თორნიკე გოგრიჭიანი თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, როცა მუსიკისა და დრამის თეატრში მიიღეს და დღემდე იქ საქმიანობს. ამბობს, რომ მსახიობობა ბავშვობაში არ ნდომებია და სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი არქიტექტურის ფაკულტეტზე შეაჩერა. ხოლო თუ როგორ შეცვალა გადაწყვეტილება, ამაზე თავად მოგვითხრობს.
- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა, მაგრამ გადაჭრით არასოდეს მითქვამს, რომ გავიზრდები, მსახიობი გამოვალ-მეთქი. სანამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, "გეპეიში", არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა თავი დავანებე და თეატრალურში ჩავაბარე.
- მოულოდნელი გადაწყვეტილება მიგიღია...
- რატომ? მე ასე არ მივიჩნევ. ის პროფესია აღარ მომწონდა და მსახიობობა მომინდა. ხშირად ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ უკეთესი იქნებოდა, მსახიობი ვყოფილიყავი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რა ვიცი, ჯერჯერობით ალღოს არასოდეს უღალატია და იმედია, კიდევ დიდი ხანი იქნება ასე. როცა რაიმე საქმეს აკეთებ, ის ძალიან უნდა გსიამოვნებდეს. ვგრძნობდი კიდეც, რომ მსახიობობა ჩემთვის სასიამოვნო პროფესია იქნებოდა. მას შემდეგ, რაც "გეპეი" მივატოვე, არქიტექტურა სამუდამოდ ჩავაბარე წარსულს.
- თეატრალურში სწავლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?
- საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, მოუცლელობის გამო თეატრალურში ხშირად არ მივლია. გამიმართლა და პირველი კურსის პირველივე სემესტრში მუსიკისა და დრამის თეატრში მიმიღეს. გოგა ფურცელაძე სპექტაკლს - "სალომე" დგამდა და თეატრში ჩემი საქმიანობა ამ სპექტაკლით დაიწყო. მერე მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლში - "ბედნიერი ერი" დამაკავეს როლზე. ძალიან რთულია ახსნა, თუ რას განიცდი სცენაზე. წარმოიდგინე - თითი გტკივა; როგორც კი სცენაზე გახვალ - აღარ გტკივა; შემოხვალ თუ არა კულისებში, ისევ აგტკივდება! შეიძლება ითქვას, რომ სცენა ყველაფერს გავიწყებს. ამასთან ერთად, სცენაზე ყოველი გასვლისას ადრენალინის დიდ დოზას ვიღებ. როცა სპექტაკლის წინ აღარ ვიღელვებ, ალბათ სცენას მივატოვებ...
- როგორც ჩანს, ძალიან გაგიმართლა: ბევრს არ ჰქონია ბედნიერება, პირველივე კურსზე მიეღო როლი...
- მართალი ხარ, უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი. რაც უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში უნდა მესწავლა, აქ რამდენიმე თვეში შევისწავლე. ძალიან დამეხმარა პრაქტიკა, დიდი გამოცდილება მომცა და კარგი იქნება, თუ ყველა მსახიობი ეცდება, პრაქტიკა გაიაროს... პენსიონერი მსახიობივით კი ვსაუბრობ, მართლა ასეა...
- შენი როლებიდან რომელიმეს თუ გამოარჩევ?
- ჯერჯერობით მაკბეტის როლს გამოვარჩევ...
- ამ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად...
- კი და ამ სპექტაკლზე მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო. თეატრში ახალი მოსული ვიყავი, სულ რაღაც 3 სპექტაკლი ვითამაშე და ერთ დღესაც, დათო დოიაშვილმა მითხრა, - სპექტაკლს ვდგამ და მინდა, რომ მთავარი როლი შენ ითამაშოო. ვერც კი მივხვდი, ამ ამბისთვის რა შეფასება უნდა მიმეცა. ცოტა არ იყოს, დავიბენი. შოკმა რომ გამიარა, ყველა სასიხარულო გრძნობა ერთად დამატყდა თავს. ამ როლზე მუშაობა რომ დავიწყეთ, მაშინ ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მერე რეპეტიციები შეჩერდა: ომი, პუტინი, რუსეთი, ბომბა... უბედურება აღარ დამთავრდა და პრემიერა დაახლოებით 2 წლით გადაიდო. საბოლოოდ, "მაკბეტი" შარშან ოქტომბერში დავდგით. რეპეტიციები ზაფხულში დავიწყეთ. მახსოვს, ამ დროს რეალობის შეგრძნება დავკარგე, დღე და ღამე გაერთიანდა და ვეღარ ვხვდებოდი, სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს... ამ სპექტაკლით ხორვატია, ესტონეთი და ისრაელი მოვიარეთ.
- თორნიკე, უცხო მაყურებლის წინაშე სპექტაკლის წარდგენა უფრო იოლია თუ ქართველი მაყურებლისთვის თამაში?
- თუ გაქვს იმის პრეტენზია, რომ კარგი მსახიობი ხარ, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს. როცა ქართველი მაყურებლის წინაშე გამოდიხარ, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა. საზღვარგარეთ განსხვავებული პასუხისმგებლობა გაკისრია: გსურს, რომ უცხო ადამიანებსაც დაანახვო ის, რასაც თავად ხედავ... ტაში კი იმხელა სიამოვნებაა, ვერც კი წარმოიდგენთ. არ ვიცი, სხვა მსახიობები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მსახიობისთვის "პაკლონსა" და ტაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მივიჩნევ, რომ სცენაზე როლის თამაშს არანაკლები ადრენალინი მოსდევს, ვიდრე ექსტრემალურ თამაშს. თუ თეატრიდან ერთი მაყურებელი მაინც წავიდა ისე, რომ სპექტაკლში გაგონილმა რომელიმე ფრაზამ ჩააფიქრა, ეს უკვე კარგია. ხელოვნების ნებისმიერ სფეროს გარკვეულწილად აქვს იმის დანიშნულება, რომ გაართოს მაყურებელი და ამასთან ერთად, გაზარდოს კიდეც იგი სულიერად.
- შენი ბოლო სპექტაკლია "აკრძალული თამაშები", რომელიც საკმაოდ მძიმე თემაზეა აგებული.
- როცა ეს სპექტაკლი იდგმებოდა, კინოგადაღებები მქონდა და ჩემი როლი პრემიერაზე დუბლიორმა, სანდრო დავითაშვილმა ითამაშა.
- სცენაზე უჩვეულო სიტუაციაში თუ ჩავარდნილხარ?
- "მაკბეტში" თავდაყირა ვარ დაკიდებული თოკზე; ერთხელ ეს თოკი მოეშვა და კინაღამ ჩამოვვარდი... როგორც წესი, "მაკბეტს" მოულოდნელობები ახლავს - რეპეტიციაზე აუცილებლად ან რაღაც უნდა ვიტკინო, გავიჭრა, ან თავი მივარტყა... ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევა.
- არცთუ ისე დიდი ხნის წინ ძალები სერიალშიც მოსინჯე...
- სერიალის გადაღებები დიდ შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა...
- სერიალიდან სად გაქრი?
- სერიალიდან მე და ჩემი მეუღლე, ნინო ქორიძე თითქმის ერთდროულად "გავქრით" და სიმართლე გითხრათ, მიზეზი არ ვიცი...
- ამ ამბავს არაერთი ჭორი მოჰყვა: ამბობდნენ, რომ სერიალის ხელმძღვანელებთან მოგივიდა უთანხმოება...
- რასთან დაკავშირებით?
- როგორც ვიცი, ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით...
- ამ საკითხთან დაკავშირებით რა უთანხმოება უნდა ყოფილიყო?.. აა, მეტი ხელფასი მოითხოვაო, ამბობენ (იღიმის)? სიმართლე გითხრა, ამ საკითხზე საუბარიც კი არ ყოფილა და შესაბამისად, არც უთანხმოება მოგვსვლია. მივდიოდი გადაღებაზე, ვეცნობოდი სცენარს და მერე უკან ვბრუნდებოდი - აბა, რაზე უნდა მეჩხუბა?!
- სერიალის მესვეურები ამბობენ, პერსონაჟი შესაძლოა, ეკრანზე მალე დაბრუნდესო...
- ასეთი დამოკიდებულება სწორად არ მიმაჩნია. სინამდვილეში ასე რომ იყოს, ჩემს წამოსვლასთან დაკავშირებით ჭორები არ გაჩნდებოდა და ვერავინ გაიგებდა ამის შესახებ. როგორც წესი, როცა ასე იწყებენ საუბარს, რაღაც ხდება... სხვათა შორის, მსგავსი ჭორები მეც ხშირად მესმის. სერიალიდან ჩემი გაქრობის შესახებ გარშემო მყოფები სხვადასხვა ამბავს მიყვებიან.
- და როცა შენი გმირი აღარ უნდა გამოჩენილიყო სერიალში, რეჟისორმა რა გითხრა?
- მითხრეს, დროებით გაგიშვებთ და მერე ისევ დაგაბრუნებთო. მე კი ამ საკითხთან მსგავსი დამოკიდებულება არაპროფესიონალიზმად მიმაჩნია.
- რას გულისხმობ?
- რა ვიცი, დაწვრილებით ხომ ვერ მოგიყვები ყველაფერს?! მაინცდამაინც რატომ დაემთხვა ჩემი და ნინოს წამოსვლა? სხვები ხომ ასე უეცრად არ გამქრალან!.. სწორედ ეს დამოკიდებულება მგონია არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. სხვა მიზეზი კი შეგიძლია, სერიალის ხელმძღვანელებს ჰკითხო. ეჭვი მაქვს, ბევრ საინტერესო ვერსიას მოგიყვებიან.
- არც ისე დიდი ხანია, რაც ცოლი შეირთე, როგორ გრძნობ თავს?
- უბედნიერესად!
- ბავშვს ხომ არ ელოდებით?
- (იღიმის) თუ რამე სიახლე იქნება ჩვენს ცხოვრებაში, აუცილებლად შეგატყობინებთ.
ელენე ბასილიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)