სომეხი პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტიტის რექტორი ალექსანდრე ისკანდერიანი სომხეთში რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ სომხური ოპოზიციის გააქტიურება მომავალი წლისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის ელექტორატის მაქსიმალური მობილიზების მცდელობას უკავშირდება.
როგორც ისკანდერიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოპოზიციას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკიდურესი უკმაყოფილება ყოველდღე იზრდება და დროა, პოლიტიკური აქტიურობით უკმაყოფილო მოსახლეობა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავის ელექტორატად აქციოს.
მისი თქმით, მოსახლეობაში ეროვნული კონგრესის ლიდერის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია, მაგრამ იგი ჯერჯერობით ვერ ახერხებს მთელი ოპოზიციის ერთპიროვნული ლიდერი იყოს.
"არ იქნებოდა მართებული იმის თქმა, რომ საპროტესტო აქციაზე მისულთა უმრავლესობა მხარს სწორედ ლევონ ტერ-პეტროსიანს უჭერს, მაგრამ ის, რომ მისი ხელმძღვანელობით კონგრესმა რამდენიმე ათეულ ათასიანი მიტინგის ორგანიზება შეძლო, იმას ნიშნავს, რომ კონგრესი დღეისათვის ხელისუფლებისათვის ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეა" - აღნიშნა ალექსანდრე ისკანდერიანმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება გრძნობს, რომ საზოგადოებაში მისი პოპულარობა მთელი სომხური ოპოზიციის რეიტიგს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, ახლა სწორედ ის დროა, როცა ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც მოსახლეობაში თავისი უპირატესობების დემონსტრირებას ცდილობენ.
"სომხეთში რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას გამოვრიცხავ, მაგრამ ის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მხარეებმა ერთმანეთის მიმართ პრესინგის ტაქტიკა აირჩიეს, იმაზე მეტყველებს, რომ საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაიწყო", - დასძენს ისკანდერიანი, რომლის შეფასებითაც, ერევნის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციები გასაკვირი არაა, ვინაიდან ქუჩის აქციების მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობა სომხური საზოგადოების პოლიტიკური კულტურის შემადგენელ ნაწილად არის ქცეული.
17 მარტს ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგის მონაწილეებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და 15-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულება მოითხოვეს.
2011 წლის 1 მარტს სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა ხელისუფლებას 15-პუნქტიანი მოთხოვნა წაუყენა. ოპოზიციონერები ითხოვდნენ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, 2008 წლის 1 მარტის მოვლენების გამოძიებას, პოლიციის მხრიდან ტერორისა და მუქარის შეწყვეტას, თავისუფლების მოედანზე მიტინგების აკრძალვის მოხსნას.