რას ეუბნება ყველაზე ხშირად ყურში ნოე სულაბერიძე ნანკა კალატოზიშვილს?

რას ეუბნება ყველაზე ხშირად ყურში ნოე სულაბერიძე ნანკა კალატოზიშვილს?

ნანკა კალატოზიშვილმა და ნოე სულაბერიძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა ვერც ნანკა წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ტელეწამყვანი გახდებოდა და არც ნოე აპირებდა გადაცემების პროდიუსერობას. დღეს, გარდა მეგობრობისა, ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობებიც აკავშირებთ და თუ გადაცემა "ფეისკონტროლის" მაყურებელი ბრძანდებით, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ მისი მსვლელობისას ნოე წამყვანებთან ერთად მშვენივრად ერთობა.

- გახსოვთ, ერთმანეთი როგორ გაიცანით?

ნანკა:

- კი, როგორ არა?! ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით. მართალია, ნოე იქ არ სწავლობდა, მაგრამ ხშირად მოდიოდა. საერთო მეგობრებიც აღმოგვაჩნდა და...

ნოე:

- თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს. მე და ნანკას ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გაგვაცნეს. ნანკა რომ გავიცანი, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ოდესმე პროდიუსერი გავხდებოდი. დღეს პირველ რიგში, მეგობრები ვართ და მერე - საქმიანი პარტნიორები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს ხელს უშლის. საღამოს 8 საათის შემდეგ ვმეგობრობთ (იცინიან).

ნანკა:

- სამსახურში სულ გვავიწყდება, რომ მეგობრები ვართ. მე თუ მკითხავთ, სწორადაც ვიქცევით, რომ მეგობრობას საქმისაგან მკაცრად ვმიჯნავთ.

- მუშაობის პროცესში თუ კამათობთ რამეზე?

- არა, ნოე ჩემი პროდიუსერია, რატომ უნდა ვეკამათო?! ვუჯერებ და სწორედ ამიტომაცაა მისი ყველა პროექტი წარმატებული. ყველამ თავისი საქმე ზედმიწევნით უნდა იცოდეს. ნოემ ზუსტად იცის, რა სჭირდება.

ნოე:

- ნანკა ძალიან ჭკვიანია, იგი ის ადამიანია, რომელსაც შემიძლია დავურეკო და აზრი ვკითხო. ყოველთვის სწორად მსჯელობს და ვიცი, რომ საღ აზრს მომაწვდის.

- ნოე, შენი პირველი გადაცემა, რომელიც ნანკას მიჰყავდა, "სიმართლის დრო" იყო, არა?

- კი. ამ პროექტზე დასათანხმებლად ნანკას დიდხანს არ უფიქრია.

ნანკა:

- ამ გადაცემის წამყვანობაზე დათანხმება იმითაც იყო გამოწვეული, რომ ნოეს კარგად ვიცნობდი. პროექტიც ძალიან საინტერესო გახლდათ და ამ გადაცემის წყალობით მე და ნოე "მეგობრობის 24-საათიან გრაფიკში" გადავედით. დროთა განმავლობაში კი "ოჯახად" ვიქეცით.

- როგორია ნოე მუშაობის პროცესში?

- ნოე სულ დაკავებულია, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი დრო არასოდეს აქვს. სავსებით შესაძლებელია, რომ ღამის 2 საათზეც მოლაპარაკებაზე იყოს წასული რომელიმე პროექტთან დაკავშირებით. ან "ფეისბუკზე" უნდა "დაიჭირო", ან - ტელეფონზე ელაპარაკო. შუა საუბარში, როცა გგონია გისმენს, "სხვაგან არის" და შეიძლება, რაიმე იდეა მოუვიდეს და მასზე ფიქრობდეს. ამას წინათ, ახალი გადაცემის იდეა მანქანაში მოუვიდა. რაღაცაზე ვსაუბრობდით, შუა ლაპარაკში თემა შეცვალა და ახალი გადაცემის შესახებ მომიყვა. ხანდახან "დაარტყამს" ხოლმე... სულ ვამბობ, ეს ადამიანი არ უნდა ჩააფიქრო, თორემ იდეები მოსდის და მოსდის...

ნოე:

- ნანკა სამუშაო პროცესში ძალიან "კომფორტულია". ყოველთვის იცის, რა არის გასაკეთებელი და ზედმეტი ჩიჩინი არ სჭირდება. ერთი სიტყვის თქმაც კი საკმარისია, რომ შევთანხმდეთ.

ნანკა:

- გადაცემის განმავლობაში ყურში მაშინ მელაპარაკება, როცა რამე სასაცილოს ამბობს. რაღაც "საოცრებებს" ჰყვება ხოლმე!

- შენიშვნა თუ მოუცია ნოეს?

- რა თქმა უნდა! ხშირად არა, მაგრამ ხანდახან ვიმსახურებ. ხანდახან ყურშიც მეუბნება რამეს. შეიძლება, საუბარი სხვა თემაზე განვავრცო და თემას მაცვლევინებს.

- გადაცემის მსვლელობისას ნანკა თუ დაბნეულა?

ნანკა:

- "სიმართლის დროს" ჩაწერისას ყოფილა ასეთი შემთხვევები. ისე კი ჩემი დაბნევა იოლი არ არის.

ნოე:

- მაშინ, როცა გადაცემა დასასრულს უახლოვდება, ვცდილობ, დავაბნიო და გავახალისო. შეიძლება, ყურში ისეთი რამ ვუთხრა, რომელიც სრულიად არ ეხება გადაცემას. ამას წინათ "მუსიკალური ლიგის" ჩაწერისას "ფეისკონტროლის" თემაზე ველაპარაკებოდი. ერთხელ კი "მუსიკალური ლიგის" ჩაწერაზე მაყურებელს სამშაბათამდე ანუ "ფეისკონტროლის" გასვლამდე დაემშვიდობა.

ნანკა:

- დავემშვიდობე მაყურებელს და ყურში მესმის ნოეს ხმა, - აბა, ახლა შენ რა ქენიო?! ვერაფრით მივხვდი, ამას რატომ მეუბნებოდა და რომ გავიხსენე, რა ვთქვი, მაგრად ვიცინეთ.

- "ფეისკონტროლის" დროს არაერთხელ შემინიშნავს, რომ ნოე შენი და ნინის გამხიარულებაზე ზრუნავს. რას გეუბნებათ ასეთს, პირდაპირ ეთერში სიცილს რომ ვერ იკავებთ?

- ამას რა მათქმევინებს?! ყურში იმიტომ გვეუბნება, რომ ყველამ არ გაიგოს, თორემ ხომ იტყოდა საქვეყნოდ! ისეთ რაღაცებს ამბობს - არ ითქმის! ალბათ ჰგონია, რომ თავს შევიკავებთ, მაგრამ როგორ გინდა, არ გაგეცინოს?! ყურში ყველაზე ხშირად - რეკლამაო! - გვეუბნება, მაგრამ სანამ ამ ერთ სიტყვას იტყვის, წინ რამდენიმე სასაცილო წინადადებასაც ურთავს.

ნოე:

- მაყურებელი წამყვანის მხიარულ განწყობილებას ხედავს და ეს კარგია. როცა ადამიანი მხიარულობს, ეს მაყურებლებისათვის დადებით ემოციებს აღძრავს. ამიტომაც ვცდილობთ, მაყურებელი პოზიტიური ენერგიით დავმუხტოთ.

ნანკა:

- ამასთან ერთად, "ფეისკონტროლი" "დავარცხნილი" გადაცემების რიგს არ განეკუთვნება. აქ შემიძლია, ვიცინო და თუ ტირილი მომინდება, არც მაშინ შევიკავებ თავს.

- რამდენი ერთობლივი პროექტი გაქვთ გაკეთებული?

ნოე:

- სამი. ჯერჯერობით ჩვენი ერთობლივი პროექტების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვს არ აღემატება. აი, სამომავლოდ კი იმედი მაქვს, ორნიშნა ციფრზე გადავალთ.

- ნანკა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, ნოესთან მინდა მუშაობა, ვერ მომიშორებსო...

- იცი, რა ძნელია ასეთი ადამიანის პოვნა?! საქართველოში ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც იქ არის, სადაც უნდა იყოს და აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს; ამასთანავე, იყოს პროფესიონალი და ხარისხიან გადაცემას აკეთებდეს, მუშაობის პროცესში ძალიან მოწესრიგებული იყოს და ყველანაირად გიწყობდეს ხელს... ნოე ზუსტად ასეთია. პირველ რიგში, ხელს მიწყობს, რომ თეატრში რეპეტიციები არ გამიცდეს. შეიძლება ითქვას, რომ გრაფიკს ჩემი დღის წესრიგის მიხედვით ადგენს. ამასთან ერთად, სრულიად ვენდობი!

ნოე:

- მე კი ვიტყოდი, რომ არ არის იოლი, იპოვო ადამიანი, რომელსაც ენდობი. ნანკა კარგ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ცხოვრების განმავლობაში შეიძლება, ხუთზე მეტი არ შეგხვდეს. ჩვენი მეგობრობა უამრავ "გამოცდაზე გავიდა" და წარმატებითაც "ჩააბარა". ასევე წარმატებით ავაწყვეთ საქმიანი ურთიერთობაც.

ნანკა:

- 2 წელია, ერთად ვმუშაობთ და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი განსაცდელი გადავიტანეთ. ნოეს აქვს თვისება, რომ ბოლომდე გაიტანოს ადამიანი, რომელიც გვერდით ჰყავს.

ნოე:

- ვაიმე, გავწითლდი, ნანკა!

ნანკა:

- მართლა ასეთი ხარ და რა ვქნა, ტყუილს ხომ არ ვიტყვი?!

ნოე:

- ნანკას სიტყვებს რომ დაწერ, დააკოპირე და ჩემს ნათქვამადაც იგივე ჩაწერე (იცინიან).

- ნანკა, ვიცი, რომ ნოე შენს შეყვარებულთანაც მეგობრობს...

- წეღან ხომ ვთქვი, ოჯახი ვართ-მეთქი?! ნოეს მეუღლეზე ვგიჟდები, ძალიან კარგი ადამიანია. სამწუხაროდ, ხშირად არ სცალია, რომ ჩვენთან ერთად იყოს.

ნოე:

- ძალიან მიხარია, ნანკას ძალიან კარგი ადამიანი რომ ჰყავს გვერდით. თამამად ვიტყვი - ჩემი მეგობარი საიმედო ხელშია.

- გართობისთვის თუ იცლით?

ნანკა:

- მიუხედავად იმისა, რომ გართობისთვის ბევრი დრო არ გვაქვს, მაინც "საშინლად კარგად" ვერთობით. მართალია, გასართობი ადგილი ცოტა გვაქვს, მაგრამ ამის გამო არასოდეს ვწუწუნებთ.

ნოე:

- ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია გავერთოთ. მთავარია, ერთად ვიყოთ. სულაც არ არის აუცილებელი, კლუბში ან ბარში წავიდეთ - ჩაკეტილ ოთახშიც მშვენივრად გავერთობით, ვიპოვით რამე თემას, რომელზეც მაგრად ვიხალისებთ.

ნანკა:

- ბოლო დროს სულ წვიმდა და ცუდმა ამინდმა ყველაზე იმოქმედა. საშინელი "უჟმურობა დაგვემართა", ყველა ცუდ ხასიათზე ვიყავით. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ "ფეისკონტროლის" დღე მოგვეწყო ერთ-ერთ კლუბში. სულ ვცდილობთ, პოზიტიური ენერგიით დავიმუხტოთ.

- ნოე, ნანკას ხელფასის ოდენობაზე ლეგენდები დადის...

ნანკა:

- უი, რა კარგია, რა კარგი! იაროს, იაროს (იცინიან)... ღმერთმა ქნას, მართლა იმდენი გადამიხადონ, რამდენსაც ხალხი ამბობს.

ნოე:

- მიხარია, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ნანკას ძალიან მაღალ ხელფასს ვუხდით. ვინაიდან მის ხელფასზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შრომას აფასებენ.

- ნოე, ახლო მომავალში რაიმე ახალ პროექტს ხომ არ შემოგვთავაზებ?

- სულ ახლახან გავაკეთეთ ახალი პროექტი - "პოკერინგი", რომელსაც გიორგი ყიფშიძე უძღვება. მაყურებელს ეძლევა საშუალება, თვალყური ადევნოს თითოეული მოთამაშის სვლას. საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს დააინტერესებს.

- ნანკასთან დაკავშირებით რამე გეგმა თუ გაქვს?

- ნანკასთან დაკავშირებით სულ მაქვს გეგმები. ჩემი და ნანკას თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ელენე ბასილიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება