უკვე მეორე დღეა დიდი განხილვის საგანია კახეთში მდებარე სასტუმრო კომპლექს „Agarani Estate“-ში მომხდარი ინციდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფ ტურისტებსა და ქორწილის სტუმრებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა.
მომხდარის მიზეზებზე მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა „რუსული საუბრის“ გამო მოხდა, თუმცა მოგვიანებით საქმეში ახალი დეტალები და მოწმეთა ჩვენებები გაჩნდა. ვიდეოში ასახული მამაკაცის ძმა ამბობს, რომ ქალებმა ქორწილის სტუმრებს, მათ სუფრას და აპარატურას ორჯერ, განგებ გადაასხეს წყალი - ხმაურობენო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
"ბრმა უნდა იყო, ან უარესი რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რაც ფაქტობრივად ფართო მასშტაბიან მიგრაციულ ექსპანსიაში გადაიზარდა. ამას ემატება ეკონომიკური, ფინანსური, საინფორმაციო, კულტურული და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ექსპანსია, რაც რბილი ძალით ოკუპაციის პირველი და იმპერიისთვის უაღრესად “წარმატებული” ფაზაა.ამ დასკვნის გაკეთებას არ უნდა დიდი ექსპერტობა - საკმარისია გაიაროთ თბილისის ცენტრალური უბნების ქუჩებში, ბათუმში და ახლა უკვე რეგიონებშიც.
ჩართოთ ტელევიზორები, მოუსმინოთ სახელისუფლებო და მათთან აფილირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს. გაეცნოთ რუსეთიდან უკონტროლო, დაუსაბუთებელი ფინანსური ნაკადების თუნდაც საბანკო სტატისტიკას. აღარაფერს ვამბობ “ქეშის” შემოდინებაზე.
ის, რაც კახეთში მოხდა, უბრალოდ აშიშვლებს იმ მარტივ სურათს, რომ არსებულ მოცემულობაში რუსეთის სპეც-სამსახურებს უკვე ძალიან მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი პროვოკაციის, ან თუნდაც სერიის მოწყობა, ამის “ფაშიზმად” მონათვლა და “საკუთარი მოქალაქეების დაცვის” ეგიდით ოკუპაციის ცხელ ფაზაზე გადასვლა.
გასაგებია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს თითქოს არც სჭირდებათ, ისედაც შეიტყაპუნეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს ამ ნელი მოქმედების ნაღმის ამუშავება პოლიტიკის ცივილიზებული სამყაროსკენ შემობრუნების მცდელობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა. ამიტომ იყო იანუკოვიჩის პოლიტიკა დანაშაულებრივი. საქართველოშიც იგივე გზას გავდივართ, როდესაც სწორედაც რომ “მშვიდობის” სახელით მტრის მიმართ ლოიალობა ხდება რეალურად ომის საფუძველი…" - წერს ხუხაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: