 2 საათის განმავლობაშიო. არადა, ერთხელ მაინც ნახონ რომელიმე სპექტაკლი, იქნებ მოეწონოთ და მერე ივლიან. ვაკვირდები და ჩვენს სპექტაკლებზე ერთი და იგივე მაყურებელი დადის. მათ უკვე სახეზეც კი ვცნობ.
- ტელესერიალებში არ გიწვევენ, თუ გიწვევენ და უარს ეუბნები?
- უამრავი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, მაგრამ ყოველთვის უარი ვთქვი. არ მომწონს, როდესაც მსახიობს სერიალიდან გავიცნობ და მერე სპექტაკლში ვნახავ. ვერც იმას გეტყვი, რომ რომელიმე სერიალით ისე ვარ აღფრთოვანებული, იქ თამაში მომინდა-მეთქი.
- თანამედროვე ქართულ კინოს როგორ შეაფასებ?
- მინდა, დადგეს დრო, როდესაც საქართველოში გადაიღებენ ძლიერ და ხარისხიან ფილმებს. მართალია, გადაიღეს რაღაც ფილმები, მაგრამ რა მერე, რომელ ფილმზე ითქმის, რომ კარგია? დღეს საქართველოში იღებენ ფილმებს, სადაც სიშიშვლე და ეროტიკული სცენებია, კინობაზარზე როგორმე რომ გაყიდონ. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანისგან მსმენია, ვინც შიშვლდება, ის არის ნამდვილი მსახიობიო.
- სხვათა შორის, შორენა ბეგაშვილმა, ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული მსახიობია.
- ასეც არის. რა გაეწყობა, ეს დონეა საქართველოში. შორენას შეუძლია გაიხადოს, მაგრამ თამაშის ისეთ ხარისხს ხომ ვერ აჩვენებს, როგორსაც ნინო კასრაძე, ია სუხიტაშვილი და სხვა უამრავი ნიჭიერი მსახიობი?
- შენ არ გაშიშვლდები ფილმში?
- საქართველოში არა, მაგრამ ჰოლივუდში გავშიშვლდებოდი, რადგან ვიცი, რომ კარგ ფილმშიც ვითამაშებ, კარგ ანაზღაურებასაც მივიღებ და არც არავინ გამლანძღავს. საქართველოში სექსის სცენას ისე ცუდად იღებენ, რომ ნახვაც არ მოგინდება...
- ფილმში არ გითამაშია?
- მოსკოვიდან იყო დაკვეთა, რომ გალაკტიონზე გადაეღოთ დოკუმენტური ფილმი. მე ოლიას როლი შევასრულე... პრემიერა "ერ-ტე-ერზე" გაიმართა.
- რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდი?
- 2007 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, თუმცა პირველად 1997 წელს ჩავაბარე, ერთი წელი ვისწავლე, შემდეგ გავთხოვდი. ჩემს მეუღლეს არ სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი და სწავლას თავი დავანებე. სამი წლის შემდეგ კი ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ხელახლა ჩავაბარე. 27 წლისამ დავამთავრე ინსტიტუტი. მალევე რუსთაველის თეატრში გამოცხადდა კასტინგი, სადაც უამრავი გოგო მონაწილეობდა, თუმცა მხოლოდ სამნი მიგვიღეს, მე და დები მაყაშვილები. უკვე მე-4 წელია ამ თეატრში ვარ.
- იღბლიანი ხარ?
- ძალიან. მიზანს ადვილად ვაღწევ. საოცრად მაქვს ინტუიცია განვითარებული.
- იმ ტრაგედიაზე ვისაუბროთ, რომელიც შენს ცხოვრებაში მოხდა...
- სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც უდიდესი უბედურება დამატყდა თავს. 21 წლისას მეუღლე გარდამეცვალა. იმ დროს ვერავინ დამაჯერებდა, რომ ჩვეულებრივად განვაგრძობდი ცხოვრებას, არაფერი მინდოდა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრებული იყო. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიყავი ცოცხალი. სული მეწვოდა. თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. მართლა ძალიან მიყვარდა გაგა. ეკლესიაში ვაპირებდით ფიცის დადებას, რომ ვინც პირველი მოკვდებოდა, მეორე საკუთარი ხელით მოისწრაფებდა სიცოცხლეს.
რა თქმა უნდა, ამის გამო ეკლესიაში არ მივსულვართ, ან რომელი მოძღვარი მოგვცემდა ამის უფლებას, მაგრამ რომ გარდაიცვალა, მღვდლის ყურამდეც მივიდა ჩვენი პირობის ამბავი, მოვიდა და მითხრა, შვილო, ეს არ გააკეთოო. რაც მთავარია, იმხანად, მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და არ ვიცოდი. გაგაც ისე გარდაიცვალა, არც მან იცოდა ეს ამბავი. ორსულობამ დიდი იმედი ჩამისახა. პირველად მოძღვარს ვუთხარი, მგონი, ორსულად ვარ-მეთქი. მითხრა, აუცილებლად ბიჭი გეყოლება და ისე დაემსგავსება მამამისს, იფიქრებ, ქმარი გამიცოცხლდაო.
- დაემსგავსა?
- პატარაობისას ზედგამოჭრილი გაგა იყო. ახლა ცოტა შეეცვალა ნაკვთები.
- შვილები რამდენი წლის არიან?
- თეკლა 11 წლის ხდება, გაგა კი 8 წლისაა. 13 მარტს 9 წელი გახდება, რაც გაგა აღარ არის. გაგას დედასთან დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, თეკლა მასთან იზრდება. გაგუნა რომ დაიბადა, მერე ჩავაბარე თეატრალურში და ძალიან დამეხმარნენ როგორც ჩემი, ასევე გაგას მშობლები.
- როგორ დაიღუპა გაგა?
- გაგა და მისი ბიძაშვილი გაფუჭებულ პისტოლეტს აწყობდნენ. გაგას ბიძაშვილს იარაღი შემთხვევით გაუვარდა... მეც შინ ვიყავი მაგ დროს (ცრემლი მოერია)...
- მას შემდეგ დაოჯახებაზე აღარ გიფიქრია?
- უამრავ ბიჭს სურდა ჩემი ცოლობა, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. გაგას შემდეგ აღარავინ შემყვარებია. მგონია, რომ ნამდვილი სიყვარული ადამიანთან ერთხელ მოდის და დავრწმუნდი, რომ ესეც საკმარისია. ისე მიყვარდა ჩემი მეუღლე...
- რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად?
- სამი. ის ჩემი პირველი სიყვარული და ყველაფერი იყო. თუკი რამე ღირსება უნდა გააჩნდეს მამაკაცს, გაგაში იყო თავმოყრილი. იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ გაგასნაირი ადამიანი აღარ შემხვედრია. ალბათ, აღარ არის საჭირო, გავთხოვდე. ისედაც კარგად ვგრძნობ თავს. შვილები მყავს და ბედნიერი დედა ვარ. ჩემი ცხოვრება ჩემი შვილებისთვის გაგრძელდება.
- თუმცა ლაპარაკობენ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობ ლევან ხურციასთან გქონდა რომანი...
- ჰოოო... მე და ლევანს ჩვენი ამბავი არ დაგვიმალავს და ხმამაღლა ვთქვით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ლევანის მერე აღარავინ მომეწონებოდა. ადამიანი კარგად რომ გაიცნო, დიდი დრო გჭირდება, მე კი მალე მივხვდი, რომ ეს არ იყო სიყვარული.. ეს ყველაფერი ადამიანურად ავუხსენი ლევანს, ისე, რომ გული არ სტკენოდა. რა ვიცი, ალბათ, გამიგო...
- ახალ სპექტაკლზე თუ მუშაობ?
- 20 მარტის პრემიერისთვის ვემზადებით. რობერტ სტურუას მაგისტრანტი ლევან ხვიჩია დგამს ახალ სპექტაკლს - "ჰამლეტი", სადაც ჰერტრუდას როლს ვასრულებ. ეს იქნება "ჰამლეტის" გაშარჟება, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდის.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)