"გარიგება 2" გოგა პიპინაშვილის გარეშე - რა მოხდა რეალურად?

"გარიგება 2" გოგა პიპინაშვილის გარეშე - რა მოხდა რეალურად?

ფილმი "გარიგება", რომელიც მეტად წარმატებული სარეჟისორი დებიუტი გამოდგა, მსახიობმა და რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა 1993 წელს გადაიღო.

"გარიგება" ქართველმა მაყურებელმა მიიღო და შეიყვარა. ფილმის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მთავარი როლების შემსრულებლებმა: ნანული სარაჯიშვილმა და გოგა პიპინაშვილმა შეასრულეს. მოკლედ, ფილმმა თავისი ადგილი დაიკავა ქართული კინემატოგრაფიის უახლეს ისტორიაში. ამიტომაც, როგორც კი გახმაურდა ამბავი, რეჟისორი ფილმის გაგრძელებაზე, ანუ "გარიგება 2"-ზე იწყებს მუშაობასო, ქართველი მაყურებელი მაშინვე დაინტერესდა ამ საკითხით და ამას არაერთი საგაზეთო სტატია თუ სატელევიზიო სიუჟეტი მიეძღვნა. მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა ფილმის გამოსვლას.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს შედგა კინოპრემიერა, გარკვეული ხნის შემდეგ მაყურებელმა ტელეპრემიერაც იხილა. ფილმის მხატვრულ მხარეზე არ ვაპირებთ ლაპარაკს, ეს კინოკრიტიკოსებისთვის მიგვინდია. საქმე ისაა, რომ მაყურებელთა უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს (მიტო) ცნობილი მსახიობი გოგა პიპინაშვილი არ ასრულებდა. გაჩნდა კითხვა: რა იყო მიზეზი? ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იმიტომაც აღმოჩნდა, რომ ფილმის პიარკამპანიის დროს არავის უთქვამს, გოგა პიპინაშვილი ფილმში არ ითამაშებსო.

ამა თუ იმ სატელევიზიო გადაცემაში ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები თუ პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი ამბობდნენ, რომ სიურპრიზს უმზადებდნენ მაყურებელს, ზოგჯერ კი კინოგმირ მიტოს ბედზე ლაპარაკისას, ხუმრობით აცხადებდნენ, - მიტო მივლინებაშიაო. ხშირად სატელევიზიო სიუჟეტებში გამოყენებული იყო კადრები პირველი ფილმიდან სწორედ გოგა პიპინაშვილის მონაწილეობით. გარდა ამისა, ინტერნეტში შეიძლება დღესაც მოიძიოთ პლაკატი, სადაც ფილმში მონაწილე მსახიობთა შორის გოგა პიპინაშვილსაც ასახელებენ. ყოველივე ამის შემდეგ ბუნებრივად ისმის კითხვა, ხომ არ დარჩა მოტყუებული რიგითი მაყურებელი და ხომ არ გამოიყენეს ფილმის პიარკამპანიისას პოპულარული მსახიობის სახელი?

"გარიგება 2"-ში (იგივე "გარიგება ოცი წლის შემდეგ") მიტოს როლს რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი ასრულებს, რომელიც ინტერნეტგვერდ სანა.გე-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში კითხვაზე - რატომ არ მონაწილეობდა გოგა პიპინაშვილი ფილმში, პასუხობს: "როცა ეს სცენარი დაიწერა, ნათია (ბატონი ზაზას მეუღლე, სცენარისტი ნათია გოგოჭური - ავტ.) ფიქრობდა, რომ მიტოს როლი მე უნდა მეთამაშა, მაგრამ ვერ გავბედე და ყველაზე მეტად ვისაც ვენდობოდი, ეს იყო უნიჭიერესი მსახიობი გოგა პიპინაშვილი.

ამჯერად გამოუვალი მდგომარეობის გამო მომიწია მიტოს როლის თამაშმა. ძალიან ძნელი ყოფილა, როცა სხვა მსახიობი იწყებს და მერე შენ უნდა გააგრძელო. თუმცა მთლიანობაში ფილმში მე და გოგა ისე ვგავართ ერთმანეთს, რომ ვუყურებდი, ხანდახან ეჭვიც მეპარებოდა, გოგა ხომ არ თამაშობს-მეთქი." ამ საკითხზე ლაპარაკს გაურბოდა გოგა პიპინაშვილიც, შესაბამისად, გაჩნდა უამრავი ჭორი და დაიწყო მითქმა-მოთქმა. ამბობდნენ, რომ მიზეზი ფინანსებზე შეუთანხმებლობა იყო, რომ სერიოზული დაპირისპირებაა ზაზა კოლელიშვილსა და გოგა პიპინაშვილს შორის და ა.შ. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც. "გარიგება 2"-ის ერთ-ერთ კადრში ჩნდება გოგა პიპინაშვილის პორტრეტი, რის თაობაზე ხუმრობაც კი მოვისმინე: ახალ "გარიგებაში" მიტოს როლს გოგა პიპინაშვილის სურათი ასრულებსო.

იმის გასარკვევად, რა მოხდა რეალურად, ფილმის პროდიუსერ დავით ბეჟიტაშვილს დავუკავშირდით.

- ბატონო დავით, რატომ არ ითამაშა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა ფილმში?

- გოგა პიპინაშვილმა ფილმში თამაშზე უარი თქვა, მიზეზიც მას ჰკითხეთ.

- ფილმის პიარკამპანიისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მიტოს როლს სწორედ გოგა პიპინაშვილი ასრულებდა...

- ტყუილია, თქვენ სადმე გინახავთ, რომ გოგა პიპინაშვილის სახელი გვეხსენებინა?

- ინტერნეტში ადვილი მოსაძებნია ფილმის სარეკლამო პლაკატები, სადაც გოგა პიპინაშვილის გვარ-სახელიც წერია.

- ეს არ იყო ფილმის პლაკატი, ეს იყო ჩვეულებრივი ლიფლეტი, რომელიც სარეკლამოდ არ გამოყენებულა. არის მხოლოდ ორი ოფიციალური სარეკლამო პლაკატი, სადაც არსად წერია "გოგა პიპინაშვილი". ჩემთვის მთავარი ის არის, რომ "გარიგება 2" მიიღო მაყურებელმა, ჰქონდა მაღალი რეიტინგი როგორც კინოთეატრებში, ასევე სატელევიზიო პრემიერისასაც. ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი.

- რატომ არ ითქვა, რომ "გარიგება 2"-ში გოგა პიპინაშვილი არ მონაწილეობდა?

- არსად, არც ერთ სატელევიზიო სიუჟეტში, არც ერთ ჟურნალში არ გვითქვამს, რომ მონაწილეობდა, დანარჩენს, რას ვიტყოდით, ჩვენი საქმეა. თანაც "გარიგება" არის მაროს ისტორია, ადამიანებს უფრო აინტერესებდათ ნანული სარაჯიშვილი და მარო, ვიდრე გოგა პიპინაშვილი და მიტო. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო კინოგაქირავებაში არაერთი ყოფილა. ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, მგონი, შვიდჯერ შეცვალეს. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ამისთვის არსებობს სხვა გზა და იმ გზას მიმართოს. კითხვებზე მეტად აღარ გიპასუხებთ, საკმარისია. მადლობა, რომ დამირეკეთ.

- ფილმში ჩნდება გოგა პიპინაშვილის ფოტო, ამაზე რას მეტყვით?

- გაუგებრად გითხარით რამე? ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, კარგად ბრძანდებოდეთ.

ამის შემდეგ მსახიობ გოგა პიპინაშვილის პროდიუსერ გელა მაისურაძეს დავუკავშირდით:

- ამ ფილმზე გოგა პიპინაშვილის მიწვევის შემდეგ მე დაველაპარაკე დავით ბეჟიტაშვილს. სწორედ მაშინ ვკითხე, სცენარი წაკითხული თუ გაქვს-მეთქი?

არაო, - მითხრა. მოდი, წაიკითხე შენც, ჩვენც გავეცნობით და მერე უფრო დეტალურად განვიხილოთ-მეთქი. ასეც შევთანხმდით, რამდენიმე დღეში წამოვიღე სცენარი, რომლითაც მეც და გოგაც იმედგაცრუებულები დავრჩით.

ვინც ნახა ფილმი, ალბათ, დამეთანხმება, რომ სცენარი კრიტიკას ვერ უძლებს... ამის შემდეგ ბეჟიტაშვილს დავუკავშირდი და ვუთხარი, ამ ფილმში გოგა ვერ ითამაშებს-მეთქი, თუმცა გვქონდა სცენარის გადაკეთების იდეა, რაც გავაცანით რეჟისორსა და სცენარისტს, ასევე დავით ბეჟიტაშვილსაც. საბოლოოდ უარი თქვეს ჩვენს შეთავაზებაზე, ამიტომ გოგამაც ფილმში გადაღებაზე უარი განაცხადა. პირველი ფილმის შემდეგ მაყურებელი ელოდა, რომ გაცილებით უკეთეს ფილმს გადაიღებდნენ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- ვარაუდობენ, რომ თქვენსა და ფილმის პროდიუსერს შორის უთანხმოება ფინანსების გამო შეიქმნა.

- ტყუილია, მაგ საკითხზე მე და დავით ბეჟიტაშვილს პრობლემა არ გვქონია. თავდაპირველად გოგა სასინჯ ფოტოსესიაშიც მონაწილეობდა, თუმცა ის ფოტოსესია მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების მოსაზიდად დასამზადებელი ბუკლეტისთვის გამართეს და გოგას ფილმში მონაწილეობაზე თანხმობა არ ჰქონდა ნათქვამი. იმ მომენტში სცენარიც კი არ გვქონდა წაკითხული. მას მერე, რაც გადაწყდა, რომ გოგა ფილმში არ მიიღებდა მონაწილეობას, მოსთხოვა ბეჟიტაშვილს, "გარიგება 2" მის სახელს არ დაჰკავშირებოდა. თუმცა გოგას სახელი მაინც გამოიყენეს, თუნდაც ამ საკითხის ერთგვარი გასაიდუმლოებით.

გოგა პიპინაშვილი: - ფილმის სანახავად ვერ მოვიცალე და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. რა სცენარიც მე შემომთავაზეს, იმაში მონაწილეობა ჩემთვის უინტერესო იყო. ადამიანური, მეგობრული პოზიციებიდან დამაიმედეს, თვითონ დავით ბეჯიტაშვილი შემპირდა, - ეს ფილმი თქვენ არ შეგეხებათო. არადა, ფილმის გამოსვლის დღიდან მეხება. ნაცნობები, უცნობები, შემთხვევით ქუჩაში შემხვედრი ადამიანები მეკითხებიან, რატომ არ თამაშობ, რა მოხდაო?

მიყვებიან ამბებს, თითქოს ჩემსა და ზაზას შორის დიდი უთანხმოებაა და ა.შ. ფილმის შემქმნელებმა კეთილ ინებონ და თვითონ გასცენ ამ კითხვებს პასუხი. აქამდე ამის კომენტირებისგან ყველანაირად ვიკავებდი თავს, მაგრამ ერთხელაც იქნება, მოთმინების ფიალა ამევსება. შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი.

P.S. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელით ფილმის რეჟისორ ზაზა კოლელიშვილთან დაკავშირება. თუ ბატონი ზაზა მოისურვებს, გაგვაცნოს ამ საკითხზე  თავისი აზრი, მზად ვართ, მოვუსმინოთ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება