ლენუკა ყიფშიძე მსახიობთა ოჯახში გაიზარდა, მაგრამ საგვარეულო ტრადიციის გაგრძელება არ მოისურვა. ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა მიაჩნია, რომ ჯერ ცხოვრებაში არაფერი უსწავლია, არც არაფრისთვის მიუღწევია...
- ისეთი წარმატებისთვის არ მიმიღწევია, რომ ვთქვა, წარმატებული ადამიანი ვარ-მეთქი. უბრალოდ, წარმატებული ოჯახის წევრი ვარ. თუმცა აწი ვაპირებ ჩემი მიზნების განხორციელებას და ახალი ცხოვრების დაწყებას, ბევრი რამის სწავლას... მინდა, ავინაზღაურო ის, რაც ნაადრევად გათხოვების გამო დავკარგე. ისე, აქამდეც მივაღწიე რაღაცას, მაგალითად, მიზნად დავისახე მოსკოვში გავმგზავრებულიყავი და "შკოლა ფორუმში" მაკიაჟის გაკეთება შემესწავლა, რასაც მივაღწიე - უამრავი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი ფოტოსესიისთვის, რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის მეუღლეს - ელიზავეტა ილინას მე გავუკეთე მაკიაჟი.
იგი წითელ პომადას ისვამს. მოგეხსენებათ წითელი პომადა როგორი პრეტენზიული წასასმელია, თუმცა დავალებას კარგად გავართვი თავი და ყველა აღფრთოვანდა. განსაკუთრებით ელიზავეტა ილინას მოეწონა და საჯაროდ შემამკო კომპლიმენტებით. წარმოიდგინეთ, რამდენი ჩემი კონკურენტი დაიბოღმებოდა (იცინის).
- რამდენი წლის იყავი, ოჯახი რომ შექმენი?
- 18 წლისა გავთხოვდი, 16 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი მეუღლე - სანდრო რომ გავიცანი. ორივეს ოჯახმა იცოდა ჩვენი ამბავი, მაგრამ რატომღაც მაინც გავიპარეთ. ნეტა, სად გვეჩქარებოდა, ან სად გავრბოდით?! (იცინის).
- მამაშენი, ზურა ყიფშიძე როგორ შეხვდა შენი "გაპარვის" ამბავს?
- მძიმედ გადაიტანა. ორი კვირის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. ხალათში გამოწყობილი შინ იჯდა და ტიროდა. როდესაც მეუღლესთან ერთად მივედი, მამასთან ძალიან გულისამაჩუყებელი შეხვედრა მქონდა. იყო ცრემლის ღვარღვარი და ჩახუტება (იცინის). თუმცა ჩემი შვილი წელიწად-ნახევრის იყო, სანდროს რომ დავშორდი.
- ოჯახის დანგრევას ნანობ?
- რა თქმა უნდა. ოჯახის შექმნა და, მით უმეტეს, შენარჩუნება ძალიან ძნელია. რა არის ოჯახის დანგრევაში კარგი? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემი შვილი უმამოდ იზრდება, რის გამოც, ასე თუ ისე, იჩაგრება. ბავშვისთვის მშობლების გაყრა დიდი ტრავმაა. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ოჯახის შექმნაც ადვილი გახდა და დანგრევაც...
- მეუღლესთან შერიგება არ გიცდია?
- დაახლოებით ოთხჯერ მაინც შევრიგდით, მაგრამ თითო-თითო თვით. ბოლოს კი სამუდამოდ დავშორდით. ალბათ, ერთად ყოფნა არ გვეწერა.
- ბავშვს თუ ნახულობს?
- რა თქმა უნდა. ჩვენც ვმეგობრობთ. ყოფილ დედამთილ-მამამთილთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.
- ოჯახის დანგრევის შემდეგ კიდევ გეწვია სიყვარული?
- დიახ. იყო ადამიანი, რომელიც გულწრფელად შემიყვარდა, დაოჯახებასაც კი ვაპირებდით, მაგრამ ეს ურთიერთობაც დაინგრა. ეს ამბავი თავის დროზე ძალიან განვიცადე. ყველაფრის მიუხედავად, ის პერიოდი ჩემთვის დღემდე სასიამოვნოდ გასახსენებელია.
- ახლა თუ ხარ შეყვარებული?
- არის ადამიანი, რომლის მიმართაც დიდი სიმპათია მაქვს. თუმცა ჩვენს ურთიერთობას ჯერჯერობით სიყვარულს ვერ დავარქმევ. ის ზუსტად ისეთი მამაკაცია, როგორიც მომწონს. ვერ ვიტან უპასუხისმგებლო, უყურადღებო, მატყუარა და უსაქმურ კაცებს. ასეთს კაცს ვერც ვუწოდებ. ასეთებისგან მყისვე უკან ვიხევ, თვალს არაფერზე ვხუჭავ.
- ლენუკა, როგორც მსახიობთა ოჯახის წარმომადგენელი, როგორ შეაფასებ დღევანდელ ქართულ კინოს?
- ჩემს თავს ვერ მივცემ კრიტიკის უფლებას, რადგან არც მსახიობი ვარ და არც რეჟისორი, თუმცა, როგორ მაყურებელი, ვიტყვი, რომ ადრე თემატურად ძალიან საინტერესო ფილმებს იღებდნენ. მაგრამ დღეს იმის რესურსი არ გვაქვს, რომ კარგი ფილმი გადავიღოთ. ბოლო ხანს გადაღებულ ფილმებში კი სექსი და ნარკომანია დომინირებს. არ ვიცი, შესაძლოა, ეს ყველაფერი ვიღაცას მოსწონს, მაგრამ მე ასეთ რაღაცას ვერ მივესალმები.
- ლენუკა, შენი ოჯახის წევრები გამოირჩევიან საჯაროდ გულწრფელი საუბრით. რა რეაქცია გქონდა, როდესაც მამაშენმა, "ნანუკას შოუში" პირად საკითხებზე ხმამაღლა ისაუბრა?
- მამას შენიშვნას ვერ მივცემ, რადგან ამის უფლება არ მაქვს. თუმცა რატომ არის ცუდი, თუ ადამიანი გულწრფელია, მით უმეტეს, როდესაც მისგან შორს არის ბოროტება და ფარისევლობა? რა თქვა ისეთი? მამამ იმაზე ილაპარაკა, რაც ბავშვობაში აწუხებდა და რასაც განიცდიდა.
- საკმაოდ ხშირად ხარ ჭორის ობიექტი. როდესაც გადაცემა "კოდში" მონაწილეობდი, ითქვა, რომ ამ გადაცემის ერთ-ერთ ოპერატორთან გააბი რომანი...
- საერთოდ არ ვაქცევ ასეთ რაღაცებს ყურადღებას. უამრავ ბიჭთან ვმეგობრობ. რა ვქნა, ასეთი ვარ, ზედმეტად მეგობრული. საკმარისია, ვინმესთან ერთად კაფეში ან კლუბში დამინახონ, რომ მაშინვე ერთმანეთს "გვაწებებენ". როდესაც ფილმში - "გოგონა სლაიდიდან" ვითამაშე, მთელი თბილისი მეკითხებოდა, ზუზუს (მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი) საყვარელი ხარო? რას არ გაიგებ?! საიდან მოიტანეს, ვერ ვხვდები. თუმცა იჭორაონ, ეს საჭიროც არის, ესე იგი, ხალხს ვაინტერესებ.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)