საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერს კანონზომიერს და ლოგიკურს უწოდებს. ამიტომაც აღმოჩნდა სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე და არა - საოცნებო თეატრალურ ინსტიტუტში.
ამბობს, რომც გამოეცხადებინათ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება, ფანტასტიკაც კი იყო იქ მოხვედრა, ბედსაც ვერ ვცდიდიო. მშობლებსაც დიდი ზეგავლენა ჰქონდათ მის გადაწყვეტილებებზე... თუმცა რეჟისორობა ამოცანად დაისახა და არათუ სჯეროდა, კინოში მუშაობას რომ შეძლებდა, იცოდა, რა გზა უნდა გაევლო და თეატრალურ ინსტიტუტში მაინც ჩააბარა. ახლაც სწამს, რომ ეს გარდაუვალი იყო.
სადიპლომო ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ვაგონეტი" საქართველოსთვის უმძიმეს, 1990-იანი წლების დასაწყისში გადაიღო. მის ცხოვრებაში იყო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გამარჯვებები და ნიუ-იორკის კინოაკადემიის პრიზი, რის შემდეგაც სწორედ იმ აკადემიაში წავიდა სასწავლებლად.
რა გზა გაიარა სოფელ ძეგვიდან "გაღმა ნაპირამდე", პირველ სრულმეტრაჟიან ფილმამდე, რომელმაც აღიარება, დიდი სიყვარული და უამრავი პრიზი დაიმსახურა და რომლის დარი, წლებია, არავის გადაუღია საქართველოში? ამჯერად ერთმანეთის პირისპირ გაღმა და გამოღმა ნაპირზე ორი გიორგი დგას: უკვე ცნობილი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, მდინარის გამოღმა კი - პატარა ბიჭი ოცნებებითა და მიზნებით. რას იტყვის უფროსი გიორგი უმცროსზე, როგორია "ის" ბიჭი?
- ანუ, ორივე გიორგი მე ვარ, არა? მხოლოდ წლები მომემატა, თორემ ისევ იმ ტერიტორიაზე ვცხოვრობ და ვიბრძვი. არსად წავსულვარ, ის ბავშვი არასდროს მიმიტოვებია. ვფიქრობ, ჩემი ყოველი ნაბიჯი უკან დაბრუნებაცაა, რადგან სწორედ იმას, იმ ბიჭს ვეყრდნობი. ძალიან მიზანდასახულია, ჯინიანიც გადაწყვეტილების მიღებისას. ბოლომდე იბრძვის მაშინაც კი, როცა თითქოს გამოსავალი არ ჩანს... და რადგან ორივე ნაპირზე მდგომი ადამიანი ისევ და ისევ მე ვარ, თხრობას პირველ პირში განვაგრძობ (იღიმის)... 13 წლისამ გავაცნობიერე, რას ნიშნავდა კინორეჟისორის პროფესია - პირველად ვნახე დახურულ ბნელ დარბაზში, დიდ ეკრანზე ფანტასტიკური, მოძრავი და მოლაპარაკე სურათები. ეს იყო კინო და ფილმს ერქვა "ჩერმენი" და იყო მე-19 საუკუნის გმირ კავკასიელზე, რომელიც უსამართლობას ებრძოდა.
მას შემდეგ "ჩერმენზე" არაფერი მსმენია, მაგრამ მისმა გმირობამ, მთის ულამაზესმა პეიზაჟებმა და ზოგადად კინომ უდიდესი შთაბეჭდილება დამიტოვა. სოფელ ძეგვში გავიზარდე, იქ სახლი მაქვს, დედა ცხოვრობს. მშობლები მათემატიკოსები მყავდნენ - პედაგოგები. დედა ახლაც მუშაობს ძეგვის სკოლაში, მამა კი გარდაიცვალა. ძეგვია სწორედ ის ადგილი, სულის თავშესაფარი, სადაც გავრბივარ, თუკი გასაქცევი ვარ... მთელი ცხოვრება დონ კიხოტად გავატარე, ჩემი გმირი იყო, მისი გავლენით ვცხოვრობდი, თითქოს ჩემში იყო და ნაბიჯებს მკარნახობდა.
მეც ვებრძოდი ქარის წისქვილებს, ვაპროტესტებდი უსამართლობას და ხშირად ჩიხშიც აღმოვჩენილვარ, დეპრესიაში ჩავვარდნილვარ, როდესაც სამართლიანობას ვერ ვამკვიდრებდი. ისე კი, ჩხუბი და აყალმაყალი არ მიყვარდა, სულ რამდენჯერნმე ვიჩხუბე ბავშვობაში. მშობლების სტატუსი ძალიან მზღუდავდა, რადგან ჩემი უმცირესი მცდარი საქციელიც კი უმძიმეს დანაშაულად აღიქმებოდა - ასეთი დრო იყო, 1970-იანი წლების მიწურული.
არც არაფერს ვაშავებდი. უკონფლიქტო და საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. შატალოზეც კი რამდენჯერმე წავედი და ჯოხი, რასაკვირველია, ჩემზე გადატყდა. უმკაცრესი მამა მყავდა, სასწავლო ნაწილის გამგე იყო და მისი ყველას ეშინოდა. მეც მეშინოდა. მისგან მხოლოდ რამდენჯერმე მახსოვს სილის გაწვნა - გამოცდილი პედაგოგი იყო და კარგად იცოდა, რაც იშვიათად გამაწნავდა, მით უფრო ეფექტიანი იქნებოდა (იღიმის). მაგრამ ის "რამდენჯერმე" ცის ჩამოქცევას ნიშნავდა...
- ფიქრობთ, რომ ოჯახში უსამართლოდ გექცეოდნენ?
- ვფიქრობ, რომ ჩემს მშობლებს პასუხისმგებლობა ჰქონდათ იმ ადამიანების წინაშე, ვისთან ერთადაც მუშაობდნენ, ამიტომ ვისჯებოდი მე. სხვათა შორის, მშობლების სიმკაცრე ცხოვრებაში გამომადგა კიდეც. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს შვილებთან ასე არ ვიქცევი და მიმაჩნია, რომ მათთან სამართლიანი ვარ (უცებ იქვე მჯდომ 9 წლის ქალიშვილს ჩაეკითხა: ელისაბედ, მამა როგორია შენთან და ალექსანდრესთანო? პასუხად კი აღმოჩნდა, რომ, მამა სამართლიანია მაშინაც კი, როცა ჩხუბობს, რადგან ჩხუბობს იმიტომ, რომ ბავშვები აბრაზებენ - ი.ხ.)... მშობლების სიმკაცრემ დისციპლინას მიმაჩვია და ვერც სხვისგან ვეგუები უდისციპლინობასა და უპასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში ძალიან კატეგორიული ვარ ადამიანებთან, განსაკუთრებით საქმიანი ურთიერთობისას.
ყოველთვის მაქსიმუმს გავცემ და იშვიათად ვიღებ საპასუხოს, ამიტომ, არც საკუთარი თავი და არც საქმე რომ არ ვაზარალო, კარგა ხანია, გამოვიმუშავე და ერთი ხელის მოსმით ვწყვეტ ურთიერთობას - ახსნა-განმარტების გარეშე, ღიმილით ვემშვიდობები ადამიანებს. აუცილებლად არ მიმაჩნია, ბევრს ვუყვარდე, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩემი ფილმები ხალხს უყვარდეს. ჩემი ფილმები მაყურებლისთვისაა და თუ მაყურებელი კარგად იგებს ჩემს სათქმელს, ამით ბედნიერი ვარ. რასაკვირველია, ცხოვრების გზაზე წინააღმდეგობაც მხვდება, მაგრამ ამით არ ვბრკოლდები, პირიქით, ეს მიმანიშნებს, რომ სწორად მივდივარ. მე ხომ ისევ ჩემი საოცნებო დონ კიხოტი ვარ, რომელიც არასდროს ყრის ფარ-ხმალს!
ჩემს სავალ გზაზე მივდივარ და არც არავისზე უკეთესად მიმაჩნია თავი. იოლად არაფერი მიკეთებია. წარმოიდგინეთ, 10 წელიწადი დამჭირდა, რომ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - "გაღმა ნაპირი" გადამეღო. არც თუნდაც "გაღმა ნაპირის" აღიარება და წარმატება მაძლევს სამომავლოდ სხვა პროექტების იოლად განხორციელების გარანტიას. ასე რომ, დაბრკოლება მუდამ იქნება და ყოველთვის დიდი ძალისხმევით უნდა გადალახო. მწამს, გადავლახავ კიდეც (ვუსმენ და მგონია, თითქოს მისი ცხოვრებაც მათემატიკურ ფორმულას ჰგავს, ან თვითონ მათემატიკას - ზუსტ მეცნიერებას - ი.ხ.)...
- თქვენს გმირს, "გაღმა ნაპირის" თედოს რით ჰგავხართ?
- თუნდაც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლით, თუმცა თედო ამ ბრძოლაში, ძირითადად, მარცხდება. თედო ყოველთვის ჩუმადაა და რაც ირგვლივ ხდება, მასშიც ხდება, მაგრამ სააშკარაოდ არასდროს გამოაქვს, ჩაკეტილია, ჩაკეტილობა კი მეც მახასიათებდა ბავშვობაში. მოგზაურობითაც, უპირველესად საკუთარ თავში მოგზაურობს. ალბათ, ჩემი ცხოვრებაც ძალიან ჰგავს მისას: დასანახავად ცოტა რამ გამომაქვს გარეთ, გაცილებით მეტი ჩემში რჩება. იმ "მეტს" ანარეკლად ისევ ჩემს ფილმებში თუ წააწყდებით. მაგალითად, ვერასდროს ვუმჟღავნებდი გოგონას, რომ მომწონდა.
12-13 წლის ვიყავი, სერიოზულად რომ შემიყვარდა. იმ გოგონას სოფიკო ერქვა, ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე თბილისიდან, ფაქტობრივად, არც ვიცნობდი, ჩემზე უფროსი იყო და სოფლის ათ მაგარ ბიჭს უყვარდა. მუდამ თავპირისმტვრევა და ჩხუბი იყო მისთვის (იცინის). არათუ იმ გოგომ, საერთოდ, არავინ იცოდა, რომ მიყვარდა. გრძნობას ვმალავდი არა იმ ბიჭების შიშით, ვერაფრით დავუშვებდი, რომ სოფიკო ოდესმე შემომხედავდა, მომიწონებდა. მაინც გაიგეს ბიჭებმა, მიმიხვდნენ და სამი ჩემზე ძლიერი ბიჭიც კი სასტიკად გავლახე ცალ-ცალკე ამის გამო. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოვახერხე, თანაც, ხომ გითხარით, არასდროს ვჩხუბობდი-მეთქი (იცინის). ალბათ, სწორედ ის გოგონა იყო ჩემი დულსინეა!
- ოჯახზეც გვიამბეთ, მგონი, თქვენზე გაცილებით უმცროსი მეუღლე გყავთ.
- პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს ლაპარაკი... ჩემი მეუღლე - ნინო 18 წლითაა ჩემზე უმცროსი. ორი შვილი გვყავს: 9 წლის ელისაბედი - ლიზი და 5 წლის ალექსანდრე. პირველი ქორწინებიდან კი 22 წლის ვაჟი მყავს, ბაჩანა... პირველი ოჯახის დანგრევა უდიდესი ტრაგედია იყო ჩემთვის. ძალზე ახალგაზრდა ვიყავი, ალბათ, რომანტიკაც ჭარბობდა გრძნობაში და უცებ დიდი იმედგაცრუება მოჰყვა იმ სიყვარულს... მერე, ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და დარწმუნებული ვიყავი, ცოლს არასდროს შევირთავდი. ვფიქრობდი, რომ ამას მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა და არ მჭირდებოდა.
ამერიკაშიც იმ განწყობით წავედი, რომ უკან არასდროს დავბრუნებულიყავი, მაგრამ ახლობლების მოსანახულებლად მაინც ჩამოვედი და... შევხვდი ნინოს. ხომ ჩემზე გაცილებით უმცროსია? საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკობრივ სხვაობას. არც არასდროს მიმიჩნევია ასაკი, და არც არაფერი, ადამიანების ურთიერთობის გადამწყვეტ ფაქტორად. ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება მოგვარებული მაქვს, ოჯახი საქმიანობაში ხელს არ მიშლის, პირიქით, მხარს მიჭერს. ერთადერთი ისაა, რომ ბავშვებისთვის ცოტა დრო მრჩება და მუდამ მელიან: ალექსანდრე სულ ითვლის დღეებს, როდის მივდივარ საქართველოდან და ვბრუნდები...
- მაინც როგორია "თქვენი კინო"?
- ჩემი კინო ყოველთვის ადამიანებზეა კონცენტრირებული და არა - მოვლენებსა და ფაქტებზე. "გაღმა ნაპირის" თემამ თავიდან შემაშინა კიდეც, მაინც კონკრეტული მოვლენა - კონფლიქტი ედო საფუძვლად, თუმცა ვფიქრობ, რომ სცენარზე მუშაობის შემდეგ ეს ფილმი საბოლოოდ არც სოციალური და არც პოლიტიკური გამომივიდა, ის ჩემთვის მაინც ადამიანური დრამაა. ამიტომაც ვიმეორებ: ჩემი კინო ადამიანებზეა.
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)