იურისტი, ჯომარდელი, საოპერო ბანი და... სექსი 15 კაცის თანდასწრებით...

იურისტი, ჯომარდელი, საოპერო ბანი და... სექსი 15 კაცის თანდასწრებით...

პროფესიით იურისტია, მაგრამ ექვსთვიანი მუშაობა საკმარისი აღმოჩნდა, მიმხვდარიყო, რომ ეს მისი საქმე არ გახლდათ. 3 წლის განმავლობაში კონსერვატორიაში, საოპერო ბანის განხრით სწავლობდა, მაგრამ არც ეს პროფესია აღმოჩნდა "მისი". მსახიობი არ არის, თუმცა არაერთი როლი აქვს შესრულებული. ამასთან ერთად, სპორტის უამრავი სახეობითაა დაინტერესებული და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავთ. ეს ადამიანი 3 შვილის მამა, 33 წლის დათო ქაცარავაა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და საკუთარ გატაცებებსა თუ კინოკარიერაზე გვესაუბრა.

-იურისპრუდენციაში 6 თვე ვიმუშავე და მივხვდი, ამ სფეროში საკუთარ თავს ვერ ვიპოვიდი. მერე ბანკირის პროფესიაზე გადავერთე -ბანკში 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი.

-მსახიობობაზე თუ გიოცნებია?

-კი. ოცნება საჭირო რამეა, რადგან ოცნებები ხდება! ბავშვობაში მსახიობობაზეც მიოცნებია და ჯომარდობაზეც... დღეს ფილმებში ვთამაშობ და აქტიური ჯომარდელიც ვარ.

-როდის შედგა შენი კინოდებიუტი?

-2008 წელს გადამიღეს ნიკა ხომასურიძის 30-წუთიან სადიპლომო ფილმში -"დიდგორი", რომელიც ჯერ დიდ ეკრანზე არ გასულა. ამ ფილმში ეპიზოდური როლი მქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჯახით ხელში გუჯა ბურდულისკენ მივრბოდი და იმდენად ლამაზი კადრი გამოვიდა, რომ ლოს-ანჯელესში ფილმის ჩვენებისთვის დაბეჭდილ პოსტერზე ნაჯახით ხელში მოვხვდი გუჯა ბურდულთან ერთად. მერე იყო პირველი ქართული საშინელებათა ფილმი -"სპამი". თავდაპირველად ამ ფილმში რეჟისორმა შემომთავაზა ისეთი როლი, რომელიც სექსუალური სცენის თამაშს ითხოვდა, რის გამოც უარი ვთქვი და ბოლოს, მთავარ როლზე დამამტკიცეს... თავდაპირველად, რეკლამებსა და კლიპებში ვმონაწილეობდი, მერე კინოც დაინტერესდა ჩემით.

-მაგრამ სექსუალური სცენის თამაში სხვა ფილმში მაინც მოგიხდა...

-ჰო, ასეთი როლი მაინც არ ამცდა (იცინის)! როგორც ჩანს, ჩემს კინოკარიერას საკმაოდ სერიოზულად მივუდექი და სულ რაღაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხუთ ფილმში გადამიღეს: "სპამი", "მამაჩემის გელფრენდი", "დავიწყებული მეფე", "გაიღიმე", რომლის პრემიერაც მალე შედგება; ვითამაშე სომხურ ფილმშიც.

-შენი ბოლო ფილმი, რომელიც ეკრანებზე გამოვიდა, "მამაჩემის გელფრენდია"...

-ნიკა ხომასურიძემ კასტინგზე დამპატიჟა და გადაწყვიტა, რომ ყოფილი მორაგბის მამის როლი უნდა შემესრულებინა. გადაღების პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. ამასთან, მთელი ფილმი სულ რაღაც 14 დღეში გადავიღეთ. სახალისო, საკმაოდ დინამიკური ფილმია, მისი ყურებისას ნამდვილად არ ჩაგეძინება. ამ ფილმის შესახებ დადებითი აზრიც მომისმენია და კრიტიკაც.

-თქვი, გადაღებისას საკმაოდ კარგად გავერთეო; რაიმე ამბავს ხომ არ გაიხსენებ?

-ჰო, გადაღების პერიოდში კარგად ვხალისობდით. სიმართლე გითხრა, ბევრი დუბლის გადაღება არ მჭირდება, მაგრამ ერთი სცენა იყო, რომლის გადასაღებად 15 დუბლი მოგვიხდა. მე და ბატონი ალეკო მახარობლიშვილი (ფილმში ხელოსნის როლს ასრულებს) ოთახში შევდივართ და ვლაპარაკობთ, თუ როგორ უნდა გაილესოს გაჯით ოთახი. ამ ეპიზოდს საათზე მეტხანს ვიღებდით. ბატონი ალეკო რომ დაიწყებდა, -აი, აქ უნდა მიგაჯვაო, -სიცილისაგან ფეხზე ვეღარ ვიდექით.

-წეღან მითხარი, ფილმში "სპამი" სექსუალური სცენის შესრულებაზე უარი ვთქვიო. ამ ფილმში როგორ გარისკე?

-არ ვიცი, ალბათ გავიზარდე, როგორც მსახიობი (იცინის). დღემდე მივიჩნევ, რომ იმ სექსუალური სცენის თამაში, რომელიც "სპამში" სოფი მაიერმა და მირიან ჯეჯელავამ შეასრულეს -დღესაც გამიჭირდებოდა. "მამაჩემის გელფრენდში" შესრულებული სასიყვარულო სცენა კი საკმაოდ ზომიერი იყო. სანამ ამ სცენას გადავიღებდით, ძალიან ვნერვიულობდი. შორენა მამშვიდებდა, -კაი, დამშვიდდი, მართლა კი არ მოხდება ყველაფერიო?! რეჟისორმა მითხრა, ოთახში მხოლოდ ის ადამიანები დავრჩებით, რომლებიც სექსუალური სცენის გადაღებაში მიიღებენ მონაწილეობას, ზედმეტი არავინ იქნებაო. ბოლოს მე, შორენა, რეჟისორი და გადამღები ჯგუფი დავრჩით -ასე, 15 კაცამდე (იცინის)...

-ჯომარდობის ფედერაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი ხარ, თამაშობ ჩოგბურთს, აირსოფტს, რაგბის, ფეხბურთს... თუ არსებობს სპორტის სახეობა, რომელშიც ძალები არ მოგისინჯავს?

-დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ სულითა და გულით, აქტიური ჯომარდელი ვიყავი და 2003 წელს ჯომარდი დავიწყე. სპორტი და აქტიური ცხოვრება ყოველთვის მიტაცებდა. ამას წინათ, გადაცემაში "ინტუიცია" ერთ-ერთი "ექსპონატი" ვიყავი. სოფო ნიჟარაძეს უნდა გამოეცნო, თუ რომელი ადამიანი ფლობდა სპორტის 8 სახეობას. ეს ადამიანი მე გახლდით. ჯომარდი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა... თხილამურებით სრიალში "ჩაინიკობას" გავცდი და შეიძლება ითქვას, "ტეფალის" ელექტროჩაიდანი ვარ. რაგბისაც ვთამაშობ. რამდენიმე წლის წინ თოვლის რაგბიში, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა, ჯომარდელები ვეტერან მორაგბეებს ვეთამაშეთ და საქართველოს ჩემპიონები გავხდით. გული მწყდება, რომ 13-14 წლის წინ რაგბის თამაშისას ფეხი მოვიტეხე და ვარჯიში ვეღარ გავაგრძელე -პროფესიონალ მორაგბედ ჩამოყალიბების შანსი გავუშვი ხელიდან. თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სპორტის ამ სახეობების დაუფლებაზე საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე.

-როგორ ასწრებ ამდენ რამეს?

-თითოეული საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს, ხოლო რაც მიყვარს -კარგად გამომდის. გრაფიკი მაქვს გაწერილი. ვცდილობ, დრო გავანაწილო და ყურადღება არაფერს მოვაკლო. დასასვენებლად 100 წლის შემდეგაც მეცლება და სანამ ენერგია, დრო და სურვილი მაქვს, მანამდე უნდა გავაკეთო ყველაფერი. ჩემთვის სიცოცხლე მოძრაობაშია; როცა არაფერს ვაკეთებ, ცხოვრება ძალიან მდორედ მიედინება. ხომ იცი, ქართველები ისეთი ტიპები ვართ, სულ რომ არაფერი გვესმოდეს, კვანტურ ქიმიაზეც შეგვიძლია საუბარი, მაგრამ მე ვცდილობ, ყველაფერს არ "მოვედო" და ოქროს შუალედი დავიცვა.

-როგორც ვიცი, 3 შვილის მამა ხარ, არა?

-კი, სამი პატარა მყავს: 5 წლის, 1 წლისა და 6 თვის და 5 თვის.

-ოჯახის წევრები როგორ უყურებენ კინოთი შენს დაინტერესებას?

-ძალიან სერიოზულად. ყოველი ახალი ფილმის ნახვისას კრიტიკის ქარცეცხლში მატარებენ. მათზე კარგად ვერავინ ხვდება ჩემს ლაფსუსებს და მუდამ მიმითითებენ. ჩემს უფროს შვილს პირველი ფილმი "სპამი" ძალიან არ მოეწონა. სისხლიანი რომ მნახა, ავუხსენი, კეტჩუპი დამასხეს-მეთქი და, -რატომ დაგასხეს, რატომ ყვირიო? -ძალიან შეწუხდა. ახალ ფილმში მოვეწონე, მაგრამ ჩემზე მეტად, შორენა მოეწონა...

-როგორც შევიტყვე, სულ მალე კიდევ ერთ ახალ ფილმში გიხილავთ.

-კი, ივნისის ბოლოს დაიწყება ფილმის -"ჯინსების თაობა" გადაღება, რომელშიც საკმაოდ სერიოზულ მსახიობებს გავუწევ პარტნიორობას. მთავარ როლში ვიხილავთ მაიკლ მედსენსა და კატერინა ლოკენს, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი ფილმი იქნება. ახალი ფილმის გადაღებამდე კანში მსოფლიო რეკორდსმენ ფილმს -"დავიწყებული მეფე" წავიღებთ, რომელიც ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული და 105 წუთის განმავლობაში გრძელდება. აქამდე მსოფლიო რეკორდი ეკუთვნოდა ფილმს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

-კიდევ ხომ არაფერს მეტყვი სამომავლო გეგმებზე?

-ძალიან მინდა, ჯომარდში საქართველოს ჩემპიონატი მოვიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდე. საამისოდ კი გეგმა უკვე დავისახე. კინომ ბოლო დროს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მოიცვა და მინდა, რომ მასზე სერიოზულად ვიფიქრო. ვაპირებ, შემოდგომაზე რამდენიმე თვით ლოს-ანჯელესში წავიდე და სამსახიობო კურსები გავიარო. კინო თუ შრომის შესაბამის ანაზღაურებას მომიტანს, მთლიანად ჩავერთვები მასში. მინდა, მხოლოდ კინოთი ვიყო დაკავებული და რამდენად მოვახერხებ ამას, დრო გვიჩვენებს.

-წარმატებებს გისურვებთ.

-დიდი მადლობა!

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება