ზურა ჟღენტი: მამაკაცები ქალებმა გაგვაზარმაცეთ

ზურა ჟღენტი: მამაკაცები ქალებმა გაგვაზარმაცეთ

"ფსიქოს" დღევანდელი სტუმარი, მსახიობი ზურა ჟღენტი სკოლაში სწავლის პერიოდშივე მსახიობობაზე ოცნებობდა.

- "დავდიოდი თეატრალურ სტუდია "ბერიკებში", სადაც უამრავ სპექტაკლში ვითამაშე. შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი (იცინის). ჩემი სტუდენტობისას თეატრალური ინსტიტუტი უნივერსიტეტად გადაკეთდა. ქალბატონი ლილი იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი. მთავარი როლი შევასრულე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში "ყაზბეგელი მფრინავი".

- როგორ მოხვდი ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან"?

- როგორც ყველა მსახიობი, მეც კასტინგით. მანამდე, "ღამის შოუს" ბიჭებმა "შუა ქალაქის" კასტინგზე ამირჩიეს, მაგრამ ამ სერიალში ვერ ჩამსვეს და არც გამომიშვეს, დათო გოგიჩაიშვილი რეზერვად "მინახავდა" (იცინის). მერე დაიწყეს გადაღება ტელესერიალისა "გოგონა გარეუბნიდან" და მიმიწვიეს.

- წარმოიდგინე, მეგობართან სტუმრად მიხვედი და კარი შენმა ორეულმა გაგიღო. როგორი რეაქცია გექნება?

- (იცინის), ნორმალურ ადამიანს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს? პირველად, ალბათ, აღმომხდება, შენ აქ რა გინდა-მეთქი. მერე ვიფიქრებ, მეგობრებმა რაღაცა გამიჩალიჩეს, კართან დიდი სარკე დამიდეს-მეთქი. რა ვიცი, ძალიან შემეშინდება... თუმცა მის მიმართ ინტერესი გამიჩნდება...

- რომელიმე პოპულარულ ადამიანს თუ გამსგავსებენ?

- ამის თქმა მეუხერხულება, რომ ვინმემ ამპარტავნობაში არ ჩამომართვას, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ზურა ყიფშიძეს მამსგავსებდნენ, რაც ძალიან მიკვირდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: სტუდენტობისას ერთ გოგოს ვხვდებოდი. მან ჩემი ფოტო მეგობარ გოგოს უჩვენა, რომელსაც უთქვამს, ვაიმე, ეს ბიჭი თეატრალურ ინსტიტუტში არ სწავლობს და ყველაფერს გატყუებს, ძალიან საშიში ტიპია და სასწრაფოდ დაშორდიო. ჩემმა რჩეულმა "გამიჭედა", რატომ მატყუებ, ამიხსენი, ვინ ხარო. ძლივს დავაშოშმინე და სიმართლე დავუმტკიცე. ანალოგიური სიტუაცია განმეორდა შარშან და კვლავ მომიწია მტკიცებამ, რომ წესიერი ბიჭი ვარ. მოკლედ, თბილისში ცხოვრობს ხულიგანი, რომელიც ჩემი ორეულია.

- რეალურ ცხოვრებაში მსახიობ მამუკა მუმლაძის გმირის, ვახოსნაირი მეგობარი გეყოლებოდა?

- რა თქმა უნდა. ვახო დაბნეული, მაგრამ ალალია და ასეთ მეგობარს არ დავკარგავდი, საქმეშიც ჩავრთავდი და მის გასაკეთებელსაც გავაკეთებდი, რადგან ერთგულება საუკეთესო თვისებად მიმაჩნია. თუმცა, მის ანეკდოტებს ვერ მოვისმენდი.

- ვინ გადაიღო ფილმი "კუკარაჩა"?

- სიკო და ქეთი დოლიძეებმა.

- არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს - მოკლე, "ჯოკონდას" საერთოდ არ გააჩნია, რომის პაპი კი დიდი ხანია აღარ იყენებს. რა არის ეს, შენი აზრით?

- რას მეკითხები? ალბათ, ერთგვარი "კუნთია"...

- სწორი პასუხია - გვარი. სერენადა თუ გიმღერია ვინმესთვის?

- არა, ისეთი რომანტიკოსიც არ ვარ, რომ სერენადა ვიმღერო. ამის საჭიროება არასოდეს მიგრძნია, თორემ საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, შეიძლება მემღერა კიდეც. რა ვქნათ, მამაკაცები ქალებმა გაგვაზარმაცეთ!

- წარმოიდგინე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ფანჯრებთან სერენადას უმღერი, თუმცა მის ნაცვლად პარლამენტარმა ხათუნა გოგორიშვილმა გადმოიხედა, როგორი რეაქცია გექნება?

- უიი... ქალბატონ ხათუნას მოვუბოდიშებდი, უკაცრავად, მისამართი შემეშალა-მეთქი.

- შუა სპექტაკლზე შენი პარტნიორის ნაცვლად კახა ბენდუქიძე რომ გამოვიდეს სცენაზე, როგორ მოიქცევი?

- პროფესიონალიზმს მოვიშველიებ და შევეცდები, ბენდუქიძეს თამაშში ავყვე. აი, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, როგორ ვიქნები, უკვე აღარ ვიცი, შეიძლება გავგიჟდე. გამოვიძიებ, ვინ "გამიჩალიჩა" ეს ყველაფერი და პასუხსაც მოვთხოვ.

- დიქტატორულ სახელმწიფოში ცხოვრობ, ქვეყნის მმართველის განკარგულებით, ჯალათებს სახრჩობელაზე აჰყავხარ, სიკვდილის წინ რას ეტყოდი იქ შეკრებილ ხალხს?

- ოოო, ჯვარი მწერია. ვეტყოდი, იცხოვრეთ და იღვაწეთ სიმართლისთვის-მეთქი.

- წვიმიან ამინდში შინიდან გამოდიხარ და ხედავ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ქოლგით ხელში სადარბაზოსთან გელოდება...

- მისი ღიმილი დამაბნევდა და სიამოვნებასაც მომგვრიდა. მეც გავუღიმებდი და სადმე წავიდოდით. ლამაზი მანდილოსანია ხათუნა კალმახელიძე, ძალიან მომწონს.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- აუ, რა რთული კითხვაა! პრეზიდენტს ნატვრისთვალს ვაჩუქებდი (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ლაღი და ხალასი ადამიანია. არის სამართლიანი, არ არის მაქსიმალისტი, რასაც კარგად ხვდება და შესაძლოა, ეს თვისება არც თვითონ მოსწონდეს. უყვარს კომფორტი.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება