აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით უარი თქვა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ავღანეთიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ითვალისწინებდა.
ამ საკანონმდებლო ღონისძიების ინიციატორი დემოკრატი კონგრესმენი დენის კუსინიჩი იყო, რომელიც კონგრესის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ლიბერალად მიიჩნევა.
კონგრესმენის აზრით, ადმინისტრაციის წინა მეთაურმა ჯორჯ ბუშმა და ამჟამინდელმა - ბარაქ ობამამ დაარღვიეს კანონი "სამხედრო უფლებამოსილების შესახებ", რადგან მათ ავღანეთში სამხედრო მოქმედებების შესახებ კონგრესისგან თანხმობა არ მიუღიათ.
კუსინიჩი ადრეც გამოდიოდა მსგავსი ინიციატივით, თუმცა მაშინ მას კონგრესმენთა უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰქონდა.
ამჯერად მას 93-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი - ძირითადად დემოკრატებმა, რომლებიც პარტიის მარცხენა ფრთას წარმოადგენენ. წინააღმდეგი ქვედა პალატის 321 წევრი იყო.
"ამერიკელთა 60%-ს სურს, რომ ჩვენ ავღანეთი დავტოვოთ, - განაცხადა კუსინიჩმა. - ამ ომის ფასი უკვე ნახევარ ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამერიკელები კარგავენ სამუშაო ადგილებს და ვერ აგზავნიან შვილებს იმ კოლეჯებში სასწავლებლად, რომელბშიც მათ სურთ. ჩვენ მთელ ამ თანხებს ომზე ვხარჯავთ, რომელიც დროის, ფულისა და ადამიანთა სიცოცხლის ამაო კარგვაა. მიზანი კი ავღანეთის ხელისუფლების კორუმპირებული რეჟიმის შენარჩუნებაა".
კონგრესმენის თქმით, ავღანეთის ოკუპაცია ქვეყანაში ამბოხებულ ძალებს აძლიერებს.
პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 2011 წლის ივლისში დაიწყება. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2014 წლისთვის დასრულდება. ამჟამად ავღანეთში ამერიკული კონტინგენტი 100 000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.