”ფეისბუქის” ყველაზე სახალისო და სასაცილო გვერდები

”ფეისბუქის” ყველაზე სახალისო და სასაცილო გვერდები

სოციალური ქსელი ”ფეისბუქი” დღეს ისეთი პოპულარულია, ადრე ადამიანები გაცნობის შემდეგ ერთმანეთს თუ ოჯახურ მდგომარეობასა და სამსახურს ეკითხებოდნენ, დღეს ეს კითხვა ასე ისმის, ”ფეისბუქზე ხააარ?”. თუ გაგიმართლა და ხარ, ახალგაცნობილის თვალში მოდას აყოლილი ადამიანი იქნები, თან ეს იმის ნიშანია, რომ სახლში ან სამსახურში, მინიმუმ, კომპიუტერი ან ლეპტოპი მაინც გაქვს. თუმცა ისეთებიც გაგვიგია, რომ ”ფრენდების” და საკუთარი ”კედლის” დასათვალიერებლად მეზობლებს აწუხებენ.

”ფეისბუქი” ერთადერთი რამ არის საქართველოში, რაც სერიალებზე პოპულარულია, თუმცა ადამიანები საკუთარი პროფილის გარდა სამსახურს ან საყვარელ ხელოვანს წარმატებით არეკლამებენ. პირადი გვერდების პარალელურად, შენს პროფილზე შეგიძლია, ცნობილი ადამიანის, ჟურნალის, გაზეთის, სატელეფონო ქსელის ან თუნდაც ბანკის სარეკლამო გვერდი შექმნა. პირადად მე ჩემი პროფილის პარალელურად ”რეიტინგის” გვერდი გავაკეთე და ყოველ ორშაბათს, სანამ სახლიდან გახვალთ და ჟურნალს შეიძენთ, რა გელოდებათ გარეკანზე, შეგიძლიათ, ჩვენი გვერდიდან შეიტყოთ. ასე რომ მოგვძებნეთ.

თუმცა არიან ისეთი მოცლილებიც, რომლებიც უბრალოდ, ერთობიან და საზოგადოებისთვის სასაცილო და სახალისო გვერდებს ქმნიან. გადავწყვიტე, თქვენთვის რამდენიმე მათგანზე მომეყოლა.

ჩვენ გვიშველის გივი სიხარულიძე?

გივი სიხარულიძე - მწერალი, მსახიობი, იუმორისტი, მოცეკვავე და სატელევიზიო გადაცემების ყველაზე ხშირი სტუმარი. ზოგისთვის, კოლორიტია, ზოგისთვისაც უბრალოდ, კარგი ადამიანი. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ მსგავსი გვერდი შეექმნა. რა თქმა უნდა, იმის ილუზიაც არ მაქვს, რომ ამ გვერდის მიღმა ნამდვილი გივი სიხარულიძე იმალება.

”ჩვენ გვიშველის გივი სიხარულიძე?” ახალი შექმნილია და ის მხოლოდ 56 ადამიანს მოსწონს. გაგაცნობთ ყველაზე სახალისო პოსტებს, რომელიც ამ გვერდზე ამოვიკითხე.

ერთ დღეს ბატონი ”გივი” წერს:

კიდევ ერთი ახალი ლექსი დავწერე:

ვეღარ გამიგია, მძულხარ

თუ მიყვარხარ,

ისე მომრევია გესლი.

ხანდახან ნაყოფი ედემის ხისა

და ხანაც სიძულვილის თესლი.

გია: სამი წელია ამ ლექსს კითხულობთ და როგორ არის ახალი?

”გივი”: ეს ლექსი მანამ იქნება ახალი, სანამ ჩემს თბილისქალაქში კაცობა და სიყვარული იარსებებს. სანამ ვაჟკაცობა დაფასდება და სანამ მანდილოსანს კდემამოსილება ექნება.

თქვენ გენაცვალეთ!

”რეიტინგის” ერთგულ მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს, რამდენიმე ნომრის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუ ბატონ გივი სიხარულიძესთან. როდესაც მასალას ვამზადებდი და ეს გვერდი აღმოვაჩინე, გადავწყვიტე, ერთგული თაყვანისმცემლები გამენებივრებინა და ”ფეისბუქის” კედელზე ინტერვიუ დავდე. აი, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ბატონი ”გივის” მხრიდან.

”გივი ვიყავ, გივიდ დავრჩი, მომავალშიც ეს ვიქნები, შენ კი ისევ ნინოდ დარჩი, ლამის შემომადნი ხელში.

ტაააშ!

ხედავთ რა რითმებს ვისვრი? პირდაპირ გულში ვასვამ ლამაზ ქალებს. ჭირიმე თქვენი, სხვისი გივი სიხარულიძე.”

ამ გვერდის შემქმნელს რომ იუმორი ნამდვილად აქვს, ალბათ დარწმუნდით, თუმცა მთავარ გმირს რამდენად მოეწონება, რომ ერი შველას სთხოვდეს, ამის გარკვევა თქვენთვის მომინდია.

”სექსი” ლათინური სიტყვაა და ქართულად ”გათხოვებას” ნიშნავს

ალბათ ყველას გახსოვთ, ”ღამე შორენასთან ერთად”. გადაცემა, რომელიც ჯერ კიდევ ეთერში გასვლამდე გახდა სკანდალური. მართალია, რამდენიმე თვეში დაიხურა, მაგრამ შთამომავლობას ნიკა გრიგოლიას მიერ შესრულებული შორენა ბეგაშვილის შესანიშნავი პაროდია დარჩა. ”კომედი შოუს” სკეტჩმა ”ღამე შორენასთან ერ­თად” ერი ისე აალაპარაკა, როგორც თავის დროზე შორენამ. ეს ლეგენდალური ფრაზაც ”სექსი” ლათინური სიტყვაა და ქართულად ”გათხოვებას”" ნიშნავს, ნიკას მიერ შესრულებულმა შორენას გმირმა თქვა და ეს ჯგუფიც მალევე შეიქმნა.

”სექსი”" ლათინური სიტყვაა და ქართულად ”გათხოვებას” ნიშნავს 10130 ადამიანს მოსწონს, მაგრამ თვითონ გვერდზე არცთუ ისე აქტიურობენ. სამაგიეროდ, ძალიან პოპულარულია ნიკა გრიგოლიას ფოტო შორენას ტანსაცმელში და უამრავი კომენტარიც აქვს.

დავით აქუბარდია

როგორი პოპულარული უნდა იყო ჟურნალისტი, რომ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი შენგან დამოუკიდებლად გაგიხსნან. თუმცა დავით აქუბარდიას რომ პოპულარობა არ აკლია, ამაში ნამდვილად დავრწმუნდით. მიტინგზე ხელში ატაცებულიც გვახსოვს, ეთერში სიყვარულიც აუხსნიათ, რამდენიმე ქალბატონი საპრეზიდენტო არჩევნების დროს კანდიდატურის დასახელებასაც სთხოვდა. მართალია, განსაკუთრებით ასაკოვან ქალბატონებს უყვართ, მაგრამ ”ფეისბუქზე” ძირითადად ახალგაზრდები აქტიურობენ.

გვერდი 1716 ადამიანს მოსწონს.

გთავაზობთ გვერდიდან ყველაზე საინტერესო პოსტებს. კომენტარების ავტორთა სახელები გამიზნულად შევცალეთ.

თიკო: აუ, ბატონო დავიიით, მეგობრებში როგორ დაგამატოთ?

ეკა: ღმერთმა გისმინოთ და ხელი მოგიმართოთ ღვთის სათნო საქმეების კეთებაში. ყველამ უყურეთ და უსმინეთ ბატონი გუბაზის გადაცემებს. ძალიან საინტერესოა და ბევრს ისწავლით.

თემო: ეს კაცი არავინ დამიჩაგროს

ია: მთელი ცხოვრება კარავში ვცხოვრობ, მე, ჩემი გუბაზი და ჩვენი ”პლიტა”.

იმ ჯგუფის გარდა, რომლებიც განვიხილეთ, კიდევ უამრავია, მაგალითად: ”შეიძლება თუ არა, ფორთოხალს უფრო მეტი ფანი ჰყავდეს, ვიდრე გიგი უგულავას?” ”არ თხოვდები?!”, ”ცოლი არ მოგყავს?!”, თუმცა დროებით დაგემშვიდობებით და ”რეიტინგის” უახლოეს ნომრებში სხვა პოპულარულ და სახალისო გვერდებს განვიხილავთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება