16 აპრილს "იმიჯ-ცენტრმა" New Face Model Search 2011-ის ფინალი გამართა. ჟიურიმ გამარჯვებულები ილია კასინი და ხატია თათრიშვილი გამოავლინა. მათ კარიერა ახალი დაწყებული აქვთ და კონკურსზეც პირველად გამოვიდნენ. ამის მიუხედავად, დღეს ბევრს შრომობენ, რომ კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელონ.
ხატია:
-16 წლის ვარ და ჩემი სამოდელო კარიერა სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო. როდესაც ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიმეღო, თუმცა მანამდე პოდიუმზე არ გამოვსულვარ და ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო. "იმიჯ ცენტრში" მივედი, რამდენიმე ტური გავიარე და 15 ფინალისტს შორის მოვხვდი. საერთოდ, ტელეჟურნალისტი მინდა გავხდე.
ილია:
-მე 18 წლის ვარ და არქიტექტორობას ვაპირებ. მეორე პროფესიაც შერჩეული მაქვს, სტომატოლოგი უნდა გამოვიდე. სამი თვის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოდელობა დამეწყო. ჯერჯერობით ჩემი კარიერა წარმატებულად მიდის და ვაპირებ, ამ სფეროს გავყვე. კონკურსის შესახებ ტელევიზიიდან შევიტყვე, იმდენად მომწონს ეს სფერო, რომ ჩემი სურვილითა და მეგობრების რჩევით გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. ჩემი წარმატებით კმაყოფილი ვარ და თუ მიმიწვევენ, აუცილებლად წავალ უცხოეთში და ჩემს შესაძლებლობებს იქაც ვცდი.
-ორივეს სერიოზული კონკურენტები გყავდათ...
ხატია:
-მართლაც დიდი კონკურენცია იყო და ამიტომ გამარჯვების იმედი არ მქონდა. როდესაც ხუთეულში გავედი, ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა გამემარჯვა, მაგრამ მაინც გაოცებული დავრჩი. მონაწილეები ამ სამი კვირის განმავლობაში ერთად ვვარჯიშობდით და ვმეცადინეობდით. იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ კონკურენცია საერთოდ არ იგრძნობოდა. ჩვენი დილა საცურაო აუზზე იწყებოდა და შემდეგ სტუდიაში გრძელდებოდა. დეფილე, მეტყველების გაკვეთილები, ფსიქოლოგი... მთელი დღე დაკავებულები ვიყავით.
ილია:
-საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავდა. კონკურსამდე ყველას წარმატება ვუსურვე, რადგან ძალიან მეგობრული გარემო იყო, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე. იმედი მაქვს, მათთან ურთიერთობას ისევ გავაგრძელებ. ხატიამ ხუთეულში გასვლაზე ისაუბრა, როდესაც ბიჭების საუკეთესო ხუთეული გამოაცხადეს, ამან ჩემს შესაძლებლობებში უფრო დამარწმუნა და დამატებითი სტიმული მომცა.
-გამარჯვების ემოციაზე მომიყევით...
ხატია:
-იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ამაზე ლაპარაკი დღემდე მიჭირს. ვერც იმ ემოციას აღვწერ, რაც მაშინ განვიცადე.
ილია:
-მართლაც დიდი გრძნობაა, როდესაც იმ საქმეში მიაღწევ წარმატებას, რომელიც ასე ძალიან გიყვარს.
-ალბათ თქვენი გამარჯვება ოჯახის წევრებს ძალიან გაუხარდათ...
ხატია:
-სანამ კონკურსში მონაწილეობაზე რეგისტრაციას გავივლიდი, ოჯახის წევრებს ამ თემაზე ვესაუბრე და მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე. მეგობრებს, რომლებიც ძალიან მგულშემატკივრობდნენ, უხარიათ ჩემი წარმატება.
ილია:
-ჩემი მშობლები ჩვეულებრივად შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ კონკურსზე უნდა გამოვსულიყავი და დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს. ძალიან მგულშემატკივრობდნენ მეგობრები. იყო რაღაც დაბრკოლებებიც, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა, რომელსაც ბოლომდე გავყვები.
-დამწყებ მოდელებს პოდიუმზე გამოსვლა არ გაგიჭირდათ? თან საღამოს ბევრი პროფესიონალი მოდელი ესწრებოდა...
ხატია:
-ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამდენ ხალხში პოდიუმზე გამოსვლა, სტუმრებს შორის სამოდელო სფეროს ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ პოდიუმზე გამოსვლის შემდეგ ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. გამოგიტყდებით, ძალიან მომეწონა ეს პროცესი.
ილია:
-ნაცნობი დიზაინერები და მოდელები რომ დავინახე, კონკურსამდე მათთან გასაუბრება გადავწყვიტე. მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ისინიც დამწყებები იყვნენ. კონკურსის შემდეგ ყველამ მომილოცა გამარჯვება, მოდელებმაც, დიზაინერებმაც და ჩემმა ახლობლებმაც.
-რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ?
ხატია:
-ორივეს უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება, რადგან მზად უნდა ვიყოთ უცხოეთში წასასვლელად. ჩემი მშობლები ამას უკვე შეეგუვნენ, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა, უცხოეთში გავმგზავრებულიყავი.
ილია:
-გამარჯვების შემდეგ უფრო მეტ დროს ვუთმობ მოდელობას და დიდ ენერგიას ვხარჯავ. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ნებისმიერ წარმატებას შენარჩუნება სჭირდება.
-ალბათ თქვენი თაყვანისმცემლების რიცხვიც გაიზარდა...
ხატია:
-რა თქმა უნდა, რაც გავიმარჯვე, უფრო მეტი თაყვანისმცემელი მყავს და ბევრი ადამიანი დაინტერესდა ჩემით. დღემდე უამრავი წერილი მომდის, გამარჯვებას მილოცავენ და მეუბნებიან, რომ ძალიან მოვეწონე და ჟიურიმ კარგი არჩევანი გააკეთა. საერთოდ, ცოტა რთული ყოფილა პოპულარობასთან შეგუება, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. სასიამოვნო პროცესია. სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ, ყველა ამაყობს ჩემით.
ილია:
-ჩემი თაყვანისმცემლებიდან რამდენიმე კონკურსსაც დაესწრო. იქაც მომაგნეს (იცინის). გამარჯვების მერე უფრო დიდი ყურადღებას ვგრძნობ მათი მხრიდან. კარგი შეგრძნებაა, ცნობილი რომ ხდები და ხალხი ქუჩაშიც გცნობს. ამიტომ მინდა, მათი იმედი გავამართლო და უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო.
-ხატია, მოდელები წარმატების შემდეგ ძირითადად კარგად თხოვდებიან და მოდელის კარიერას თავს ანებებენ...
ხატია:
-დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელი არ გავთხოვდები.
ილია:
-ოჯახის შექმნას ამ ეტაპზე არც მე ვაპირებ. ჯერ საკმაოდ მცირეწლოვანი ვარ და ცხოვრებაში სხვა მიზნები მაქვს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)