ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა და გაერო-ს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ, გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ჰოსპიტალში ორი სამხედრო აგრძელებს მკურნალობას - მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი ედნარ აბულაძე.
ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ.
სულ ჰელმანდის პროვინციაში სამსახურის პერიოდში დაიჭრა და დაშავდა 12 ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში, მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონი ეტაპობრივად 33-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
ბატალიონთა როტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს მსოფლიოში ცნობილი ადამიანები სტუმრობენ. 2010 წლის ნოემბერში ჰელმანდის პროვინციაში, 31-ე ბატალიონის დაჭრილი ჯარისკაცები აშშ-ის პირველმა ლედიმ - მიშელ ობამამ მოინახულა.