ნინი შერმადინი და ვახო ბიჭიკაშვილი ბავშვობიდან მეგობრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ნინის ვახოზე თავიდანვე მექალთანის შთაბეჭდილება დარჩა, ისინი და-ძმასავით უყურებენ ერთმანეთს. ვახო ნინის თეატრალური ინსტიტუტიდან მფარველობს. ახლა მომღერალი "დუბლიონკიანი" ზაურას ხმით ურეკავს მეგობარს. ამაზე ვახო ბრაზდება. "როგორა ხარ, ბიჯოო", მეუბნება და ვგიჟდები, მაგან მაინც ხომ იცის, ზაურა უკვე ყელში რომ ამომივიდაო.
- სად გაიცანით ერთმანეთი?
ნინი:
- საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი, ლადო ჯანელიძემ. მერე თეატრალურში ვსწავლობდით ორივე. იქ ვახო ჩემი ზედამხედველი იყო. ბათუმში უფრო დავახლოვდით. მე და ჩემი დაქალი მარიკა სოსელია, ლადო ჯანელიძე და სხვები წავედით ღამის კლუბში. 17 წლის ასაკში პირველად წავედი ღამის კლუბში. მართალი გითხრათ, არ მომეწონა. ამდენი მთვრალი ხალხი რომ დავინახე, ცოტა შემეშინდა. ლადო დაგვეკარგა, ამ დროს დავინახე ვახო ბიჭიკაშვილი. ეს იყო ნათელი წერტილი ჩემთვის, მამასავით გამომეცხადა იქ. აქ რა გინდაო, გაგიჟდა. შემეშალა, არ უნდა მოვსულიყავი-მეთქი, ვაღიარე, ჩაგვსვა მე და ჩემი მეგობარი ტაქსიში და აგვარიდა იმ არეულობას. მას მერე ყოველდღე ვნახულობდით ბათუმში ერთმანეთს. ერთხელ შუადღეს მიეძინა სკამზე და "გავპასტე". მერე კბილის პასტით დამდევდა, რომ ვერ "გამპასტა", მახრჩობდა.
ვახო:
- საერთო მეგობრის წყალობით გავიცანით ერთმანეთი. ბათუმში დავახლოვდით. ხუჭუჭა თმა ჰქონდა მაშინ, ძალიან ხუჭუჭა.
- როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება მასზე? როგორ გგონია, მას რა წარმოდგენა შეექმნა შენზე?
ნინი:
- მექალთანე მეგონა თავიდანვე და ასეთიც აღმოჩნდა. არც ერთი დაქალი არ დამიტოვა, ყველას გაეარშიყა. ეგრევე იერიშზე გადადიოდა. სულ ვაფრთხილებდი, ჩემს დაქალებთან ასეთები არ გაგივა-მეთქი. რამდენჯერმე აღმოჩნდა ისე, რომ ჩემგან დამოუკიდებლად გაიცნო ჩემი მეგობრები. მერე არკვევდა, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ. მეჩხუბებოდა, ვინ ხარ შენ, რას გადამეკიდე, მთელი თბილისი შენი დაქალი როგორ არისო. მასაც კარგი წარმოდგენა შეექმნა ალბათ ჩემზე, სხვა შემთხვევაში ვერ ვიმეგობრებდით.
ვახო:
- კარგი, რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში არ ვიმეგობრებდით. საერთოდ, სტრატეგიული გათვლები მაქვს მეგობრობასთან დაკავშირებით. თუ ვირჩევ მეგობარს, მას აღარ ვკარგავ. თვითონ, არ მგონია, მთლად გადარეულიყო ჩემზე. გიჟური პერიოდი იყო, გიჟურად მეცვა, თინეიჯერულად, გიჟურად ვიქცეოდი. ალბათ გიჟი ვეგონე (იცინის).
- რა არ მოგწონს მის ხასიათში? როგორ გგონია, მას რა არ მოსწონს შენში?
ნინი:
- ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრობაა, ამიტომ ვახოს უარყოფით მხარეებს უარყოფითად ვერ აღვიქვამ. შეიძლება აქვს კიდეც, ალბათ ცოტა უყურადღებოა, მას რა არ მოსწონს? არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს.
ვახო:
- რაღაც არ მომწონს, მაგრამ არ ვიცი, როგორ გითხრათ. თითქოს ყველაფერი მომწონს, მაგრამ ის ერთი, რომლის სახელსაც ვერ ვამბობ, არ მომწონს. ალბათ იმავეს გეტყვის ნინი ჩემზე.
- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?
ნინი:
- როგორი თავისუფალიც უნდა ჩანდეს ვახო, იმდენად აზიატია, ურჩევნია, გოგო იყოს თავდაჭერილი, მომხიბვლელი, ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა, არ იყოს ეჭვიანი და არ ურეკავდეს გამუდმებით. გულწრფელი ურთიერთობები უყვარს, ჯერჯერობით რაც ვიცი, მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობებით შემოიფარგლება. მე უინტელექტო ადამიანები მაღიზიანებს. უზრდელ ბიჭებს ვერ ვიტან, უსაქმურებს. არ არის აუცილებელი, ბიჭი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდეს. ზრდასრულობის ასაკს რომ მიაღწევს, სულაც არ არის სათაკილო იმუშაოს მიმტანად, ბენზინგასამართ სადგურზე, მაღაზიების ვიტრინების მწმენდავად. იმსახუროს საქართველოს ჯარში, მთავარია, არ იდგეს ბირჟაზე, არ ეწეოდეს რაღაც საზიზღრობას, არ მოიხმარდეს, ნარკოტიკს.
ვახო:
- ალბათ მატყუარა მამაკაცები არ მოსწონს. იმიტომ, რომ ზოგადად ტყუილს ვერ იტანს. ოღონდ არ მოატყუო და თუ გინდა, ყველაზე საშინელი სიმართლე უთხარი. გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მე რაც შემეხება, გააჩნია რისთვის მჭირდება საწინააღმდეგო სქესი. თუ სამეგობროდ მინდა, არ უნდა მომატყუოს, იდაყვები არ უნდა ჰქონდეს გადაქერცლილი (იცინის). თუ სექსუალური პარტნიორი მინდა, მისი ინტელექტი და სულიერი მხარე ნაკლებად მაღელვებს.
- როგორია როცა უყვარს? შენ?
ნინი:
- ანთებულია, ყველას ეფერება, თვალები უბრწყინავს. მგონი, სიმაღლეშიც იმატებს ცოტას (იცინის), მე არ ვიცი როგორი ვარ. ალბათ უფრო მეტად ვიპრანჭები, როგორც ყველა ქალი. სულ სარკეში ვიყურები, როცა არ მიყვარს მაშინაც. თუ სარკე არ მაქვს, მაღაზიის ვიტრინებში ვათვალიერებ საკუთარ თავს.
ვახო:
- მაგარია. უფრო მაგრად მღერის. უფრო კომუნიკაბელური და ბედნიერია. მე, როგორც მიყურებ ახლა, ისეთი ვარ. სულ შეყვარებული ვარ და არასდროს ვამხელ, ვისზე.
- გაბრაზებას როგორ გამოხატავს? შენ?
ნინი:
- ვახო გაბრაზებული არ მინახავს. მე დიდი მოთმინების უნარი მაქვს. შემიძლია, უსაზღვროდ ბევრი შეცდომა ვაპატიო, მაგრამ მერე შეიძლება, ერთი სიტყვის გამო დავკარგო. როცა ვბრაზდები, პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე, ზურგს უკან არასდროს არავისზე არაფერი მითქვამს. ჩემზე კი ბევრს ულაპარაკია ზურგს უკან, მათ შორის ისეთებსაც, ვისგანაც აბსოლუტურად არ ველოდი.
ვახო:
- უცბად ფეთქდება, მაგრამ უცბადვე ქრება. "იდიოტო!" - გეტყვის და მორჩა. მე ვერ გეტყვით, როგორი ფრაზებით გამოვხატავ გაბრაზებას, უხერხულია. შეიძლება ნივთებიც დავამტვრიო გაბრაზებულ გულზე.
- ვინ არის ჰოროსკოპით? შენ?
ნინი:
- მშვილდოსანი ვართ ორივე.
ვახო:
- არ ვიცი, თხის რქა, ალბათ. მე მშვილდოსანი ვარ.
- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?
ნინი:
- 26 ნოემბერს. მე 11 დეკემბერს.
ვახო:
- არ მახსოვს. არადა, ნამყოფიც ვარ მის დაბადების დღეზე, ნაქეიფარიც.
- წელიწადის დროც არ გახსოვს?
- თხის რქის ვარიანტს თუ "მივაწვებით", ზამთარი უნდა იყოს, მე 26 ნოემბერს დავიბადე.
- როგორია მთვრალი? შენ?
ნინი:
- სასაცილო. ცეკვავს, მღერის, გვართობს გარშემო მყოფებს. მე არ ვთვრები. არ ვსვამ, არ ვეწევი, არ ვიკეთებ (იცინის). არ დავდივარ ღამის კლუბებში, თავი მისკდება ხმამაღალ მუსიკაზე. მყუდრო სიტუაცია მირჩევნია.
ვახო:
- მგონი არ სვამს. სიმბოლურად შეიძლება მოწრუპოს კარგი ღვინო. მთვრალი ვახო არის მომღერალი, მოცეკვავე, მოჩხუბარიც, თუ გამაბრაზეს. ლაშა მუმლაძე მაბრაზებს ხოლმე ძირითადად, "რუსთავი" 2"-ის ოპერატორი. სხვა ვერავინ ახერხებს ამას. პროვოკაციულ შეკითხვებს მისვამს, ისეთ ადგილებზე მექაჩება, სადაც წასვლა არ მინდა. ბოდიალა ადამიანია რა...
- შენ არა?..
- მეც ბოდიალა ვარ, ლაშა მუმლაძემ მასწავლა ბოდიალი!
- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობს უფრო ხშირად?
ნინი:
- არც ერთი. რქებით ვასკდებით ერთმანეთს (იცინის).
ვახო:
- ალბათ მე, არ ვიცი. ისე, ერთხელ მახსოვს, ნინიმაც დათმო, ისეთი არგუმენტი ვუთხარი, მიხვდა, მართალი ვიყავი.
- თუ გახსოვს რაზე იკამათეთ?
- მახსოვს, მაგრამ არ ვიტყვი. მისი პირადულია და ამიტომ.
- ტყუილის თქმა ეხერხება? შენ?
ნინი:
- არა, მაშინვე ვხვდები, თუ მატყუებს. მარტო ვახოზე კი არა, ყველაზე ვხვდები, ვინც მატყუებს. მეც არ გამომდის, მეორე წუთას ისეთ რამეს ვამბობ, რომ ეგრევე ვიყიდები. თან მეცინება, ვიბნევი. მყავს მეგობრები, რომლებიც წამებში ისეთ ტყუილს ამბობენ, თვითონაც სჯერათ. ამაზე ვგიჟდები.
ვახო:
- რა თქმა უნდა, ყველაფერი მოგატყუე ახლა, რაც ვილაპარაკეთ (იცინის). ნინისაც გამოსდის ტყუილი ფანტასტიკურად. ჩემთვისაც მოუტყუებია, მაგრამ მივმხვდარვარ.
- რას უკონტროლებთ ერთმანეთს?
ნინი:
- ვახო სახლში მისვლის საათებს მიკონტროლებს, რომ ღამით ქუჩაში არ ვიყო, ვინმე ბიჭი არ მომეკაროს. მან იცის სად გავიზარდე, ვინ არიან ჩემი მშობლები და როგორი გადაყოლილები არიან ჩემზე. იცის ჩემი რეპუტაცია, სახელი და ის, რომ ამ სახელით ვამაყობ. ამ სახელს ძალიან უფრთხილდებიან ჩემი მეგობრები.
- თაყვანისმცემლებსაც ხომ არ გიკონტროლებს?
- შეიძლება მიკონტროლებს ჩემგან დამოუკიდებლად. არ ვიცი. მე ვურჩევ, არასერიოზული ურთიერთობები არ დაამყაროს გოგონებთან. იმდენად დადებითი ადამიანია, ადვილად აყვარებს გოგონებს თავს. მე, როგორც ქალი, ქალის პოზიციას ვიცავ. ვეუბნები, რომ არ შეიძლება ქალის გრძნობებზე თამაში. ერთხელაც ცუდად მოუტრიალდება, საკუთარ ტყავზე გამოცდის და არ მინდა, არ მემეტება ამისთვის.
ვახო:
- მითხრეს, რომ "პროფილში" ისეთი კოლჰოტი სცმია, მე რომ არ მიყვარს. კიდევ კარგი არ მინახავს. მაგაზე უნდა მივცე შენიშვნა. გვიან რომ ვნახულობ ბარში, სახლში ვაგდებ. ნინი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, დასავით ვუყურებ და როცა იმდენი ალკოჰოლი მაქვს დალეული, რომ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ, ვეუბნები, სახლში წავიდეს. უღირს თაყვანისმცემლებს, სანამ თვითონ გაიგებს, მანამდე ვაშორებ. ნინიც მიკონტროლებს თაყვანისმცემლებს. რამდენჯერმე რჩევაც მოუცია ამა თუ იმ გოგონას შესახებ.
- პუნქტუალურია? შენ?
ნინი:
- კი, მეც პუნქტუალური ვარ. ადრე უფრო მიჭირდა დროის შეგრძნება. საბერძნეთში დამეხმარნენ, იქ ერთ წუთს არ გაპატიებენ.
ვახო:
- არ არის პუნქტუალური, სულ ველოდები და დაგვიანების მიზეზი ყოველთვის აქვს, უაზრო მიზეზი. მაგალითად, უთო დამრჩა ჩართული და ავბრუნდი უკან და ა.შ. მე ნამდვილად პუნქტუალური ვარ. აი, ხომ ხედავ, 20 წუთი გავიდა და ჯერ არ მოსულა ნინი. მე კი ზუსტად დათქმულ დროზე მოვედი.
- რას საყვედურობთ ერთმანეთს?
ნინი:
- არაფერს.
ვახო:
- ნინი არაფერს მსაყვედურობს. მე მინდა, უფრო მაგარი "როჟა" იყოს. შეუძლია, ამის რესურსი აქვს, უნიჭიერესია. მინდა, სწორად გამოიყენოს დრო. არ მინდა დაეცეს იმის გამო, რომ ოჯახი დაენგრა. არ იაროს გვიან ბარებში, არ მინდა, ვინმემ მასზე ცუდი თქვას, ამიტომ კეთილ საყვედურებს, უფრო სწორად, რჩევებს ვაძლევ ამ მხრივ. არ მინდა, ზედმეტი თავისუფლება ჰქონდეს.
- ბოდიშის მოხდა უადვილდება? შენ?
ნინი:
- შეიძლება სიტყვა "ბოდიში" არ თქვას, მაგრამ გაგრძნობინებს, რომ დამნაშავე იყო, მე უფრო ადვილად ვამბობ ამ სიტყვას, თუ დამნაშავე ვარ.
ვახო:
- კი, არც მე მიჭირს ბოდიშის მოხდა. თუ დამნაშავე ვარ, რატომაც არა, ამით ვმაღლდები.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ნინი:
- არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს.
ვახო:
- ალბათ ჩემსავით ჩემს დაბადების დღეს ვერ გაიხსენებს. ისედაც არ მგონია, ბევრი რამ დაემთხვას, დიდი პაუზა გვქონდა ურთიერთობაში.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)