თბილისის მოდის კვირეული დასრულდა. ქართველმა დიზაინერებმა თავიანთი კოლექციები სასტუმრო "შერატონში" წარადგინეს, იქვე იყო გამოფენილი მოდელიერთა აქსესუარებიც. უკვე მეოთხედ გამართული მოდის კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში სახელგანთქმულმა სამოდელო სააგენტო "ფორდმა" ქართველი გოგონაც შეარჩია უცხოეთში პრაქტიკის გასავლელად. ჩავლილი ღონისძიების შესახებ ვრცლად შემდეგ ნომერში მოგითხრობთ, მანამდე კი თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ორგანიზატორს თაკო ჩხეიძეს ვესაუბრეთ.
- თბილისის მოდის კვირეული უკვე მეოთხედ გაიმართა, თუმცა შეცდომების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ერთს არ ჩაუვლია. ამჯერად რა გაითვალისწინეთ იმ გამოცდილებიდან, რომელიც წინა კვირეულის მზადებისას მიიღეთ?
- რა თქმა უნდა, ყველა ღონისძიებას აქვს პლუსი და მინუსი, როდესაც საორგანიზაციო ჯგუფი ვსხდებით და ვფიქრობთ, რა და როგორ გავაკეთოთ, ვწონით, რა იყო კარგი და რა არა, რომ შემდეგი კვირეულისთვის გავითვალისწინოთ. მოხარული ვარ, რომ ჩამოყალიბდა პროფესიონალთა ათკაციანი ჯგუფი, რომელმაც ამ კვირეულისთვის დიზაინერები გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით გადაარჩია. მოდის კვირეულის მიმართ ინტერესი გაიზარდა და ბევრმა დიზაინერმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ბუნებრივია, ისინი ელემენტარულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვფიქრობ, ძირითადი მონაწილეები და ასევე ახალბედა დიზაინერები კარგად შეირჩა.
- მანამდე არ ირჩეოდა კარგად?
- ამას შეცდომას ვერ დავარქმევ, მაგრამ ჩვენი პრინციპია, ამ პროექტში ბევრი პროფესიონალი ჩავრთოთ. ეს არც თაკოს პროექტია და არც ვინმე სხვისი. კვირეულიდან კვირეულამდე სულ ვეძებ ამ სფეროს პროფესიონალებს, მინდა გითხრა, რომ ამისი ნაკლებობა სულაც არ არის საქართველოში. ბევრი ადამიანი დავაბრუნე ამ სფეროში, რომელშიც 15 წელია ჩართული ვარ. ბევრმა დაანება თავი და სხვა სფეროში წავიდა, ისინი გავაღვიძე და ძალიან მონდომებული არიან.
- თაკო, ისევ დიზაინერების არჩევის თემას დავუბრუნდები - უნდა ვთქვათ, რომ თქვენი კვირეულის მონაწილე ბევრ დიზაინერს აკრიტიკებდნენ.
- კი, ნამდვილად ყოფილა კრიტიკა, მეც ჩემი შეხედულებები მაქვს, მაგრამ ერთპიროვნულად არასდროს გადამიწყვეტია. ახლა ჯგუფი არჩევს, ისინი ნამდვილად პროფესიონალები არიან, თუმცა სახელებისა და გვარების დასახელებას მოვერიდები.
- რატომ, საქმის ჩასაწყობად რომ არ მიმართოს ვინმემ?
- თავიდანვე შევთანხმდით, რომ არ გაგვეხმაურებინა. არის რამდენიმე ცნობილი დიზაინერი და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები. ასევე სხვა წევრებიც.
- თაკო, ამ მოდის კვირეულის უცხოელი სტუმრების შესახებ გვესაუბრე...
- ამ მხრივ მრავალფეროვნება გვქონდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს დიზაინერებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ ფრანგ მუსიკოს მაქსველთან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ჩვენებებისთვის არჩევს მუსიკას. აქ შეხვდა ჩვენს მონაწილეებს და თითოეულის კოლექციასა და კონცეფციას გაეცნო, რომ მათთვის მუსიკა შეერჩია. შემდეგ დამსწრე საზოგადოება აღნიშნავდა, რომ მუსიკა მართლაც კარგად და რაც მთავარია, ყველასგან განსხვავებულად იყო შერჩეული. ჩვენი კვირეულის კულისებში მუშაობდა პოპულარული ფრანგი ფოტოგრაფი ვინსენ ლაპაღტიე, რომელიც იღებს ხოლმე "შანელის", "ჰერმესისა" და სხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებების "ბექსთეიჯს", ანუ კულისების სიტუაციას.
- ეს საინტერესოა?
- "ბექსთეიჯის" თემა მოდის ფოტოგრაფებისთვის ძალზე საინტერესოა.არიან მსოფლიოში ფოტოგრაფები, რომლებიც მხოლოდ ამ თემაზე მუშაობენ. გამოდის ბუნებრივი ფოტოები, რომელთაც ყველა მოდის ჟურნალი აქვეყნებს.
- პაპარაცული მომენტი მუშაობს? მაგალითად, კულისებში გოგონა რომ იცვლის და შიშვლად იღებენ...
- ალბათ ასეც არის, რადგან წესები არ არსებობს, რომ რაღაცის გადაღება არ შეიძლება.
ფრანგი ფოტოგრაფი ძალიან მონდომებული იყო და სიამოვნებით იმუშავა ჩვენს კვირეულზე.
რაც შეეხება სტუმრებს, ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ - მოდის ჟურნალების რედაქტორები და ბაიერები გვესტუმრნენ მეზობელი ქვეყნებიდანაც.
- თქვენს მოდის კვირეულზე ბაიერების ჩამოსვლას რაიმე შედეგი აქვს?
- ვერ მოგატყუებთ, ჯერ არანაირი კონკრეტული შედეგი არ გვქონია, მაგრამ ცალკეული დაინტერესება გამოავლინეს. მაგალითად, რამდენიმე დიზაინერის თითო-თითო ნამუშევარი შეიძინეს. ამას წინათ ბაქოდან დაგვირეკეს, უნდათ ჩამოსვლა და ქართველი დიზაინერების ნამუშევრების დათვალიერება. ასე რომ, ძვრები იგრძნობა, კვირეული ჯერ დიდი ხნის არ არის და ვნახოთ, ჩვენი მუშაობა რა შედეგს გამოიღებს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯერზე ჩამოგვყავს საინტერესო ადამიანები, რომლებიც დიზაინერებს მასტერ-კლასებს უტარებენ.
- რომელთაც ისინი არ ესწრებიან...
- არა, რატომ?.. დასწრების სურვილს გამოთქვამენ. ამ კვირეულზე ბერლინის აკადემიის წარმომადგენელი ჩამოვიდა და ლექცია წაიკითხა. დიზაინერებს სჭირდებათ უფრო მეტი განათლება და ინფორმაცია. როცა გაზაფხულზე ამზადებ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, უფრო მეტის ცოდნაა საჭირო და ყველას არ აქვს საშუალება, საზღვარგარეთ იაროს.
- კი, მაგრამ ამ კვირეულზეც შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ნაკლებად იყო. როგორც ჩანს, ქართველ დიზაინერებს მაინც უჭირთ გაზაფხულზე შემოდგომისა და ზამთრის სამოსზე ფიქრი.
- დიახ, დაგეთანხმებით და ამ პრობლემას ვაღიარებთ. ძირითადად მათი პროდუქცია ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი, ამიტომაც შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ურევენ სხვასაც, მე მკაცრად ნამდვილად ვერ მოვთხოვ. დრო სჭირდება, რომ ჩვევად დამკვიდრდეს.
- თაკო, შიდა სამზარეულოში ჩაგვახედე. მცირე პერიოდებში ამხელა კვირეულების ორგანიზება და ფინანსების მოძიება რთული არ არის?
- რასაკვირველია, რთულია და საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. საერთოდ, ჩვენ უფრო მცირე თანხა გვაქვს ხოლმე, ვიდრე რეალურად არის საჭირო, თუმცა პარტნიორ კომპანიებს გვაქვს ჩვენ-ჩვენი რესურსი და ფონს ასე გავდივართ, ნაკლები ხარჯით ვაკეთებთ. დიდი პროექტია, სადაც უამრავ დიზაინერს ვუყრით თავს, ყველა ხელოვანია და თავის ენაზე უნდა ელაპარაკო. თუმცა მიხარია, რომ ჩვენთან დიზაინერებს ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება არ აქვთ. დათუნა სულიკაშვილი მეუბნებოდა ამას წინათ, რომ არ აქვთ ერთმანეთთან კონკურენტული დამოკიდებულება, რადგან აქ ოჯახური გარემოა შექმნილი და პირიქით, ერთმანეთს ეხმარებიან. არც დამწყებებს ვჩაგრავთ, ზოგიერთმა ახალბედამ შესაძლოა, გამოცდილ დიზაინერზე უკეთესი კოლექცია გაჩვენოს.
- ორსულად ხარ, მესამე ბავშვს ელოდები. არ გიჭირს ფეხმძიმეს ამდენი საქმის მოგვარება?
- ჩემს შვილებს "ფეშენ ვიკის ბავშვებს" ვეძახი. 2009 წელს, როდესაც მოდის კვირეულის მოსამზადებელი ჩვენებები გავმართეთ, ცხრა თვის ფეხმძიმე ვიყავი. ახლა კვლავ ორსულად ვარ (იღიმება). სერგი ათი წლისა, მეორე შვილი წლინახევრისაა, მესამეს ველოდები. ბიჭია. სახელი ჯერ არ შემირჩევია. რასაკვირველია, ვიღლები, მაგრამ საერთოდ, დიდი ხანია, აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული და შესაბამისად, ასეთ რეჟიმს. თანაც, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს. ღვთის წყალობით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. უცხოელების გაკვირვებულ შეფასებებს რომ ვისმენ კვირეულის შესახებ, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მიხარია. აღმოვაჩინეთ ახალი სახეები. ვზრუნავთ როგორც დიზაინერების, ასევე მოდელების პოპულარიზაციაზე.
- თაკო, დაბოლოს, კვირეულის დროს ყოველთვის აინტერესებთ დამსწრეთა ჩაცმულობა. განსაკუთებით ორგანიზატორების. შენ ყოველდღე სხვადასხვა კაბით ჩნდები. როგორ არჩევ სამოსს?
- სათანადოდ არჩევისთვის დრო არ მრჩება. განსაკუთრებით წინა დღეებში ისეთი საგიჟეთი მაქვს, ყველაზე მცირე დროს კაბის ასარჩევად ვხარჯავ. რადგან ჩვენი ღონისძიება ქართულ მოდას უკავშირდება, ვცდილობ, ჩვენი დიზაინერების პოპულარიზაციაში მეც შევიტანო ჩემი წვლილი, ამიტომაც კვირეულზე ძირითადად ქართველების კაბები მაცვია. ეს კაბა თამუნა ინგოროყვას შექმნილია. სიმონ მაჩაბლის, ნინო ჩუბინიშვილის სამოსიც მცმია.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)