11 მაისს ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კანის 64-ე კინოფესტივალი იხსნება. კინოფესტივალის ფარგლებში 86 სრულმეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. მათგან 54 - კინოფორუმის ოფიციალურ პროგრამაში შედის და ჯილდოს მოპოვებისთვის იბრძვის. ფესტივალი 22 მაისს დასრულდება.
ჟიურის ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ დე ნირო ხელმძღვანელობს. კინოფესტივალს ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის ახალი ფილმი "შუაღამე პარიზში" გახსნის, რომელშიც ეპიზოდური როლი საფრანგეთის პირველმა ლედიმ, კარლა ბრუნიმ ითამაშა. ფილმის პრემიერას თავად კარლა ბრუნიც დაესწრება.
საფრანგეთის დედაქალაქში გადაღებულ ფილმში ჰოლივუდის მსახიობებიც მონაწილეობენ, მათგან ყველაზე ცნობილი კეტი ბეიტსი და ედრიენ ბროუდია, ფილმში ასევე თამაშობენ მარიონ კოტიარდი და ლეა სეიდუ.
ფესტივალის მთავარი პროგრამა 20 საუკეთესო სურათს აერთიანებს, რომლებიც 1500 ფილმიდან შეარჩიეს. მათ შორისაა ლარს ფონ ტრიერის, პედრო ალმადოვარის, ჟან-პიერისა და ლუკ დარდენის გახმაურებული ფილმები.
საკონკურსო პროგრამაში ყველაზე უხვად საფრანგეთია წარმოდგენილი - ოთხი ფილმით. ორ-ორი ფილმით წარსდგებიან დანია, იტალია და იაპონია; თითო ფილმით - აშშ, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ისრაელი, ფინეთი, ავსტრია, გერმანია, თურქეთი და რუმინეთი.
ფესტივალის ისტორიაში პირველად "ოქროს პალმის რტოსთვის" ოთხი ქალი რეჟისორი იბრძვის.
ბოლო წუთს გახდა ცნობილი დამატებითი პროგრამის შესახებ. მასში ორი ირანელი რეჟისორის - ჯაფარ პანახისა და მუჰამედ რასულოფის ფილმები შევიდა. რეჟისორებმა სამშობლოში რეპრესიები გადაიტანეს, მათ ირანში პროფესიული საქმიანობა აუკრძალეს, რამაც მსოფლიო კინოსაზოგადოებაში პროტესტის ტალღა გამოიწვია.
"ოქროს პალმის რტოს" მფლობელი ფესტივალის დახურვაზე - 22 მაისს გამოცხადდება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
იხილეთ ასევე "კანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია"