საფრანგეთში ჟანა დარკის მუზეუმს ხურავენ

საფრანგეთში ჟანა დარკის მუზეუმს ხურავენ

საფრანგეთის ქალაქ რუანში მდებარე ჟანა დარკის (Jeanne d’Arc) მუზეუმი (1955 წ.) დახურვის საფრთხის წინაშეა.

მუზეუმს 1977 წლიდან ალენ პრეო ხელმძღვანელობს. თავის დროზე მან ამ თანამდებობაზე საკუთარი მამა შეცვალა. ახლა ის 59 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ პრეო ჯერ ისევ მხნედ გამოყურება, თანამდებობის დატოვებას აპირებს. მუზეუმს ის მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ ხურავს - დირექტორი ცვილის ფიგურების, დოკუმენტებისა და მუზეუმის სხვა უნიკალური ექსპონატების მყიდველს ვერ პოულობს. მუზეუმის კოლექცია სულ 450 551 ევროდ არის შეფასებული.

"ფრანგები საკუთარი ისტორიის მიმართ ინტერესს კარგავენ, - აცხადებს მუზეუმის დირექტორი ალენ პრეო, - თუ მყიდველი არ გამოჩნდება, ექსპონატების აუქციონზე გაყიდვა მოგვიხდება. ეს კატასტროფა იქნება, რადგან ისინი კერძო კოლექციებში დაიფანტება".

ორლეანელი ქალწული ახლა უფრო მეტად ინგლისელებს აინტერესებთ, ვიდრე ფრანგებს - 80-იან წლებში ჟანა დარკის მუზეუმს ყოველდღიურად 40 000 ფრანგი სტუმრობდა, ახლა მათი რიცხვი 25 000-ზე ნაკლებია. ალენ პრეოს დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების სიმცირე აღელვებს.

კრიტიკოსების აზრით, ინტერესის დეფიციტი იმით აიხსნება, რომ მუზეუმი დროს ფეხს ვერ უწყობს. მუზეუმში სასულიერო პირების მიერ ჟანა დარკის სახელით დაწერილი ძველი წერილები, ცვილის ფიგურები და მუყაოსგან გამოჭრილი ჟანა დარკის დასჯის სცენა ინახება. ასეთი ექსპონატებით თანამედროვე დამთვალიერებლების ყურადღების მიპყრობა ძნელია.

XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთში ჟანა დარკის კულტი იყო, რომელიც 1920 წელს კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც მისი კანონიზაცია მოხდა. თუმცა ფრანგმა გმირმა ქალმა პოპულარობის პიკს  მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მიაღწია.

ჟანა დარკი საფრანგეთის სახალხო გმირია, რომელიც ასწლიანი ომის (1337-1453) დროს ინგლისელთა წინააღმდეგ ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა (1429-1430).

რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დარკი "ჯადოქრად" და "მწვალებლად" ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 წელს ის წმინდანად შერაცხა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა