შერი: "ბავშვობაში ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანები შეიძლება ულამაზონი იყვნენ"

შერი: "ბავშვობაში ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანები შეიძლება ულამაზონი იყვნენ"

სომხური წარმომავლობის ვარსკვლავი, არაორდინარული და ყოველთვის საინტერესო შერი სულ ცოტა ხნის წინ სტივ ენტინის მიუზიკლ "ბურლესკით" წარდგა მაყურებლის წინაშე. შერი ღამის კლუბის მეპატრონეს განასახიერებს, პარტნიორობას კი კრისტინა აგილერა უწევს, რომლისთვისაც ეს კინოდებიუტი იყო.

დოსიე

შერილინ სარქისიანი 1946 წლის 20 მაისს დაიბადა კალიფორნიაში. მუსიკალური კარიერა 17 წლისამ დაიწყო. კარგა ხანს თავის ქმართან, ასევე მუსიკოს სონი ბონოსთან ერთად დუეტში გამოდიოდა. თუმცა შემდეგ წყვილი დაშორდა ერთმანეთს. შერი უკვე 50 წელია წარმატებით მოღვაწეობს მუსიკალურ, სატელევიზიო და კინოინდუსტრიაში.

შერი იმ მცირე მომღერალთა შორის არის, რომლებსაც "ოსკარიც" აქვთ, "გრემიც", "ემიც" და სამი "ოქროს გლობუსიც". ასევე მას ეკუთვნის მუსიკალური რეიტინგების ტოპათეულებში ყოფნის ხანგრძლივობის რეკორდი (30 წელზე მეტი).

შერი კარგა ხანს რეკორდსმენი იყო პლასტიკური ოპერაციების რაოდენობითაც, რადგან სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე აქვს გაკეთებული ერთი ოპერაცია მაინც.

ასევე საინტერესოა შერის პირადი ცხოვრების კიდევ ერთი დეტალი. შერისა და სონოს ერთადერთმა ქალიშვილმა, 40 წლის ჩესტიტი ბონომ რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ სქესს იცვლის. ჩესტიტის ბავშვობიდან ჰქონდა იმის განცდა, რომ ბიჭი იყო. მოგვიანებით აქტიურად ამოუდგა მხარში დედა და ლესბოსელ შვილს არ განიკითხავდა, თუმცა ამას წინათ აღიარა, რომ ვერაფრით ვერ ახერხებს, ჩესტიტის მამაკაცის სახელით მიმართოს და უჭირს აღიქვას ის კაცად, როგორც მისი შვილი მოითხოვს გარშემო მყოფებისგან.

"ჩემს შვილს უნდოდა, ნორმალური დედა ვყოფილიყავი"

- დედობა ისევ დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში?

- ჩემმა ვაჟმა გამაღვიძა დღეს, მხოლოდ მას შეუძლია დილაუთენია ჩემს საძინებელში დაუკაკუნებლად შემოსვლა. "დე, როგორ ხარ?", "კარგად ვარ, ელაიჯა, შენ როგორ ხარ?" "მეც კარგად". საჩუქარი ვუყიდე, როგორიც უნდა - სათვალე. საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ ვიფიქრე: "ჯანდაბას! შვილების განებივრება ხომ ყველაზე სასიამოვნოა, რაც კი შეგიძლია გააკეთო ცხოვრებაში".

- ბავშვობაში მისაბაძი მაგალითი თუ გყავდათ, ფილმის გმირების გარდა?

- დედაჩემი და მისი მეგობრები. ყველანი მარტოხელა დედები იყვნენ და ყველამ მიაღწია წარმატებას თავის საქმეში - ფინანსურ წარმატებას არ ვგულისხმობ. ყველანი ფოტომოდელები იყვნენ და ერთად ზრდიდნენ შვილებს. ბავშვობაში არ ვიცოდი, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით არ იყვნენ დაკავებული, რადგან დედის ყველა მეგობარი, ქალი თუ კაცი, ასე თუ ისე ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული: ისინი მხატვრები, მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები იყვნენ. ასევე ვერ წარმომედგინა, რომ არსებობდნენ ულამაზო ადამიანები: დედას ყველა მეგობარი შთამბეჭდავი გარეგნობის იყო. დედაჩემი, ნამდვილი მზეთუნახავი, კარგი მოდელი გახლდათ და მისი წყალობით გავიცანი საოცარი ქალები.

- თქვენს სოციალურ და შემოქმედებით როლებს შორის, მიგაჩნიათ თუ არა დედის როლი ყველაზე მნიშვნელოვნად? რა გავლენა მოახდინეთ თქვენს შვილებზე?

- იცით, მგონია, მსახიობი დედები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ შვილებს იყოლიებენ, თუ არ ჰყავთ დამხმარეები. ყველა მარტოხელა დედას ჰგონია, რომ რაღაცას ისე არ უკეთებს თავის შვილს. ქალები, რომლებსაც შემოქმედებითი პროფესიები აქვთ, გამუდმებით გზაზე დგანან და ამიტომ ხშირად უწევთ შვილების დატოვება. თუ ამასთან ერთად ძალიან ცნობილიც ხარ, ბავშვებს ეჩვენებათ, რომ ისინი არ არიან დედისთვის პირველ ადგილზე და რომ დედა მათ არ ეკუთვნის.

მახსოვს, ერთხელ ჩესტიტის სკოლის ექსკურსიაზე გავყევი. მხიარულად გავატარეთ დრო, მაგრამ ხალხი მოვიდა და ავტოგრაფები მთხოვა, ჩესმა კი მოიწყინა და მითხრა: "რატომ არ შეიძლება რაღაც ერთად გავაკეთოთ, და ჩვენთვის გავერთოთ?!" ძალიან ძნელია შვილისთვის იმის ახსნა, რატომ არის ასე ძნელი უცებ ისეთივე ნორმალურ დედად იქცე, როგორიც მის მეგობრებს ჰყავთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადრე ცოტა უფრო მარტივი იყო ხალხში გასვლა, პრესა გაცილებით თავაზიანი იყო და პაპარაცებიც არ იყვნენ გადაქცეულნი საზოგადოების პარაზიტებად.

"ყველაზე, ვინც ჩემ მერე მოვიდა, მე მოვახდინე გავლენა"

- რას ფიქრობთ ლედი გაგაზე, რომელსაც ხშირად გამსგავსებენ? შეძლებდით მასთან მეგობრობას?

- იცით, ჩემი აზრი ასეთია: ყველამ, ვინც ჩემამდე იყო, ჩემზე გავლენა მოახდინა. ხოლო ყველაზე, ვინც ჩემ მერე მოვიდა, მე მოვახდინე გავლენა. კარგია, რომ ეს გოგონა ცვალებადია, ცდილობს სხვადასხვაგვარად გამოხატოს საკუთარი თავი. როგორც მხატვარი, ისიც ხელოვნებით არის დაკავებული. არ არის აუცილებელი, ყველაფერი მოგვწონდეს, რასაც ის აკეთებს: ის მხატვარია და ეს მისი პირადია, რასაც ის აკეთებს და არავის არ ეხება. მე ასე ვფიქრობ.

- ოდესმე გიფიქრიათ პენსიაში გასვლაზე?

- არა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ არ ვარ მზად ამისთვის.

- არის რაიმე ისეთი, რის გაკე­თებაც მოგწონთ? ხელოვნების გარდა. რის კეთება უყვარს არა სახელგანთქმულ შერს, არამედ შერს რო­გორც კერძო პირს?

- მიყვარს სპორტი, მომწონს ჩოგბურთის თამაში, ბისერებისგან სამკაულების გაკეთება ჩემი შვიდი წლის ნათლულებისთვის, ნიჩბოსნობა, მიყვარს ჰავაი, მეგობრებთან ერთად მოგზაურობა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ასაკი?

- ო, ეს საშინელი თავის ტკივილია და ყველა, ვინც სხვაგვარად ამბობს, არაგულწრფელია.

- თუმცა შესანიშნავად გამოიყურებით.

- ეს არ არის სწორი. ადრე გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდი.

- მაინც როგორ ახერხებთ ამ­ას?

- კიდევ კარგი, სპორტი მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა. ჩემი და გამუდმებით წიგნებს უჯდა, მე კი ქუჩაში დავხტოდი მეგობრებთან ერთად, ხეებზე ვცოცავდი. ცელქი ვიყავი. მიყვარდა ვარჯიში და ფილმების ყურება.

- თქვენმა შემხედვარემ შეიძლება იფიქროს, რომ მარადიული ახალგაზრდობის პრობლემა გადაწყვეტილია...

- სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არა.

- თქვენ ასაკი მაინც დაამარცხეთ, არც გასუქებულხართ...

- არ ვსვამ, არ ვეწევი. არ მაინტერესებს ნარკოტიკები.

- გამოდის, მოსაწყენი ცხოვრება გაქვთ...

- ეს ყველაფერი სულაც არ მჭირდება იმისთვის, რომ დრო კარგად გავატარო. შემიძლია ვიცეკვო და ყოველივე ამის გარეშეც თავი მშვენივრად ვიგრძნო. შემიძლია ვიცურაო, სერფინგით დავკავდე, ძველ ფილმებს ვუყურო, რომლებზეც ვგიჟდები. ასეც ძალიან ბედნიერი ვარ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება