დიზაინერი თეა ლომიძე ზაფხულიდან მოყოლებული არსად გამოჩენილა. როგორც თავად ამბობს, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მიზეზი ერთი უბრალო ძირმაგარა და მისივე უყურადღებობა იყო, საბოლოოდ კი საავადმყოფოში რეანომობილით მიიყვანეს. დღეს თეა ჩვენი სტუმარია და ყველაფრის მიუხედავად, ჩვეული იუმორით იხსენებს იმ ავადსახსენებელ ზაფხულს.
-ჩემი უყურადღებობის გამო მოხდა ყველაფერი. საერთოდ, ძალიან ზერელედ ვუდგები საკუთარ ჯანმრთელობას. ფეხზე ძირმაგარა გამომივიდა და მანამ არ მივედი ექიმთან, სანამ რეანომობილი არ დამჭირდა. რა უნდა მოხდეს, უბრალო ძირმაგარაა, გამივლის-მეთქი, ვიფიქრე. სანამ სისხლი არ მომეწამლა, ექიმს არ მივაკითხე. სეფსისიანი სამსახურში დავდიოდი. გოგონებმა რომ მკითხეს, ფერი არ გივარგა, მგონი სიცხე გაქვს და რა გჭირსო, ანტიბიოტიკების სმა დავიწყე. მეორე დღეს კარგად გავხდი და ვიფიქრე მორჩა, დამთავრდა ჩემი ავადმყოფობა-მეთქი. თურმე პროცესი მიმდინარეობდა, მთელი ფეხი დამიჩირქდა. ბოლოს უკვე თავბრუ მეხვეოდა, მაქანავებდა და ჩემს უსაყვარლეს ექიმებთან დავრეკე უზნაძის ქუჩაზე. საავადმყოფოში დამიბარეს და იქ გავითიშე. სასწრაფოდ გადამიყვანეს სეფსისის ცენტრში. უდიდესი მადლობა ექიმ ერეკლე გოცაძეს, იმან გადამარჩინა. არც მხედველობა მქონდა, არც სმენა და არც გონება. გათიშული ვიყავი. თეთრ ბუჩქებში დავდიოდი, თეთრი ჩიტები დაფრინავდნენ და დედაჩემს ვეძებდი, რომელიც გარდაცვლილია. ვერ ვიპოვე, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ. მახსოვს ვიღაცის ყვირილი, წნევა დაუვარდა და მიშველეთო. მეტი არაფერი მახსოვს. ექიმები რომ მელაპარაკებოდნენ, მარტო ტუჩების მოძრაობას ვხედავდი.
-ოპერაცია დაგჭირდა?
-ოპერაცია?! მუხლიდან თეძომდე ვარ გაჭრილი. ფეხში მიდიოდა პროცესი, რომელიც გარედან არ ჩანდა. ამომაჭრეს და ამომაჭრეს ხორცები, კი მქონდა და... (იცინის). საბოლოოდ ერთი ცუდი რამ მინდა გაცნობოთ -პოდიუმზე მოკლე კაბით ვეღარ გამოვალ და ძალიან დიდი სტრესი მაქვს ამის გამო (იცინის). ამ ყველაფრის ფონზე გამეთიშა თირკმლები და მერე ამ ორგანოების მკურნალობა დავიწყე. ერთი სიტყვით, ღმერთს ვყვარებივარ, ფაქტობრივად, საიქიოსკენ წასული მომაბრუნეს. ოპერაციის წინ პირდაპირ უთქვამთ ექიმებს ჩემებისთვის, გადარჩენის 10% არსებობსო, ანუ ცხვარი მქონდა ფეხზე გამობმული (იღიმის)
-შენმა შვილებმა ალბათ ყველაზე მეტად განიცადეს ეს ამბავი...
-ძალიან შეშინებული იყვნენ. არ დაიჯერებ და ავად არ გავმხდარვარ, სურდოც კი არ მქონია, ჩაწოლაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. უცებ რომ ნახეს, არ მესმის, ვერ ვხედავ, ვერ ვმეტყველებ, ოპერაცია მჭირდება, ძალიან შეშინდნენ. ოპერაციის მერე სახლში რომ გამომწერეს, ჩემმა შვილებმა ისე მომიარეს... ახლა გავიგე კარგი შვილის ფასი. არც მინდა, ეს სიტყვები მათ წაიკითხონ, პირში არასდროს ვაქებ, მაგრამ ის, რაც მათ გააკეთეს, ნამდვილად იმსახურებს ქებას. 14-15 წლის ბიჭები ნემსებს მიკეთებდნენ, უკაცრავად და, ჩემს საჯდომზე ისწავლეს ნემსის კეთება. დღეში რამდენჯერმე მჭირდებოდა ნემსი, ხან შუაღამეს მიწევდა და ასე სხვას ვერ შევაწუხებდი. ისე სუსტად ვიყავი, ტუალეტშიც ვერ დავდიოდი ჩემი ფეხით. ირაკლის, ჩემს უფროს ბიჭს, კისერზე ჩამოვეკიდებოდი ხოლმე უკანა მხრიდან და მიმათრევდა ტუალეტისკენ. კიდევ კარგი ნავარჯიშევია, მორაგბეა. მეტი რა უნდა ინატროს ავადმყოფმა დედამ, საჭმელს მიკეთებდნენ, მირეცხავდნენ.
-შენმა ყოფილმა მეუღლემ მოგინახულა?
-რა თქმა უნდა, როგორც კი გაიგო, მოვიდა. ნამდვილად გამოიჩინა სულგრძელობა. საერთოდ, საავადმყოფოში გავიგე, რამდენ ხალხს ვყვარებივარ. წვეთოვანი რომ დამიდგეს და სისხლს მიწმენდნენ, ერთ საათში გონებაზე მოვედი. თვალი რომ გავახილე, იმდენი ნაცნობი სახე დავინახე, გავგიჟდი. ასე უცებ რომ მოვიდნენ, ვიფიქრე, ხომ არ მოვკვდი უკვე-მეთქი. ყველა მათგანს თქვენი ჟურნალის საშუალებით მადლობას გადავუხდი.
-ახლა როგორ ხარ?
-ძველებურად ვეღარ დავრბივარ, ჯერ მაინც არ შეიძლება ბევრი სიარული. ამიტომ ვფრთხილობ, მაქსიმალურად დიდხანს ვწევარ. აქვე გამოგიტყდებით, რომ ჩემმა ზედმეტმა წონამ გადამარჩინა. როცა უკვე გამოვკეთდი და არაფრის აღარ გვეშინოდა, ჩემი ძმა სიცილით შემოვიდა პალატაში. რა გაცინებს-მეთქი, ვკითხე. მადლობა უთხარი ღმერთს, რომ პუტკუნა ხარო, მითხრა. რატომ-მეთქი, გამიკვირდა. თურმე სწორედ ცხიმმა არ გაუშვა ჩირქი ძვალზე. გამხდარი რომ ვყოფილიყავი, ფეხი თეძოში მექნებოდა მოსაჭრელი. აი ასე, ერთ რამეში მაინც ხომ გამომადგა ჩემი სიმსუქნე. წარმოიდგინეთ, უფეხოდ ჩემს სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა.
-ახლა რას აკეთებ?
-კარგად ვიგორავე სახლში, დავისვენე. ახლა ახალი ფართი ვიქირავე ვაკეში, არაყიშვილზე. იმდენად დიდი ოფისია, შემიძლია, ერთდროულად რამდენიმე საქმე ვაკეთო. მუშაობა მომენატრა. ერთი დიზაინერის სახლში გაერთიანებული იქნება სკოლა, სადაც შეისწავლება ჭრა-კერვა, ქარგვა, ყველანაირი დეკორატიული ნივთის გაკეთება, სალონი და კაფე, სადაც "თეილოს" მსუბუქი სალათებით გაგიმასპინძლდებით, ისეთი კერძებით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რომ არის. აი, ხომ ხედავ, უკვე მივხვდი ჯანმრთელობის ფასს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)