საავტორო უფლების დარღვევით, საქართველოში დები იშხნელების სიმღერები ბევრჯერ გამოუყენებიათ, თუმცა "ფორმულა კრეატივის" ახალი ფილმი - "ჭამა და სექსი" გამოჩენილი მომღერლებისთვის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა: მათ დაუკითხავად, ფილმში 14 სიმღერა იყო გამოყენებული... თავდაპირველად, "ფორმულა კრეატივსა" და იშხნელების შთამომავლებს შორის გაუგებრობასთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ ფილმის პროდიუსერსა და ერთ-ერთ სცენარისტს - მიხეილ მშვილდაძეს დავუკავშირდი.
- მიშა, როცა ფილმში "დები იშხნელების" სიმღერების გამოყენება გადაწყვიტეთ, რატომ არ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლებოდა, მათ შთამომავლებს პრეტენზია გასჩენოდათ?
- კანონი არასწორად ვიცოდით და შეცდომა დავუშვით. თან, ბევრჯერ გვინახავს, რომ "დები იშხნელების" ნაწარმოებები სხვებს გამოუყენებიათ, მაგრამ ამ ფაქტს გაუგებრობა არასოდეს მოჰყოლია. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სიმღერების გამოყენება შეგვეძლო. როცა შევიტყვეთ, რომ სინამდვილეში ასე არ ხდება, იშხნელების შთამომავლებს დავუკავშირდით.
- თქვენ დაუკავშირდით?
- რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ, თვითონაც დაგვიკავშირდებოდნენ. გავიგეთ, რომ ნაწყენები იყვნენ, შევხვდით და შევთანხმდით: ფილმის პრემიერა შედგებოდა, შემდეგ კი ვისაუბრებდით, თუ როგორ გადაგვეწყვიტა ეს საკითხი. საბედნიეროდ, ჩვენს უფლებებს ერთი და იგივე ადვოკატი იცავდა. ფილმის პრემიერის შემდეგ, იშხნელების შთამომავლებმა საკითხის გადაწყვეტის თავიანთი ვერსია წარმოადგინეს. ჩვენ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეგვეძლო. შევთანხმდით, რომ იშხნელების სიმღერებს ფილმიდან საერთოდ ამოვიღებდით და ნაწყენ-დაზარალებულიც არავინ იქნებოდა. ამ ამბის გახმაურება მათთვისაც პოზიტიური იქნებოდა, რადგან ყველა გაიგებდა, რომ მათ საავტორო უფლებები აქვთ და როცა ვინმე "დები იშხნელების" სიმღერების გამოყენებას დააპირებს, იშხნელების შთამომავლებს უნდა მიმართოს. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მხარეებმა სადავო საკითხი ცივილიზებულად, ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტეს.
- საავტორო უფლებების დარღვევის გარდა, მათთვის უსიამოვნო იყო "დები იშხნელების" სიმღერების ისეთი სახელწოდების ფილმში გამოყენება, როგორიც "ჭამა და სექსია", თუმცა თქვენგან თანხის მიღების შემთხვევაში, ამ ფაქტზეც დახუჭავდნენ თვალს...
- იშხნელების შთამომავლებმა ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინეს და მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება - "ჭამა და სექსი" არ მოსწონდათ, პირდაპირ არ მოუთხოვიათ - ფილმიდან სიმღერები ამოიღეთო. შანსი მოგვცეს, რომ თუ თანხს გადავიხდიდით, ისინი ამ დისკომფორტს აიტანდნენ.
- რა თანხაზე იყო საუბარი?
- თითო სიმღერაში 2 ათას ლარს ითხოვდნენ. ფილმში სულ 14 სიმღერა გამოვიყენეთ, მათ შორის 3 - დები იშხნელების მიერ დაწერილი. ქართული კინობაზრისათვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდას გვთხოვდნენ. ვიცრუებდი, მათთვის რომ მეთქვა, ამ თანხას გადაგიხდით-მეთქი.
- ამხელა თანხა შეგნებულად ხომ არ დაგისახელეს? გადახდას ვერ შეძლებდით და "ჭამა და სექსში" "დები იშხნელების" სიმღერების გამოყენებასთან დაკავშირებული დისკომფორტიც მოეხსნებოდათ.
- არა, მათ მიერ დასახელებული თანხა კოლოსალური არაა. უბრალოდ, ამ ფილმის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული არ იყო. მგონი, იშხნელების ერთ-ერთი შთამომავალი "ოცნების ქალაქზე" მუშაობდა, სადაც საუნდტრეკები "მგზავრებმა" "გააკეთეს". იქ "მგზავრებს" ისეთი თანხა გადაუხადეს, რაც იმაზე ბევრად ნაკლები არ იყო, რამდენის გადახდაც იშხნელების შთამომავლებმა ჩვენ მოგვთხოვეს. შესაბამისად, ამ თანხის დასახელებისას რაღაც სასწაული არ მოუგონიათ. ეს ძალიან ბუნებრივი იყო. თავისთავად, "დები იშხნელების" შემოქმედება შეუფასებელია. იშხნელების შთამომავლების მიერ ჩვენთვის თანხის დასახელებაც "საიდანღაც იყო ამოსული", უბრალოდ არ მომხდარა... მათ ფილმის მოგებიდან გარკვეული პროცენტი შევთავაზეთ, მაგრამ ვერ შევთანხმდით.
- "ჭამა და სექსის" მუსიკალურად გაფორმება მაინცდამაინც, "დები იშხნელების" სიმღერებით რატომ გადაწყვიტეთ?
- ძალიან ყოფითი და ყველა ქართველისთვის ახლობელი ფილმია. გვინდოდა, მასში მუსიკაც ასეთივე ყოფილიყო. "დები იშხნელების" სიმღერები სწორედ ასეთია: ბავშვობიდან გვესმის, სიახლოვის, სახლში ყოფნის განცდას გვიჩენს, შინაური, მშვიდი, ტკბილი და ნაცნობია - მაგარი ემოცია მოაქვს...
- როგორც მაყურებელმა, ობიექტურად შეაფასეთ: "დები იშხნელების" სიმღერებით "ჭამა და სექსის" გაფორმება შეურაცხმყოფელი არაა?
- რა თქმა უნდა, არა. მესმის, რომ შეიძლება, ადამიანმა ეს შეურაცხყოფად მიიღოს - ეს ძალიან პირადულია, თუმცა პირადად მე, ვფიქრობ, რომ ფილმში "დები იშხნელების" სიმღერები გაცოცხლდებოდა, მათ ბევრი ახალგაზრდა მოისმენდა... ფილმს რაც შეეხება, ის ძალიან კარგი, კულტურული ფილმია. მას მხატვრული ღირებულება აქვს, ისევე - როგორც კარგ მუსიკას.
- მიგაჩნიათ, რომ ისეთი მაღალმხატვრული ფილმია, როგორიც - "დები იშხნელების" სიმღერები?
- ეგ ისტორიამ უნდა შეაფასოს, თორემ პირადად მე, ჩემი გადაღებული ფილმები ზუსტად ისევე მიყვარს, როგორც იშხნელებს უყვარდათ თავიანთი სიმღერები. ჩვენი აზრით, კარგი ფილმი გადავიღეთ. ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, "ჭამა და სექსი" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საუკეთესო ქართული კინოა, თუმცა შეიძლება, ვიღაცას არც მოეწონოს...
- ფილმისთვის ახალი სიმღერები რამდენ ხანში ჩაწერეთ?
- ერთ ღამეში.
- თოთხმეტი სიმღერა?
- არა, გამოსავალი მოვძებნეთ: ფილმში ზოგ ადგილას სიმღერა საერთოდ ამოვიღეთ, გავიმეორეთ...
- მუსიკალურ გაფორმების შეცვლამ ფილმის რეიტინგზე ცუდად ხომ არ იმოქმედა?
- არა, ჩვენ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვეთ. ფილმის მუსიკალურ გაფორმებაში იგივე ემოცია დარჩა - "გემრიელი", ნაცნობი სიმღერები ახლებურად ავაჟღერეთ: დერვიშებმა და შორენა ბეგაშვილმა "სულიკო" იმღერეს. 2 სიმღერა თამთა ცქვიტავამ შეასრულა, ერთი - ვანიკო თარხნიშვილმა და თინა ჭულუხაძემ. ასევე, ჟორამ (დათო ჟორჟოლაძემ) იმღერა...
- შორენას და დერვიშების "სულიკოს" ინტერნეტში უარყოფითი კომენტარები უკვე მოჰყვა. ფილმს რაც შეეხება, ამბობენ, რომ მისი შემქმნელები ერს რყვნით და ა.შ.
- ძირითადად, დაკომპლექსებული ხალხი "პოსტავს". ტიპები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფილმს შეუძლია საზოგადოებას სული შეურყვნას, იდიოტები არიან. ეს ყველაზე რბილი სიტყვაა, რაც მათ მიმართ მემეტება. უბრალოდ, ცხოვრებაში ერთი ფილმი ნახონ, რომ მიხვდნენ, კინო რა არის და მას როგორ შეუძლია, საზოგადოება გარყვნას ან განწმინდოს. ისე, ეს ფილმი განწმენდის მიმართულებით უკეთ იმუშავებს, ვიდრე - გარყვნის, რადგან ფილმში გარყვნილება საერთოდ არაა.
- მიშა, "ფორმულა კრეატივისა" და იშხნელების შემთხვევა პირველი არაა, როცა საქართველოში საავტორო უფლებებ ირღვევა. ამის მიზეზი რა არის?
- საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის ტრადიცია არ არსებობს. ჩვენი უფლებებიც ბევრჯერ დარღვეულა: მაგალითად, ჩვენი ფილმი - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" ინტერნეტით არალეგალურად 153 ათასჯერაა გადაწერილი. ჩვენთვის მოყენებული ზარალის რაოდენობის გამოთვლა მარტივად შეიძლება.
- საავტორო უფლებების დაცვა თქვენ არ გიცდიათ?
- კი, რა თქმა უნდა. საქართველოში საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია ახლახან შეიქმნა, რომლის წევრები იშხნელების შთამომავლებიც და ჩვენც ვართ. საავტორო უფლებების დაცვა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ, ჩვევაში რომ გადაგვეზარდოს...
"დები იშხნელების" ხელმძღვანელის - თამარ იშხნელის შვილიშვილმა - თინა მენაბდემ გვითხრა, რომ იშხნელების შთამომავლების მიერ ფილმის გადამღები ჯგუფისთვის თანხის გადახდის მოთხოვნა მათი პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო:
- როცა სიმღერის ან ხელოვნების ნებისმიერი ნიმუშის გამოყენება გინდა, მის ავტორს ან იმ ადამიანებს უნდა დაუკავშირდე, ვინც ავტორის უფლებებს იცავს - ეს წესია. ყველაფერი ჯაჭვივით აეწყო: "დები იშხნელების" სიმღერა უცნობმა "საკანში" გამოიყენა, მერე ვიღაც მომღერალმა შეასრულა... მოკლედ, დამნაშავეების გვარს-სახელებს არ ჩამოვთვლი. "ჭამა და სექსი" ჩვენი მოთმინების ბოლი წვეთი იყო. იცით, ყველაზე მეტად რამ გამაღიზიანა? ჩემი და მომღერალია, ჩემი შვილი - რეჟისორი. მათ ფილმის გადამღები ჯგუფი ძალიან კარგად იცნობდა. თავდაპირველად, მეგონა, ფილმში "დები იშხნელების" 1 სიმღერა იყო გამოყენებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 14 გამოიყენეს.
ელემენტარული ზრდილობაა, რომ ადამიანს დაურეკო და ჰკითხო - სიმღერების გამოყენების საწინააღმდეგო ხომ არაფერი აქვს? ფილმი ნანახიც არ მქონდა, მაგრამ სარეკლამო რგოლმა გამაღიზიანა: "ჭამა და სექსის" რეკლამა "დები იშხნელების" სიმღერით იყო გაფორმებული. მერე აღმოჩნდა, რომ ფილმში, ვიღაც ტუალეტში შედის, უნიტაზზე ჯდება და ამ კადრებსაც "დები იშხნელების" სიმღერა "ადევს". თუ გინდათ, ძველმოდურობად ჩამითვალეთ, მაგრამ ეს მე არ მომწონს... პრემიერის წინადღეს, ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები დეიდაჩემთან სახლში მივიდნენ. იქ ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე ჩემი დეიდაშვილის შვილი - ოტო გორთამაშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხვათა შორის, 25 წლის მანძილზე, ევროპაში ცხოვრობდა და საქართველოში ახლახან დაბრუნდა. მან გადამღები ჯგუფის მიმართ კეთილი ნება გამოიჩინა და უთხრა: პრემიერას არ ჩაგიშლითო, თუმცა ამის სრული უფლება ჰქონდა. ჩვენ ძალიან ლოიალურად მოვიქეცით: შეგვეძლო ფილმის გადამღები ჯგუფისთვის გვეჩივლა და მათ თითო სიმღერის გამოყენებისთვის ჩვენთვის ჯარიმა გადაეხადათ. მოგეხსენებათ, "ჭამა და სექსის" რეკლამა ტელეეთერში თვეების მანძილზე "ტრიალებდა". ახლახან საავტორო უფლებების დამცველი დაწესებულება შეიქმნა, რომლის წარმომადგენელმაც ორივე მხარეს მოგვიწოდა, დავმსხდარიყავით და სადავო საკითხი ცივილიზებულად გადაგვეწყვიტა. გადაწყვეტილება "ფორმულა კრეატივისათვის" საზიანო აღმოჩნდა, რადგან კინოჩვენებაში "ჩაშვებული" ფილმის "გაჩერება" და მუსიკალური გაფორმების შეცვლა რთულია. გულწრფელად ვამბობ: გიორგი ლიფონავა ჩემთვის ძალიან კომპეტენტური, საყვარელი რეჟისორია. მისი ყველა ნამუშევარი ნოვატორულია. უბრალოდ, პროდიუსერმა - მიშა მშვილდაძემ რომ განაცხადა, - წარმოდგენა არ მქონდა, თუ სიმღერების გამოყენების უფლება არ მქონდაო, ცოტა არ იყოს, მყიფე პასუხია. პროდიუსერი იმიტომ ხარ, რომ ეს საკითხი კი არა, კიდევ უფრო მეტი იცოდე...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)