კანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

კანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

საფრანგეთის დედაქალაქში კანის კინოფესტივალის პროგრამა ოფიციალურად გამოქვეყნდა.

ფესტივალის ძირითადი პროგრამისთვის 19 ფილმი შეირჩა. მათ შორის ბოლო სურათია ესპანელი რეჟისორის - პედრო ალმადოვარის "ტყავი, რომელშიც ვცხოვრობ" (La piel que habito). როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფილმის ბედი დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო. ბოლო წუთამდე თავად რეჟისორმაც არ იცოდა, რომ ფილმის მომზადებას ფესტივალისთვის მოასწრებდა და მის პრემიერას საკუთარ სამშობლოში გეგმავდა. თუმცა საბოლოოდ, ფესტივალის გენერალური დირექტორის ტერი ფრემოს თქმით, "ფილმის პრემიერა იმაზე ადრე შედგება, ვიდრე ესპანეთში იყო დაგეგმილი”.

ძირითად პროგრამაში მოხვდა ასევე ლარს ფონ ტრიერის "მელანქოლია" (Melancholia), ძმების - ჟან პიერ და ლუკ დარდენების "ბიჭი ველოსიპედით" (Le Gamin au velo), აკი კაურისმიაკის "ჰავრომი" (Le Havre), პაოლო სორენტინოს "ეს ის ადგილი უნდა იყოს" (This Must Be The Place) და ტერენს მალიკის "სიცოცხლის ხე" (The Tree of Life).

კანის კინოფესტივალის უცვლელი პრეზიდენტი ჟილ ჟაკობი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წელს ძირითადი პროგრამისთვის ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული რეკორდულად ბევრი - ოთხი სურათი შეირჩა. მათ შორისაა, ჯულია ლის "მძინარე მზეთუნახავი" (Sleeping Beauty). 

კონკურსზე სულ 1715 ფილმი იყო წარდგენილი, რომელთაგან ორგანიზატორებმა განსხვავებული კატეგორიებისთვის 33 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა 49 ფილმი შეარჩიეს. კინოფესტივალზე რუსეთს რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე წარადგენს ფილმით "მონადირე". ბაკურაძე კანის კინოფესტივალში უკვე მეორედ მონაწილეობს. 2008 წელს მან თავისი სადებიუტო ნაშრომი "შულტესი" წარადგინა.

როგორც ჟილ ჟაკობმა აღნიშნა, წელს განსაკუთრებული ყურადღება იაპონიას დაეთმობა, იმ ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ქვეყანას თავს დაატყდა. კინოფორუმზე დიდი ყურადღება დაეთმობა ასევე ტუნისსა და ეგვიპტეს, ამ ქვეყნების მოსახლეობის სიმამაცის მიმართ პატივისცემის ნიშნად. ეგვიპტე წელს ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსს მიიღებს.

ფესტივალზე არ იქნება რამდენიმე ცნობილი რეჟისორის ფილმი. ახალი ნამუშევრების დასრულება ვერ მოასწრეს დევიდ კრონენბერგმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ და ვონგ კარ-ვაიმ, უფროსმა ალექსეი ჰერმანმა კი მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კანის 64-ე კინოფესტივალი 11-დან 22 მაისის ჩათვლით გაიმართება და ვუდი ალენის ახალი ფილმის "შუაღამე პარიზში" პრემიერით გაიხსნება. ძირითადი ჟიურის თავმჯდომარე რობერტ დე ნირო იქნება, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის - თავმჯდომარე მიშელ გონდრი, "განსაკუთრებული ხედვის" პროგრამის ჟიურის თავმჯდომარე კი - ემირ კუსტურიცა.

მომზადებულია openspace.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება