ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევის მდგომარეობა უმძიმესია. ის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ექიმები კი ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
სწორედ ილია ისაევის ბინაში მოხდა აფეთქება, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, მან გაზის გამათბობელი ღამით ჩართო და მოგვიანებით გამორთო. დილით კი მისი ანთება სცადა, რასაც, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვებული აირის აფეთქება მოჰყვა.
ისაევი სხეულის 87%-იანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. თუმცა კლინიკაში გადაყვანამდე ის კონტაქტური იყო და ამბის მოყოლაც შეძლო.
“მდგომარეობა არის უცვლელი და ბუნებრივია მძიმე პაციენტად რჩება. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე მივაღწიეთ ამ წუთისათვის დასტაბილურებას. მთელი სხეული აქვს დამწვარი, მარტო დამწვრობა არ გვაქვს, სამწუხაროდ სასუნთქი გზებიც დაზიანებულია, ასევე აქვს ტრავმა, რაც სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
ამ კატასტროფის შედეგად დამწვრობა მიიღო მარტო ერთმა ადამიანმა, შესაბამისად, ის ერთი ადამიანია ჩვენთან რეანიმაციის განყოფილებაში. ითქვა, რომ ის თავიდან კონტაქტური იყო. მასშტაბური დამწვრობისათვის არის დამახასიათებელი პირველ წუთებში კონტაქტურობა და არაადეკვატურობა. ასე რომ მისი კონტაქტურობა ჩვენ არ გაგვკვირვებია", - ამბობს გუგა ქაშიბაძე.
“ილია და დედამისი ბათუმში ცხოვრობენ. ახლა ჩამოსულა, წინა დღეს. ისე აქ გაიზარდა ეს ბიჭი, ჩვენს სახლთან, 127-ე საჯარო სკოლაში დადიოდა, აქ დაამთავრა სკოლა, მერე გადავიდნენ ბათუმში და ბინა დაკეტილი იყო. მე პირადად კარგა ხანია არ მინახავს”, - ამბობს მეზობელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ილია ისაევს ბავშვობაში ტრაილერი შეეჯახა და მძიმედ იყო დაშავებული.
ტრაგედიის მიზეზებს სამართალდამცავები იძიებენ.