რას დაჰპირდა თაკო მელიქიშვილის მამა გია სურამელაშვილს

რას დაჰპირდა თაკო მელიქიშვილის მამა გია სურამელაშვილს

რამდენიმე დღეში გია სურამელაშვილი და თაკო მელიქიშვილი ისრაელში ჩავლენ და იქაური ქართველებისთვის კონცერტს გამართავენ. თაკოს ინფორმაციით, ქართველების პატივსაცემად გამართულ კონცერტზე, სავარაუდოდ, სოსო პავლიაშვილიც იმღერებს. მანამდე კი მეგობრებს ჩვენეული "დაკითხვა" ცალ-ცალკე მოვუწყვეთ.

-სად გაიცანით ერთმანეთი?

თაკო:

-რადიოში, ალბათ 2-3 წლის წინ. ახალი სიმღერით მოვიდა გია "არ დაიდარდოში".

გია:

-რადიოში გავიცანი თაკო, დაახლოებით 3 წლის წინ.

-ვინ არის ჰოროსკოპით და როდის აქვს დაბადების დღე? შენ?

თაკო:

-მერწყულები ვართ, 24 იანვარს გვაქვს დაბადების დღე ორივეს. ამ კითხვაში ვერ ჩაგვჭრი (იცინის). წელს ერთად აღვნიშნეთ ერთ-ერთ რესტორანში. კონცერტი შევთავაზეთ მაყურებელს სხვა მომღერლებთან ერთად და კარგადაც მოვილხინეთ. სხვათა შორის, მხოლოდ დაბადების დღეებზე არ ვილხენთ, ამისთვის რაიმე მიზეზი არ გვჭირდება.

გია:

-ორივე 24 იანვარს ვართ დაბადებული. მერწყულები ვართ. წელს დაგპატიჟე დაბადების დღეზე და არ მოხვედი.

-ვერ მოვედი... რა არ მოგწონს მის ხასიათში? როგორ გგონია, მას რა არ მოსწონს შენში?

თაკო:

-ნაკლი ყველას გვაქვს. მაგალითად, ჩემსავით უყვარს დაგვიანება. გაცილებით დიდხანს ემზადება სახლიდან გამოსასვლელად, ვიდრე მე, გია ყოველთვის ფორმაშია და ამას მივესალმები. მას რა არ მოსწონს? თავმოუბმელი ვარ და ალბათ ის. ბევრ რამეს ერთად ვაკეთებ და ამის გამო ყველაფრის მოსწრებას ვერ ვახერხებ. მავიწყდება კიდეც დღის გეგმა. დღესაც გიამ გამახსენა, ინტერვიუ რომ გვქონდა. უკვე გზაში ვარ-მეთქი, ვუთხარი, არადა მაშინ გავიღვიძე.

გია:

-თაკოს ნაკლი არ აქვს, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია. მე ვარ ძალიან ცვალებადი, არეული ამინდივით ვარ, ხან ამ ხასიათზე, ხან იმ ხასიათზე. ოთხით რომ დადგეს ყველა, ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. თვითონ უნდა მოვიშორო ეს ცუდი ხასიათი.

-რა სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას? შენ?

თაკო:

-კლასიკური სტილი უყვარს გიას, სასცენო. მე სპორტული სტილი მირჩევნია, თუმცა ვცდილობ სცენაზე გიას შევუხამო სტილი.

გია:

-თაკოს სპორტული სტილი უყვარს. მეც მიყვარს, მაგრამ იმის გამო, რომ სცენა მუდმივად ფორმაში ყოფნას, კლასიკურ სტილს ითხოვს, თაკოც ჩემს სტილზე გადმომყავს. რესტორანში ხომ ხალხი მხოლოდ საჭმელად არ მოდის, მას შენი სიმღერა, გარეგნობა, ჩაცმის სტილი აინტერესებს. ამიტომ არ უნდა შერცხვე.

-მაკიაჟის რომელი დეტალის გარეშე არ გავა სახლიდან? შენ?

თაკო:

-ალბათ ტონალური კრემის გარეშე (იცინის). მე არ ვხმარობ ტონალურ კრემს, ალბათ ტუშისა და ბლესკის გარეშე არ გავალ სახლიან.

გია:

-სხვათა შორის, თაკო ხშირად უმაკიაჟოდ დადის. ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, სულ გადარბენებზეა, ამიტომ მუდმივად გადაპრანჭული ვერ ივლის. ალბათ მაინც "პუდრას" ანიჭებს უპირატესობას. მე წვერგასაპარსი არ გავალ არც ერთ შემთხვევაში სახლიდან. მეუბნებიან, ძალიან გიხდებაო, მაგრამ არ შემიძლია. არაჰიგიენურია ჩემთვის წვერი. როცა მეგობრები მოდიან ჩემთან სახლში ან ჟურნალისტები, მათაც არ ვხვდები გაუპარსავი.

-სწყინს, როცა შეცდომებზე მიუთითებ? შენ?

თაკო:

-კი, არ უნდა თავისი შეცდომების დანახვა. თუმცა არის მომენტები, როცა აღიარებს შეცდომებს. უთანხმოებას ჩვენ შორის მართლა ვერ ვიხსენებ. საერთოდ, მერწყულები ადვილად ბრაზდებიან. მეც ასე მემართება. თუმცა თავად ვარ თვითკრიტიკული და, შესაბამისად, სხვის რჩევებზე, კრიტიკაზე არ ვბრაზდები, ვითვალისწინებ კიდეც.

გია:

-მართლა არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, ერთმანეთისთვის რომ არ მოგვესმინოს. თუმცა ამას შენიშვნის სახე არ აქვს, ეს უფრო რჩევებია და ეს არც ერთს არ გვწყინს.

-ხშირად რის გამო წუწუნებს? შენ?

თაკო:

-ჩვენ ორივეს გვინდა უფრო ხშირად ტარდებოდეს კონცერტები, ხშირად ვხვდებოდეთ მსმენელს. გიას არ უყვარს მგზავრობა და ამის გამოც წუწუნებს ხოლმე. მე ვწუწუნებ ყველაფერზე, რაზეც არ მეზარება (იცინის).

გია:

-წუწუნებს? მგონი არ უყვარს წუწუნი. შეიძლება გადაღლილობის დროს თქვას, თავი მტკივაო. მე ყველაფერზე შემიძლია ვიწუწუნო. დილით გაღვიძება მეზარება, კონცერტი მეზარება. ინტერვიუები არ მეზარება (იცინის). სხვათა შორის, ერთ რამეს დავაკვირდი, მე და თაკოს ან ერთდროულად გვიყვარს, ან ერთდროულად ჩავარდნა გვაქვს სიყვარულში. ბედი არა გვაქვსო, იტყვის ხოლმე თაკო და მერე ვმღერით (ღიღინებს) "ბედი, ისეთი რამაა..." ორივე ცუდ ხასიათზე ვართ საკუთარ დაბადების დღეზე.

-რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?

თაკო:

-მატყუარა და შურიანი ადამიანები არ მოსწონს. ასეთი ხალხი აგრესიას ბადებს მასში. მე ჭორიკანა ადამიანები არ მიყვარს.

-კაცებიც ჭორაობენ?

-თურმე ჭორაობენ, თან ისე, როცა არანაირად არ შეეფერება ჭორი სინამდვილეს. მე ადამიანი ან მიყვარს, ან არ მიყვარს. თუ არ მიყვარს, მას შეიძლება კარგი არ გავუკეთო, მაგრამ არც ცუდს ვიტყვი.

გია:

-უყურადღებობა გვაღიზიანებს ორივეს. ამის გამო ბევრი ადამიანი დამიკარგავს და კიდევ ბევრს დავკარგავ. არაფერს არ ვეძებ ადამიანში, არც სიმდიდრეს, არც თანამდებობას, არც ცნობადობას, მთავარია, სულ ვახსოვდე და მირეკავდეს, მკითხულობდეს, ფიქრობდეს ჩემზე.

-მოგწონს, როცა შენზე ეჭვიანობენ?

-რა ვიცი, ალბათ ვაძლევ საბაბს. ამას წინათ, რესტორანში მამაკაცმა ხელი გამომიწოდა, მეგონა ხელს მართმევდა და ხელზე მაკოცა. გადაირია ჩემი რჩეული, ეს რატომ გაგიბედა, რატომ გაკოცა კაცმა ხელზეო. ასეთი სიტუაციები ბევრია, ძალიან სოლიდური ადამიანები მეუღლეების თანდასწრებით სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ. მე, მაგალითად, როგორც უნდა მიყვარდეს მსახიობი ან მომღერალი, ხელზე ვერ ვაკოცებ.

-რა იყო ბოლო ჭორი, რაც მასზე გაიგე? შენზე რა გსმენია ბოლოს?

თაკო:

-ბოლოს ამბობდნენ, ამერიკაში მიდის კონცერტითო. იმედი მაქვს, გია უჩემოდ არ გადაფრენილა ამერიკაში (იცინის). ჩემზე მართლა არ მსმენია არაფერი.

გია:

-მე და თაკო დაგვაქორწინეს ამას წინათ, "არ დაიდარდო" ხომ მიყიდია და ვერ გამიგია, ცალკეული რესტორნების ქსელის მფლობელიც ვყოფილვარ და არ ვამხელ.

-როდის ტირის? შენ?

თაკო:

-გია ძალიან სევდიანი ადამიანია. არ დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად ვნახე მის თვალზე ცრემლები. ეს ჩემს რადიომსმენელსაც ემახსოვრება, როცა გიამ სიმღერა "მენატრები" შეასრულა. აღმოჩნდა, რომ გიას ეს სიმღერა გარდაცვლილი დედისთვის მიუძღვნია. სწორედ ამ ეთერის დროს ვერ შეიკავა გიამ ცრემლები. მაშინ ვნახე მტირალი გია პირველად. მეც საკმაოდ გულჩვილი ვარ, უმნიშვნელო დეტალებზე მეტირება. მაგალითად, შეიძლება მაწყენინონ, თვითონ ვერაფერი ვუთხრა, ვერ დავიცვა თავი და ვიტირო. რაც დრო გადის, უფრო სენტიმენტალური, სევდიანი და ცრემლიანი ვხდები.

გია:

-საყვარელი ადამიანისგან გულნატკენი ვტირით ორივე. პრინციპში, მე თაკო მტირალი არ მინახავს. მგონი, არც მე მიტირია თაკოსთან.

-მე ვიცი ერთი შემთხვევა...

-მართლა?! შეიძლება მიტირია კიდეც სიმთვრალეში და არ მახსოვს (იღიმის). ახლა გამახსენდა, ერთხელ თაკომ სხვა ადამიანზე გულნატკენმა დამირეკა, გულის გადაშლა უნდოდა და მეც გამომლანძღა, რა არის, სამი დღეა არ დაგირეკავს, არ უნდა მომიკითხოო.

-როგორ სჯის შვილს, როცა რაიმეს აშავებს? შენ?

თაკო:

-ებუტება. ჩვენ ორივეს გვჩვევია გაბუტვა. რაც შეეხება ჩემს შვილს, ჯერ სულ რვა წლისაა, უსუსურია, რომ მას გავებუტო... ვცდილობ, ადამიანურად ავუხსნა, რატომ ვუშლი, თუ რამეს ვუშლი.

გია:

-შვილთან ისეთი ურთიერთობა აქვს, რომ ურეკავს, ასე მგონია დაქალს ელაპარაკება. ზოგადად კარგი დედაა, შვილის მეგობარია. მე ძირითადად ვებუტები ხოლმე შვილს, როცა რამეს ისე არ აკეთებს. ასეთი მდგომარეობა არც ერთს არ მოგვწონს, მაგრამ... ახლა ერთი თვეა არ ველაპარაკები. არც ის დგამს ნაბიჯს შესარიგებლად და არც მე.

-რაზე იჩხუბეთ?

-ჩემს კონცერტზე მოვიდა ნუგა და დათვრა. გოგონები ესეოდნენ, დიდი აურზაური ატყდა, ჩხუბიც მოხდა გოგონებს შორის, ნუგა ყურადღების ცენტრში მოექცა... დაცვამ კი მოაგვარა ყველაფერი, მაგრამ არ მომეწონა ის, რომ ჩემი შვილი ჩემს კონცერტზე ზომაზე მეტად დათვრა.

-რა მეტსახელით მიმართავთ ერთმანეთს?

თაკო:

-გია "მამის" მეძახის ხოლმე, თინასაც, ეს უკანასკნელი ისე მოეწონათ, ჩემი მეგობრებიც კი მეძახიან უკვე. მე "სურკას" ვეძახი, "მამისაც".

გია:

-თაკომ ბოლო დროს "ჩემი ქურდი" ხარო ამოიჩემა, ვითომ ძალიან "ბლატნოი" ვარ, რაღაც საქმეებს რომ ვაგვარებ. მე ვეძახი "დაფნას", "როზას" თალიკოს, თინას, ამაზე რადიოშიც ბევრს ვხალისობთ ორივე.

-ნებისყოფა აქვს? შენ?

თაკო:

-გია სულსწრაფია. მე შვიდთვიანი ვარ, გიამ შეიძლება არ იცის ამის შესახებ. ასე რომ, ნებისყოფაში ორივეს გვიჭირს. არის პერიოდი, როცა ორივე გემრიელად მივირთმევთ და პერიოდები, როცა მკაცრად ვიცავთ დიეტას. თუმცა ბოლო დროს მე უფრო მოვახერხე ამ მხრივ საკუთარი თავის ხელში აყვანა. მინდა უფრო გამხდარი ვიყო, სხვანაირი დავინახო საკუთარი თავი.

გია:

-პერიოდული დიეტობანა გვაქვს ორივეს. ისე, შემწვარ გოჭზე ვგიჟდებით. ახლა მამამისი შეგვპირდა, წინ დიდი შემწვარი გოჭი უნდა დაგიდოთ, დასხედით და ჭამეთო. მერე კი მოგვიწევს ორი კვირა შიმშილი.

-მისი საყვარელი სექცია მაღაზიაში? შენი?

თაკო:

-ფეხსაცმელები უყვარს ძალიან. კონცერტზე თუ უნდა იმღეროს ორი სიმღერა, იცვლის ოთხჯერ (იცინის). მისამღერსა და მისამღერს შორის. უყვარს სამკაულების, აქსესუარების მაღაზია. სამკაულები მეც მიყვარს, მაგრამ არა ყველა თითზე, იმიტომ, რომ ვმძიმდები. ამაში გიას ნამდვილად ვერ ვაჯობებ.

გია:

-აქსესუარებზე გიჟდება. მეც აქსესუარებისა და სამკაულების სექცია მიზიდავს ყველაზე მეტად.

-ყველაზე საინტერესო და სახალისო შემთხვევა მიამბეთ, რაც ბოლოს ერთად გადაგხდენიათ.

თაკო:

-"იმედში" "დუეტშოუ" რომ გადიოდა, ცეკვის ტურზე ტანგოს ცეკვის დროს გავამხიარულეთ მაყურებელი. ტანგოს ვცეკვავდი და ისე შევედით მუღამში, ფეხი რომ ავიქნიე და გადავწექი, გიამ ვერ დამიკავა და ორივე ავყირავდით.

გია:

-გორში კონცერტი ჩავშალე, ვიჯექი და ვსვამდი. უფრო მეტი ხალხი შემოუშვეს დარბაზში, ვიდრე ბილეთი იყო გაყიდული. ამიტომაც გავბრაზდი და გავაგრძელე სმა. ჩავშალე კონცერტი. მერე ამბობდნენ, ვარსკვლავური "ტიკები" აქვსო. არადა ორგანიზატორების ბრალი იყო ყველაფერი, არანაირი "ტიკი" არ ყოფილა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება