"რენე მიდის ჰოლივუდში" - ამ ფილმის რეჟისორი ალეკო ცაბაძე კინომოყვარულებს ალბათ ახსოვთ, როგორც ავტორი ფილმისა "ლაქა". ამ უკანასკნელს საკმაოდ წარმატებული ისტორია აქვს, რამდენიმე პრიზის მფლობელი გახდა, ამიტომაც, ისინი, ვისაც კინო უყვარს, ალეკო ცაბაძის მორიგ ნამუშევარს ენთუზიაზმით ელოდებოდნენ.
თბილისის კინოფესტივალზე მცირე რაოდენობის მაყურებელმა ეს ფილმი რამდენიმე თვის წინ ნახა და იყო საკმაოდ კარგი გამოხმაურებები როგორც ჩვეულებრივი მაყურებლისგან, ასევე კინომცოდნეებისგანაც.
"რენე მიდის ჰოლივუდში", მისტიკური ტრილერი, რომლის რეჟისურაც და სცენარიც ალეკო ცაბაძეს ეკუთვნის, ნიკო გომელაურის ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის ორ მთავარ გმირს ნიკო თავაძე და ზურა ბეგალიშვილი განასახიერებენ.
როგორც თავად რეჟისორი ამბობს, სცენარზე 13 წლის განმავლობაში მუშაობდა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ მთავარი გმირის, რენეს ადგილას ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ამოიცნობს. მეტად საინტერესო ამბის ნახვა თბილისურ კინოთეატრებში უკვე შეგიძლიათ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)