რატომ თქვა უარი გოგა პიპინაშვილმა ”გარიგება 2”-ში მონაწილეობაზე

რატომ თქვა უარი გოგა პიპინაშვილმა ”გარიგება 2”-ში მონაწილეობაზე

"თითქმის ამოვწურე ცხოვრება. იმედი კიდევ მაქვს, რომ ერთ-ორ როლს ვითამაშებ, გული კი მწყდება: უკან რომ ვიყურები, თითქოს არაფერი დამრჩენია - ზოგიერთი სპექტაკლის კადრიც არ მაქვს. მსახიობობა ასეთი უმადური პროფესიაა: არაფერს გიტოვებს", - გულდაწყვეტით ამბობს ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ "ართჰოლის" ხელმძღვანელი, მსახიობი გოგა პიპინაშვილი, რომელსაც პირისპირ სასაუბროდ სწორედ "ართჰოლში" ვეწვიეთ.

- ჩემს საყმაწვილო ცენტრში ვცდილობ, ბავშვებს ის ვასწავლო, რისი სწავლაც თეატრალურ ინსტიტუტში თვითონ მინდოდა. ცოტა "კვაჭი" ბუნება მქონდა და ჩემითაც ბევრ რამეს ვახერხებდი. მაგალითად, მსახიობმა შეიძლება ცხენზე ჯდომა არ იცოდეს? "თეატრალურიდან", გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, იპოდრომზე განსაზღვრული დრო გქონდა საამისოდ, გყავდა ცხენი და ინსტრუქტორი, რომელიც ჯერ ცხენის მოვლას გასწავლიდა, მერე შეკაზმვას და ჯირითს.

სხვათა შორის, ექსკლუზივია, რასაც გიამბობ: ადრე იპოდრომის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა ადამიანი, რომელმაც რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით უარით გამომისტუმრა. არადა, ჩემი ყველა ძმაკაცი დადიოდა, მაგრამ ისინი მეოთხეკურსელები იყვნენ, მე - პირველკურსელი. ერთხელაც იმ ხელმძღვანელს კაბინეტში ხმაშეცვლილმა დავურეკე და გავეცანი: მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი კოტე ღვედაშვილი გაწუხებთ.

ჩემს დისშვილს არ იღებთ, თურმე, და დავიჯერო, არაფერში გჭირდებით-მეთქი? - შესაძლოა, ამ გვარისა და სახელის ადამიანი მართლა არსებობს, მაგრამ ხატის წინ დავიფიცებ, იმწუთას "შევქმენი" (იცინის)... "კოტეს" ზარმა აშკარად გაჭრა. ორ წელიწადს ვიარე იპოდრომზე, კაპიკიც არ გადამიხდია, ის ხელმძღვანელი კი გაუთავებლად მეხვეწებოდა, უთხარი, ბიჭო, ბიძაშენს, იპოდრომის შემოღობვა რომ მინდაო (იცინის)...

ხომ ასე მოვიკალი თავი ცხენისთვის, მოგვიანებით ოდესის კინოსტუდიამ ორსერიიანი ფილმის მთავარ როლზე რომ დამამტკიცა (ბოშა ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, უუნაგირო ცხენს რომ დააჭენებდა), უარი სწორედ ცხენის გამო ვთქვი: ერთხელ კიევის ორკვირიანი გასტროლიდან დაბრუნებულს ჩემივე ცხენი "გადაჯიშებული" დამხვდა: გადმომაგდო და, რადგან უზანგში უნებლიეთ ჩამრჩა ფეხი, გვარიან მანძილზე მათრია. ჩემი მეგობრის წყალობით ცოცხალი კი გადავრჩი, მაგრამ ისეთი შიში დამრჩა, მას შემდეგ ცხენზე ვეღარ დავჯექი, შესაბამისად, ოდესის ფილმის გარეშეც დავრჩი, არადა, არავინ იცის, ის მთავარი როლი როგორ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას.

- უცნაური ბუნება გაქვს: ან ძალიან ეჯიუტები საქმეს, ან ძალიან იხევ უკან. რატომ?

- ბევრიც წავაგე ამის გამო. ვაღიარებ, რომ ბევრი შანსი არ გამოვიყენე. შენი აზრით, რატომ წამოვედი კინომსახიობთა თეატრიდან და 5 წლის განმავლობაში უთეატროდ და უხელფასოდ დავრჩი? განადგურებული ვიყავი, რადგან სადაც წლები, ენერგია და დიდი სიყვარული გავეცი, დამივიწყეს. გაცლა ვამჯობინე, რომ დავრწმუნებულიყავი საკუთარ თავში, მეგობრებში და იმ თეატრისთვის ჩემს საჭიროებაში.

და დავინახე, რომ ჩემი წამოსვლით 8 სპექტაკლი გაჩერდა, მაგრამ არავის დანანებია. ხშირად მითქვამს, ბევრიც შემომდავებია, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, პროფესიონალების გარდა, არიან "მკვლელი" რეჟისორებიც, რომლებიც მსახიობთან ტანდემში არ მუშაობენ: მასთან ერთად არ აზროვნებენ და მსახიობს საფიქრალს არ უტოვებენ. ასეთები შემხვედრიან და, რასაკვირველია, მათთან ვერ ვიმუშავებ. მე არ ვარ ხისგან გამოთლილი თოჯინა, რეპეტიციებზე მექანიკურად რომ ამუშავებენ. ასე მუშაობა მეზიზღება.

როდესაც ყველაფერს ვწყდები: ოჯახს, მეგობრებს, ათასგვარ გასართობს, შესაძლებლობების მაქსიმუმს -  სისხლსა და სულს ვდებ "ვიღაც კაცში" - პერსონაჟში, რომელსაც უკვე დამოუკიდებლად სიარული, ლაპარაკი, სმა-ჭამა, ფიქრი და აზროვნება შეუძლია და აღმოვაჩენ, რომ ჩემი რეჟისორი ასეთი სიღრმისგან შორსაა, აუღელვებლად შეუძლია მისი გადაგდება, თაროზე შემოდება, გული ხომ გამისკდება! პირველი დარტყმა სპექტაკლ "ემიგრანტებზე" მივიღე. 30 წლის განმავლობაში ვიყავით მე და ზურა ყიფშიძე ერთ თეატრში და არასდროს გვითამაშია ერთად.

წამოვედით "კინომსახიობთა თეატრიდან" და "თეატრი ათონელზეს" სცენაზე გადაიკვეთა ჩვენი ბედი. მაგრამ სპექტაკლი ("ემიგრანტებს" ვგულისხმობ) მალევე მოხსნეს. ხალხი დღესაც ითხოვს იმ სპექტაკლს და რეჟისორს ჰქონდა მისი გაჩერების უფლება? ამიტომ იმ და კიდევ რამდენიმე რეჟისორს "მკვლელი" ვუწოდე - გვარებს არ ვასახელებ, მაგრამ თვითონ ხომ "ცნობენ" თავს! ან შეიძლება, ტიტრებში ჩვენი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მსახიობს - ზურაბ ყიფშიძესაც მსახიობი დაუწერო და ათას არაპროფესიონალსაც? ამიტომ აღარ მინდა მსახიობობა, იშვიათად ვჩნდები ეკრანზე და იშვიათად ვიძლევი ინტერვიუს.

- ამ მიზეზით თქვი უარი "გარიგება 2"-ში მონაწილეობაზეც?

- "გარიგება 2"-ის სცენარის წაკითხვისთანავე გამოვთქვი პრეტენზიები, რადგან მინდოდა გაგრძელება გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. პირველი ფილმი საკურსო ნამუშევარი გახლდათ და პრეტენზიაც ნაკლები მქონდა. მან, გარდა პოპულარობისა, ძალიან ბევრი რამ მომცა და კინემატოგრაფთან დაახლოების პირველი ნაბიჯიც აღმოჩნდა. სულ ვფიქრობდი, რომ ოდესმე კინოში "ჩემს როლს" ვითამაშებდი, მაგრამ ჯერ ვერ ავისრულე. არ მინდა, შევიპარო კინემატოგრაფში, მინდა, თამამად შევაბიჯო. ამიტომ ვერიდები ფილმში გადაღებას. ხანდახან ფოტოკამერის წინაც არ ვიცი, ხელი და ფეხი სად წავიღო, საით გავიხედო.

კინოში გადაღებას კი სწავლა, დაოსტატება და "მუღამის" დაჭერა უნდა. ეკრანისთვის არაესთეტიკური ჰაბიტუსით არ უნდა ეჩვენო მაყურებელს; არც "სულერთიას პრინციპით" უნდა წარუდგე და ასე შემდეგ. მე ვერ ავიგდებ აბუჩად მაყურებელს, ამიტომ რამდენიმე მიზეზით ვთქვი უარი "გარიგება 2"-ში მონაწილეობაზე, არადა, ინტერნეტში უამრავჯერ გადავაწყდი ჩემს სახელსა და გვარს ფილმის პლაკატებზე, მონაწილეთა ჩამონათვალში (მაჩვენებს - ი.ხ.). ეს უკვე ჩემი შეურაცხყოფაა!

- გოგა, ხანდახან მეტისმეტად მომთხოვნი ხარ საკუთარი თავის და სხვებისადმიც. ასე ხომ ცხოვრებას ირთულებ?

- ასე რთულად მივდივარ წინ და ამიტომ არ ვარ განებივრებული მსახიობი. მაგრამ არ ვნანობ. არტისტი როლებით იზრდება და თუ იტყვის, რომ უკვე ყველაფერი იცის, იმწამს კვდება! ჩემს მოსწავლეებთან ხან ციყვი რომ ვარ და ხან კურდღელი, ამით მეც და ისინიც უამრავ სასიკეთოს ვსწავლობთ. არაჩვეულებრივი ბავშვები მყავს. ამას წინათ მათთვის თოჯინებიც კი თვითონ დავამზადე ღრუბლისგან - შევიძინე მაკრატლები (მთელი კოლექცია მიჩვენა - ი.ხ.), ვცადე და გამომივიდა კიდეც (იღიმის).

- ბევრჯერ გითქვამს, სამჯერ მაინც უნდა ვცადო საქმის წამოწყება, რომ გამოვიდესო. ესეც შენი ბუნების ბრალია?

- იოლად და ერთი ხელის მოსმით არაფერი მიმიღია ცხოვრებაში. ალბათ, მეც ვართულებ. ამიტომაც დამარქვეს თეატრში "გოგა გადაუწყვეტელი" (იღიმის).

- პირადი ცხოვრებაც არ აგიწყვია ერთი ცდით.

- საბოლოოდ მაინც შევხვდი ადამიანს, რომელმაც გამიმართლა - თამუნა კობერიძეს. გვყავს ანო - დამოუკიდებელი გოგონა, რომელსაც თავისი მსოფლმხედველობა აქვს... სინანულსაც ვგრძნობ - თითქოს რაღაცები გამოვტოვე ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ამას განვიცდი (მაჩვენებს ანოს სამი წლის იუბილეს კადრებს - ი.ხ.). რას ვაკეთებდი იმის ფასს, რომ 24 საათს მის გვერდით არ ვიყავი? ლამის "ჩავხტე" ამ ვიდეოკადრში. ვერ ვიტანდი ანოს საბავშვო ბაღს. იცი, რატომ? მე და მამაჩემი ერთად არ ვცხოვრობდით, მას მეორე ოჯახი ჰყავდა.

ორჯერ თუ სამჯერ მომაკითხა ბაღში და თითქოს იმ დღის ბაღის სუნიც მახსოვს - ბორშჩის თუ რაღაცის... მამის ხელის სუნიც მახსოვს და ვეება ყუთით ნაძვის ხის სათამაშოები რომ მომიტანა, არც ის მავიწყდება. ზოგიერთი დღემდე შემომრჩა და ვკიდებთ ხოლმე ნაძვის ხეზე. ძალიან მიყვარს... ანო საბავშვო ბაღში მოთამაშე რომ დავინახე, ის ძველი განცდები გამახსენდა, ძალიან გავნერვიულდი და აღარც მიმიყვანია იქ. მერე ამაზეც გავბრაზდი - ბავშვის განვითარებისთვის ბაღი საჭირო იყო და კვლავ მივიყვანე. კარგა ხანს გამყვა ეს უცნაური განცდები.

თითქოს სხვის ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ანოს კი ვჩაგრავდი - უკან ვხევდი, სხვა ბავშვებს რომ არაფერი ეფიქრათ. სხვათა შორის, ჩემგან განსხვავებით, ანო საკმაოდ პრაგმატულია და ამგვარმა დამოკიდებულებამ მისი შესაძლებლობების წარმოჩენას ხელი კი არ შეუშალა, პირიქით - შეუწყო, მეტად გაააქტიურა. დღეს ანო უკვე 16 წლისაა, მე კი კვლავ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს იმ გაცდენილი დღეების გამო.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება