რასელ კროუ; "ჯორჯ კლუნი გულწრფელად მეცოდება"

რასელ კროუ; "ჯორჯ კლუნი გულწრფელად მეცოდება"

ერთი პერიოდი დასავლური პრესა რასელ კროუს სკანდალური თავგადასავლების შესახებ სტატიებით იყო აჭრელებული - ხან პაპარაცის ეცა, ხან სასტუმროს თანამშრომლის ცემისთვის დააპატიმრეს. მაგრამ ერთხელაც მიხვდა, რომ დროულად უნდა გაჩერებულიყო, თორემ ორი შვილის გაზრდა მის ცოლს - დენიელ სპენსერს მარტო მოუწევდა.

ახლა ავსტრალიელი მსახიობის შვილები - ჩარლი და ტენისონი შვიდი და ოთხი წლისანი არიან, ორივე გიჟდება მამაზე, თვითონ კროუმ კი იმ დონეს მიაღწია, როცა არ არის საჭირო ნებისმიერი საქმისთვის ხელის მოკიდება საარსებო ფულის საშოვნელად. მით უმეტეს, რომ რა ხანია ჰოლივუდი გულწრფელად სძულს. მიუხედავად იმისა, რომ "ოსკარი" მიიღო "გლადიატორში" შესრულებული მთავარი როლისთვის და მას მერეც ათობით კარგ სურათში უთამაშია.

"ნაგავივით მექცეოდნენ"

- ფილმების უმრავლესობაში 20 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებთ. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?

- თუ იმას შევხედავთ, რამდენს გამოიმუშავებენ ჩვეულებრივი ექიმები, მეხანძრეები ან სახელმწიფო მუშაკები, რასაკვირველია, ეს თანხა სამარცხვინოა. მეორე მხრივ, ნამდვილად გჯერათ, რომ მსახიობს ამდენს გადაუხდიან, თუ ის ხუთჯერ მეტ მოგებას არ მოიტანს?

- თავში არასდროს მოგსვლიათ აზრად, უფასოდ გემუშავათ, რომ რომელიმე რეჟისორს დახმარებოდით ან რა­იმე მნიშვნელოვანი ფი­ლმი წამოგეწიათ წინ?

- თვალები ფა­რ­თოდ უნდა გაახილოთ: ასეთი რამეები ჰოლივუდში არ ხდება. სოციალურად უანგარო დახმარება, მიმნდობი ურთიერთობები - ეს ყველაფერი იქ არავის უხსენებია. ხმამაღლა მეცინება, როცა პროდიუსერი ცდილობს თავისი ქმედებები იმით ამიხსნას, რომ, მაგალითად, ახლა კრიზისია. ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, დიდი თანხა გავიღო ქველმოქმედებისთვის, მაგრამ იგივე რომ გავაკეთო ჰოლივუდში კინოს ინდუსტრიისთვის - ეს არც კი განიხილება. მათთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესია, რომელსაც ასტრონომიული შემოსავალი მოაქვს. მეტი არაფერი. მარტივი მიდგომაა: რაც ნაკლებს უხდიან მსახიობებს, მით მეტს ჩაიდებენ საკუთარ ჯიბეში.

- უწინდებურად ვერ იტანთ ჰოლივუდს?

- დიახ. ჩემი თვალთახედვით, ბევრი არაფერი შეცვლილა მას მერე, რაც იქ მოვხვდი. ჰოლივუდი უეჭველად, რჩეულთა სამეფოა, იმავდროულად, უკანალის მლოკველების. ყველას თავისი რაღაც საიდუმლო აქვს. მეთოდებიც, რისი მეშვეობითაც იქ მუშაობენ, მაიძულებს ვიფიქრო, რომ ეს ნამდვილი მაფიაა. არასდროს დამავიწყდება, როგორ მექცეოდნენ, თითქოს ნაგავი ვიყავი. ეს მაშინ ხდებოდა, როცა სერიალების არხზე შედგა ჩემი ჰოლივუდური დებიუტი.

- სხვა მსგავსი მოგონებები კიდევ გაქვთ?

- რა თქმა უნდა. როდესაც ფილმის "ლოს-ანჯელესის საიდუმლოებები" მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, ოფიცერ ვენდელ ვაიტ ბადის როლზე გავისინჯე. თუმცა სტუდიამ სხვა მსახიობის წამოწევა გადაწყვიტა. როგორ ფიქრობ, რა გააკეთეს? ჩემი სასტუმროს ნომრის ანაზღაურება შეწყვიტეს, მითხრეს, რომ სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა შინ, ავსტრალიაში დავბრუნდე. ნამდვილი ღორი უნდა იყო, რომ ასე მოიქცე. სასოწარკვეთილი ვიყავი. არ ვიცოდი, რა მექნა. ძნელი სათქმელია, რისი იმედი მქონდა, მაგრამ შედეგად ყველაფერი ჩავდე ფსონად და მთელი ფული, რაც იმ მომენტში მქონდა, სასტუმროში საცხოვრებლად დავხარჯე. არ ვიცი, რომელი სასწაულის წყალობით - სხვა სახელს ვერ ვუწოდებ ამას - მაგრამ მაინც მივიღე ეს როლი. მრავალი წელი გავიდა, მაგრამ არასდროს არ ვაპატიებ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე მექცეოდნენ. ბევრი მათგანი დღესაც ისევე აგრძელებს.

"არაერთხელ ვყოფილვარ კრიმინალში გარეული"

- თქვენი დონის ვარსკვლავების უმრავლესობა რეკლამებში მონაწილეობს. თქვენ ეს რატომღაც არ გაგიკეთებიათ...

- მე ასეთი ადამიანი ვარ. ყველაფერს არ ვიკადრებ, რომ ფული ვიშოვო. და პატივს ვცემ ჩემს მაყურებელს. როდესაც მსახიობებს ვხედავ მანქანების, ყავის ან ალკოჰოლური სასმლის რეკლამებში, გული მერევა - არ დაიჯერებთ, მაგრამ მართლა მიჩნდება სურვილი, გადავაფურთხო. საწყალი ჯორჯ კლუნი, გულწრფელად მეცოდება.

- იოლია ასე ცხოვრება, როდესაც მულტიმილიონერი ხარ...

- გარწმუნებთ, რომ ჩემი ზრდასრული კოლეგები, რომლებიც თანხმდებიან ამა თუ იმ ბრენდის სახედ ქცევას, ფულთან დაკავშირებით არანაირ პრობლემას არ განიცდიან - არც ჯორჯ კლუნი, არც რობერტ დე ნირო, არც, დავუშვათ, ჰარისონ ფორდი. მათ დიდი ხანია იმდენი გამოიმუშავეს, რომ მარტო მათ შვილიშვილებს კი არა, შვილთაშვილებსაც ეყოფათ. გამოდის, საქმე რაღაც სხვა რამეშია, ასე არაა?

- ბევრი გყავთ ნამდვილი მეგობარი?

- ჯერ კიდევ შემომრჩა რამდენიმე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ პრესას უამრავი ცუდი და კრიმინალური ამბის შესახებაც კი უამბონ, რაშიც გარეული ვყოფილვარ ჩემს ახალგაზრდობაში. საბედნიეროდ, ისინი ამას არ გააკეთებენ.

- ახლაც ესხმით თავს ფოტოგრაფებს და სასტუმროში ოთახს თავდაყირა აყენებთ, როგორც ეს ადრე ხდებოდა?

- ეს ძველი ამბებია - დიდი ხანია ასე აღარ ვიქცევი. ერთ მომენტში მივხვდი, რომ ყელში ამომივიდა, ციხეში აღმოჩენის რისკის ქვეშაც ვიდექი. ახლა ერთადერთი რამ მინდა - კარგი მაგალითი ვიყო ჩემი ვაჟებისთვის.

- რა რჩევას მისცემდით?

- ყველაზე მნიშვნელოვანს? დედას დაუჯერონ.

 

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება