ბრუნო მარსი: "ბედნიერი ვარ, საქართველოშიც თუ ვუყვარვარ ხალხს"!

ბრუნო მარსი: "ბედნიერი ვარ, საქართველოშიც თუ ვუყვარვარ ხალხს"!

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, თინეიჯერების კერპი ბრუნო მარსი ავსტრალიას ეწვია და 14 აპრილს სიდნეის "ლუნა პარკში" გრანდიოზული კონცერტი გამართა.

"გასწიეთ კამერები, მინდა, თვალებში გიყუროთ და ერთად ვიმხიარულოთ!" - ამ სიტყვებით მოგვმართა ბრუნო მარსმა სიდნეიში, კონცერტზე მისულ სტუმრებს და 2010 წლის ჰიტები შეასრულა. ავსტრალიელებმა მისი სიმღერები ზეპირად იცოდნენ. ისინი "ლუნა პარკში" ცეკვავდნენ და ბრუნოსთან ერთად მღეროდნენ. ყველა ნასიამოვნები დარჩა. მე კი, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი სიმღერები მოვისმინე, კონცერტის შემდეგ ბრუნოსთან გასაუბრებაც მოვახერხე:

- ავსტრალიაში პირველად ვარ. არაჩვეულებრივი ქვეყანაა, საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით. უკვე შემიყვარდა აქაური ხალხი. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მოვახერხებ ჩამოსვლას.

- ბევრს მოგზაურობთ, კონცერტებს ატარებთ, ჟურნალისტების არმია დაგდევთ, როდისღა ისვენებთ?

- ჩემი მიზანია, სიმღერებით მსოფლიო შემოვიარო. სიმღერა ჩემი ცხოვრებაა. ჟურნალისტებს კი ნამდვილად არ გავურბივარ. ისინი საშუალებას მაძლევენ, ხალხს ვესაუბრო. რაც შეეხება დასვენებას, ვიდრე სასურველ შედეგს არ ვაღწევ, ვერ ვისვენებ. დღეს კონცერტზე დიდი ენერგია დავხარჯე, თუმცა ისეთი ბედნიერი ვარ, დაღლას ვერც ვგრძნობ.

- მე საქართველოდან ვარ და გეტყვით, რომ ქართველ თინეიჯერებშიც ძალიან პოპულარული ხართ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ, ქართულ გაზეთ "ყველა სიახლეში" თქვენს ინტერვიუს რომ ნახავენ.

- გამახარა თქვენმა სიტყვებმა. ბედნიერი ვარ, საქართველოშიც თუ ვუყვარვარ ხალხს.

ცნობისთვის

ბრუნო მარსი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია პიტერ გეინ ერნანდესი, 1985 წლის 8 ოქტომბერს ჰონოლულუში (ჰავაი) დაიბადა. 2 წლის იყო, მამამ მეტსახელი - ბრუნო რომ შეარქვა. მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა და, ბუნებრივია, ბავშვობიდანვე მუსიკაზე იყო შეყვარებული. ბრუნო არის სიმღერების ავტორიც, შემსრულებელიც და მუსიკალური პროდიუსერიც.

პოპულარობა მოიხვეჭა სიმღერებით: NOTHIN ON YOU, რომელსაც B.O.B -თან ერთად ასრულებს, აგრეთვე, BILLIONARE-თი, რომელსაც ტრევი მაკოისთან ერთად მღერის. ბრუნოს კერპები არიან მაიკლ ჯექსონი და ელვის პრესლი. ბავშვობაში ბრუნოს პატარა ელვისსაც კი უწოდებდნენ. 2011 წლის 13 თებერვალს "გრემის" 53-ე ცერემონიაზე ბრუნო 7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და გაიმარჯვა მამაკაცთა შორის პოპსიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის.

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება