მოდელ ანა კოშაძეს ფობიებზე სასუბროდ დავუკავშირდით, მაგრამ ეს ერთი შეხედვით ნაზი ქალბატონი იმდენად უშიშარი აღმოჩნდა, რომ ჩემნაირ მშიშარა ადამიანებს შესაძლოა, მისი კეთილი შურითაც კი შეშურდეთ. მოკლედ, გთავაზობთ ინტერვიუს უშიშარ ანა კოშაძესთან.
- როგორ გგონია რა არის ფობია?
- ჩემი აზრით, ისტერიკული შიში ადამიანის აკვიატება ან ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგია. მე პირადად, ნაკლებად მაწუხებს მსგავსი რაღაცები.
- ანუ შეიძლება ითქვას, რომ უშიშარი ხარ?
- უშიშარს ვერ ვიტყვი, რადგან ცხოვრებაში არის რაღაცები, რისიც მეშინია, მაგრამ რაიმეს მიმართ ჩამოყალიბებული ფობია არ მაქვს.
- ბავშვობაშიც არ გეშინოდა სახლში მარტო დარჩენის ან სიბნელის?
- არა, არა. არ მახსენდება ასეთი შემთხვევა. სხვათა შორის, ძალიან პატარას უკვე მარტო მტოვებდნენ და არ მეშინოდა.
სიბნელის არ მეშინია, რაც თავი მახსოვს, ბნელ ოთახში ვიძინებდი და დღემდე ასე ვარ. ახლაც ჩემთვის ღამით სახლში მარტო დარჩენა არანაირი პრობლემა არ არის.
- სიმაღლის შიში ხომ არ გაქვს?
- არა, პირიქით, ძალიან მიყვარს სიმაღლე, მსიამოვნებს მაღალი სართულიდან გადმოხედვა, მიყვარს ატრაქციონები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს - ფრენაც, რისიც ზოგს ეშინია, ზოგისთვის - სულერთია, მე კი მიყვარს როგორც აფრენის, ისე დაშვების მომენტიც.
- ამ ყველაფერთან ერთად ექსტრიმის სიყვარულითაც გამოირჩევი?
- კი (იღიმება), მსიამოვნებს ადრენალინის გამოყოფა, მართალია, ხანდახან რაღაცების მეშინია, მაგრამ ეს მომენტიც კი მომწონს. ძალიან მინდა, თოკით სიმაღლიდან გადმოვხტე, იმედი მაქვს, მშობიარობის შემდეგ ავისრულებ ამ ნატვრას, თუმცა ვერ ვიტყვი, არ შემეშინდება-მეთქი, გადმოხტომის წინ ვინერვიულებ, მაგრამ თუ იქამდე მივალ, მაშინ ფაქტის წინაშე დამდგარი უარს აღარ ვიტყვი, მომერიდება (იღიმება).
- ანა, მანქანას თუ მართავ?
- კი.
- და მერე ასეთი ექსტრემალი დიდ სიჩქარესაც ავითარებ ხოლმე?
- ოოო, ძალიან ცუდია, მაგრამ სიჩქარე მიყვარს. სულ ვამბობ, აღარ ვატარებ მანქანას ჩქარა-მეთქი, ვიცი, ეს ცუდია, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ ვაკონტროლებ ხოლმე თავს და სწრაფად სიარული მაინც მინდება. სხვათა შორის, ახლა არ მყავს მანქანა და ძალიან მენატრება.
- გადავინაცვლოთ მწერებისა და ცხოველების თემაზე. გიყვარს ძაღლები, კატები და ა.შ.?
- მახსოვს, პატარაობაში ვგიჟდებოდი ცხოველებზე, ქუჩის ძაღლები დამყვებოდნენ ყველგან, გაჩერებაზეც კი მაცილებდნენ. ვოცნებობდი ძაღლზე, მაგრამ დედას არ უყვარდა და არ მყავდა. მერე, როცა გავიზარდე და შემეძლო მყოლოდა, მივხვდი, ჩემი მოსავლელი უნდა ყოფილიყო და დამეზარა, ამიტომ გადავიფიქრე (იღიმება).
მოკლედ, ცხოველები მიყვარს, რასაც მწერებზე ვერ ვიტყვი, ან როგორ ვთქვა, მწერები მიყვარს-მეთქი? თუმცა ისეთი გართულება არ მაქვს, ზედ რომ დამაჯდეს და ინფარქტი მივიღო.
- სტიქიის ყველას ეშინია, მაგრამ ზოგს პანიკურად...
- როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მეშინია სტიქიების, მაგრამ არ მაქვს ფობია. მეტიც, ასეთ სიტუაციაში სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
ბოლო მიწისძვრა რომ იყო, დედაბუდიანად აგვყარა ჩემმა ქმარმა და ჩემს მულთან წაგვიყვანა. რადგან იყო სახლი და არა კორპუსი, მიიჩნია, რომ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. არადა, მე ძალიან გავბრაზდი, რადგან ღამე იყო, გამაღვიძა და წამიყვანა. არ მეშინია და რა ვქნა?! მიწისძვრის მომენტში ვიცი, საყრდენი კარის ქვეშ უნდა დადგე და ასეც ვიქცევი, ვხვდები, გაქცევას აზრი არ აქვს, რადგან შეიძლება, გზაში თავზე ჩამოგექცეს კორპუსი, ამიტომ არსად გავრბივარ, მეტიც, შემიძლია, მშვიდად დავწვე და დავიძინო. ერთადერთი ამ დროს განსაკუთრებით ვნერვიულობ ბავშვზე, როცა დედა ხარ, უფრო მეტად ღელავ შვილზე. სხვათა შორის, მახსოვს ომის დროს ჩემი ოლიმპიური სიმშვიდე, რითაც ყველა გავაოცე. ვის შეიძლება, ომი სიამოვნებდეს ან მოსწონდეს, ძალიან ვნერვიულობდი ჩვენს ჯარისკაცებზე, მაგრამ ამის გამო პანიკა არ შემიქმნია, მით უმეტეს, რომ 9 თვის ორსული ვიყავი, გაქცევის არანაირი სურვილი არ მქონდა. მერჩივნა, აქ ვყოფილიყავი და ასეც მოვიქეცი.
- რადგან ორსულობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ექიმებიც ვახსენოთ, გიყვარს თეთრხალათიანები, თუ უკიდურეს შემთხვევაში მიდიხარ მათთან?
- არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თითის წამოტკივებისასაც კი ექიმებთან გარბიან, თუმცა არც ნამდვილ ქართულ ხასიათს ვავლენ ამ საკითხში და ბოლო წუთს არ გავრბივარ ექიმთან. შუალედური ვარ, ექიმთან მივდივარ, როცა ამის საჭიროებას ვხედავ, სტომატოლოგთან კი რეგულარულად დავდივარ. მოკლედ რომ ვთქვა - მიყვარს ექიმები, მით უმეტეს, რომ ჩემი დედამთილიც ექიმია.
- ორსულად ხარ და მშობიარობის ხომ არ გეშინია?
- არა, არც პირველზე მეშინოდა, მაგრამ საკეისრო დამჭირდა, აქედან გამომდინარე, ახლაც საკეისროთი უნდა ვიმშობიარო და შიშის საფუძველიც არ მაქვს.
- წყალსა და ცურვაზეც გკითხავ, გიყვარს ცურვა?
- კი, ვგიჟდები, ზღვაა ჩემი სუსტი წერტილი და თუ რაიმე ექსტრემალური არსებობს ჩემში, სწორედ ზღვაზე ყოფნისას ვავლენ. შევდივარ ძალიან შორს, იმდენად შორს, რომ ჩემი ქმარი პანიკაში ვარდება და მერე ნაპირიდან ისე მეძახის, ჯობია, საერთოდ არ შევცურო (იცინის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)