ნინო ჩხეიძემ ნოდიკო ტატიშვილი დააქორწინა

ნინო ჩხეიძემ ნოდიკო ტატიშვილი დააქორწინა

ნოდიკო ტატიშვილის დაქორწინების შესახებ ნინო ჩხეიძის "ფეისბუქიდან" შევიტყვე. ნინომ ნოდიკოს სასიყვარულო სიმღერა თავის გვერდზე დადო და თან მიაწერა, ეს სიმღერა სწორედაც დროულიაო. სულ მცირე ხანში "აფხაზეთის ხმის" მენეჯერის, ნიკა ხაჩიძის გვერდზეც იგივე სტატუსი გამოჩნდა. ნიკა ნოდიკოს დაქორწინებას ულოცავდა. ატყდა ერთი ამბავი, ყველას გაუჩნდა სურვილი, მიელოცა ნოდიკოსთვის და მთავარი კითხვა შემდეგი იყო - ვინ არის გოგონა, რომელმაც ნოდიკოს თავი შეაყვარა?

- სინამდვილეში ყველაფერი შემდეგნაირად იყო - ნინო ჩხეიძემ "ბრავოში" შესრულებული ჯეიმს ბრაუნის ცნობილი ჰიტი დადო და მიაწერა, ეს სიმღერა ალბათ ყველაზე დროული და შესაბამისი იქნებაო. კონცერტი მქონდა გურიაში, უკან ვბრუნდებოდი და დამირეკა ნიკა ხაჩიძემ, არ გაგიკვირდეს, ახლა შენს ტელეფონზე ერთი ამბავი ატყდება, მე და ნინო ჩხეიძემ "ფეისბუქზე" დავწერეთ, რომ ცოლი მოიყვანეო. ახალი ამბავი გავავრცელეთ და სასწაული ხდებაო. "პროფილის" პროდიუსერ გვანცა კილასონიასაც წაუკითხავს და დაინტერესებულა, ნოდიკოს ჩვენს გადაცემაში ველოდებითო. ხალხი მილოცავდა, თუმცა ტელეფონზე არ დაურეკავს არავის, რადგან ნიკუშამ მია­წერა, დღეს გამორთული აქვს ტელეფონი და ხვალიდან დაიწყეთ მილოცვებიო. მეორე დღეს ძილი არავინ და­მაცადა, ორივე ტელეფონი დამიჯდა, სასწაული ხდებოდა. დედაჩემი გაგიჟებული იყო და ოჯახისთვის იმის ახსნა მომიხდა, რომ ეს ჩემი მეგობრების ხუმრობა იყო. უჩემობა განიცადეს ასე...

- მაინცდამაინც შენზე რატომ იხუმრეს? რაიმე საფუძველი ხომ არ ჰქონდათ?

- რა ვიცი, ჩემზე მოუნდათ ხუმრობა. არანაირი კონკრეტული მიზეზი არ ჰქონიათ. მგონია, რომ გაერთნენ მაგრად, მაგრამ მე უფრო მეტად გამართეს (იცინის). ძალიან მიყვარს ძილი და არც ტელეფონს ვრთავ, ჩემდა საუბედუროდ. დილას დამირეკა ერთმა მეგობარმა, მეორემ, მესამემ, დედაჩემი მასწავლებელია და სკოლაში მიახარეს ეს ამბავი. უფრო მეტი იმიტომ მირეკავდა, ხომ არ გაგიჟდი, ვინ არის ეს გოგო, აქამდე სად იყავი და რატომ გვატყუებდიო. აღმოჩნდა, რომ არც არავინ მომიყვანია და არც არავინაა ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული.

- მოკლედ, ნინო გებრძვის.

- ნინო და ნიკუშა. მგონი, უფრო მეტად ნინოს იდეა იყო (იღიმება). მეუბნებოდა, რაღაცის დაწერა მინდა შენზეო, მაგრამ ნიკუშასაც ეხერხება ასეთი რამეები. შეთქმულება მოამზადეს. მებრძვიან (იცინის).

- როგორ გგონია, ხალხი ხომ არ იფიქრებს, პიარისთვის გაკეთდაო?

- არა, რა თქმა უნდა, პიარი არაფერ შუაშია. ჩემ შემთხვევაში ალბათ ეს კითხვა არ გაჩნდება. პიარის თვალსაზრისით არაფერი მაკლია, სულ დაკავებული ვარ ამა თუ იმ გადაცემაში.

- სხვა ჭორებიც გსმენია ალბათ.

- მახსოვს, ერთი ძალიან ცუდი ჭორი გაავრცელეს. ჩემმა დეიდაშვილმა დამირეკა წივილ-კივილით, ავარიაში ხომ არ მოყევი და ხომ კარგად ხარო. ასეთი ხმა გავრცელებულა, თუმცა, რასაკვირველია, ამას ჩემი მეგობრები არ იტყოდნენ. ამ ჭორზე, მართალი გითხრა, საკმაოდ ვინერვიულე.

უკვე წლებია შოუბიზნესში ვარ, მაგრამ აქტიურად ორი წელია. როცა ამ სფეროში მუშაობას ვიწყებდი, მშობლებს მაშინაც არ ჰქონდათ არანაირი რეაქცია ჭორებზე. მე უფრო მეტად ვნერვიულობდი. ჩემი ოჯახის წევრებს ხშირად უთქვამთ, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი ყველაფრისთვის. ახლა იმდენად მივეჩვიე, რომ ვიღაცის მიერ შავი პიარისთვის აგორებულია თუ უბრალოდ, უწყინარი ჭორი, აღარ მაინტერესებს. როცა ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე მეგობრები და, მით უმეტეს, თუ კოლეგების შეკრებაა, განვიხილავთ ვისზე რა გავიგეთ და, ამაზე ვხალისობთ. ამბობენ, რომ სიმარ­თლის მარცვალი ჭორში ყოველთვის ურევია, მაგრამ ჭორების 80%-ში, ჩემ შემთხვევაში, არანაირი სიმართლე არ ყოფილა. ასე რომ, ერთ ყურში შევუშვებ, მეორედან გამოვუშვებ ხოლმე.

- პოპულარობას მოაქვს ეს ყველაფერი...

- ამბობენ, თუ პოპულარული არ ხარ, არც ჭორაობენ შენზე. თუმცა მე ზოგადად არ მიყვარს ჭორაობა. რომ ჰკითხო ჩემს მეგობრებს, გეტყვიან, რომ არავისზე არ ვჭორაობ. ამით ვერ ვერთობი. ხალხს აინტერესებ და რაღაცას იტყვიან შენზე, მაგრამ არ დავჯდები და ამაზე ფიქრს არ დავიწყებ. კმაყოფილი ვერ ვიქნები იმით, რომ ჩემზე ჭორაობენ და ამიტომ ვარ პოპულარული.

- რა არის შენთვის პოპულარობა? ამის გამო ბევრს ვარსკვლავური დაავადება სჭირს.

- ყველა იმ ადამიანს უარვყოფ, ვისაც რამის გამო თავში უვარდება. რასაკვირველია, არიან ასეთი ადამიანები. თუ დავინახე, რომ ადამიანს ვარსკვლავური დაავადება სჭირს, ვცდილობ, მოვერიდო, რადგან ისეთი ენა მაქვს, შესაძლოა, ცოტა ხუმრობაში გავუტარო, მაგრამ ჩემს სათქმელს აუცილებლად ვეტყვი. ბანალურად გეტყვი, რომ სიმღერა ჩემი ცხოვრების არსია, წყალი და ჰაერი. ყოველთვის მინდოდა, რომ ხალხის საყვარელი მომღერალი ვყოფილიყავი და ემღერათ ჩემი სიმღერები. პოპულარობა მოდის და მიდის, მაგრამ როცა ხალხს უყვარხარ, ეს პოპულარობა უფრო მარადიულია. ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, ტრაგედიაა. გამიგია, როგორ გაულანძღავთ ცნობილი სახე. ასეთ მდგომარეობაში რომ ვიყო, პრინციპულად არ ვიმღერებდი. ხალხის სიყვარული "ჯეოსტართან" ერთად მოვიდა ჩემთან, ხალხი ზრუნავდა, რომ არ გავვარდნილიყავი და შესაბამისად, ეს სიყვარულიც დაიბადა. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თავი უშუალოდ ჩემს სახლში მგონია, საოცრად კარგი დამოკიდებულებაა.

- გქონია საინტერესო შემთხვევა?

- ძალიან ხშირად მჩუქნიან ლექსებს. ერთი ისეთი ლექსი მომიძღვნეს, რომელშიც თითო სტრიქონი ჩემი სახელის თითო ასოთი იწყება. ერთმა გოგონამ დამიწერა. ყველა ლექსს, რომელსაც თაყვანისმცემლები მიძღვნიან, ვინახავ. გამიმართლა, რომ ჩემს თაყვანისმცემლებში არანაირი ასაკობრივი ზღვარი არ არის, პატარა ბავშვებიდან დაწყებული მოხუცი ქალბატონებით დამთავრებული ყველა მისმენს. მოხუცები სენტიმენტალურები არიან, მოდიან და ტირიან ხოლმე. მინდა, რომ ყველა მათგანს ჩავეხუტო.

ამ ბოლო დროს მომიმრავლდა თაყვანისმცემლები, რომლებიც რეკავენ, მისმენენ და მერე ტელეფონს მითიშავენ. ხომ შეიძლება, მითხრან, ნოდიკო, გამარჯობა, მიყვარხარ ან არ მიყვარხარ (იცინის). საიდან იგებენ ჩემს ნომრებს, არ ვიცი. ალბათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლოს არ არიან ჩემთან, მაგრამ ნომერი იციან. ერთი-ორმა პატარა გოგონამ ისე ამაწრიალა, რომ ღამეც კი მირეკავდნენ. მერე გავიგე, რომ ჩემი ახლობლის ნათესავი ყოფილა და ამ ჩემი ახლობლის ტელეფონში ჩუმად უნახავს ჩემი ნომერი. არ მესმის ასეთი თაყვანისმცემლების, რომლებიც მირეკავენ და ხმას არ იღებენ. ერთადერთი შემთხვევაა, როცა ვბრაზდები.

- თავი არასოდეს მოგიწო­ნე­ბია საკუთარი პოპულარობით? ვერ დამაჯერებ.

- გეტყვი და შენ გადაწყვიტე, არის ეს მარიაჟობა თუ არა. ძალიან მიყვარს კარგად ჩაცმა, მარტო ბრენდებს არ ვიცვამ, მაგრამ მაქვს პრეტენზია, რომ კარგად მეცვას. როცა მომღერალი ხარ, ფორმაში უნდა იყო და ამას მაყურებელიც ითხოვს. რომ გითხრა, ვიპრანჭები-მეთქი გოგონებთან და სხვანაირად ვსაუბრობ, მოგატყუებ.

მარიაჟობა ზოგადად არ მახასიათებს, ახლა გამოვცვალე ტელეფონი, დიდი ხანი ძველი მოდელით დავდიოდი. რით განვსხვავდები სხვებისგან?! არ მიყვარს სნობები. არის ადგილები, სადაც არ დავდივარ, მაგალითად, დისკოთეკაზე. მიყვარს კომფორტი და ვცდილობ, იქ ვისადილო, სადაც კომფორტს შემიქმნიან. მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ნოდიკო ვარ ტატიშვილი.

- მგონია, რომ ცოტა პედანტი უნდა იყო. გოგონებს მოსწონთ ასეთები?

- გოგონების მხრიდან უყურადღებობას არ ვუჩივი, მცირე დოზით მართლაც ვარ პედანტი. ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ მახასიათებს ხოლმე რაღაცები, მაგალითად, შესაძლოა, შემიყვარდეს გოგონა, რომელიც გემრიელად ვერ ამზადებს, მაგრამ თუ ფეთხუმია და ბინძური, ვერაფრით ვერ შემიყვარდება. თუმცა თუ კარგად მომზადება ეხერხება, ეს ჩემთვის პლუსია. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეს პრობლემა არ იდგა. სახლში რომ შევდიოდი, ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილას იდგა და დღესაც ასეა. ამიტომ სხვანაირი გოგონა ალბათ ჩემი ცხოვრების მეგზური ვერ იქნება. გოგონა, რომელიც ზედმეტად თავისუფალია, ვერ ხვდება სად არის და სად როგორ ილაპარაკოს, არ მომეწონება.

- ნოდიკო, დაბოლოს, რომ არ გკითხო ალბომზე, არ შემიძლია. ბოლოს და ბოლოს, გამოდის თუ არა?

- რაც ჩვენ ინტერვიუ ჩაგვიწერი­ა, სულ ამ ალბომზე ვლაპარაკობდი. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ტექსტს, კარგი ავტორები გვყავს და მიყვარს მათთან ერთად მუშაობა, ერთ ტექსტზე შესაძლოა, ერთი კვირაც ვიმუშაო. წინა წელს მაისში დავიწყე მუშაობა და არ ვფიქრობ, რომ დრო გამეწელა. ივნისის შუა რიცხვებში უკვე მზად იქნება, ალბომს "სანო სტუდია" გამოსცემს. ახლა ვფიქრობ, როდის გავაკეთო პრეზენტაცია, ივნისშივე თუ სექტემბრის ბოლოს.

- ალბათ ახალი სიმღერების დროც დადგა უკვე, ძველი მობეზრებულია...

- "იტ'ს ოკ"-მ ძალიან გაამართლა და ჩემს ალბომს მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ბორიკო შხიანის ამ სიმღერის სახით ერთი მარგალიტი აქვს. ჩემი აზრით, არანაკლები ჰიტი იქნება "ჩემი ოცნების მატარებელი", რომელსაც საზაფხულო ჰიტად მივიჩნევ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება