"უბედობაზე არ იწუწუნო: საკუთარ ბედს თვითონ განაგებ!"

"უბედობაზე არ იწუწუნო: საკუთარ ბედს თვითონ განაგებ!"

კალიფორნიაში დაბადებული გოგონა, 9 წლისა ეკლესიაში რომ  გალობდა და მრევლს საოცარი ხმით ატკბობდა, დღეს საქვეყნოდ ცნობილი ვარსკვლავია.

ამერიკელი პოპშემსრულებელი და სიმღერების ავტორი ქეით პერი განსაკუთრებით თინეიჯერებს უყვართ. 2010 წელს ქეითის ალბომი თეენაგე Dream "წლის ალბომად" დასახელდა, ხოლო ქეით პერის "საუკეთესო ქალი-შემსრულებლის" ტიტული მიენიჭა.

ქეითი ბევრს მოგზაურობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს კონცერტებს, ამჯერად კი ავსტრალიას ეწვია. სიდნეიში მან თავისი ახალი სუნამოს - PURR-ის პრეზენტაცია მოაწყო. ხალხი რიგში იდგა სუნამოს შესაძენად. მეც შევიძინე ეს სუნამო, რომელსაც სასიამოვნო არომატი აქვს და დავესწარი ქეითის კონცერტს, რომელიც სიდნეის "ინტერტაინმენთ ცენტრში" გაიმართა. გთავაზობთ ქეით პერისთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც სპეციალურად გაზეთ "ყველა სიახლისთვის" ჩავწერე:

- ქეით პერი ჩემი ფსევდონიმია, სინამდვილეში ქეით ჰადსონი ვარ. დედის გვარზე გადავედი, რადგან არ მსურდა, მე და ცნობილი მსახიობი ქეით ჰადსონი ხალხს ერთმანეთში ავრეოდით...

ლაღი ბავშვობა არ მქონია. მამა ეკლესიაში მსახურობდა და ყველანი ეკლესიურად ვცხოვრობდით. მე და ჩემს და-ძმას მკაცრად გვზრდიდნენ და ძალიან გვზღუდავდნენ. უფლება არ გვქონდა, მოგვესმინა თანამედროვე პოპშემსრულებლების სიმღერები, მხოლოდ გალობებს გვასმენინებდნენ. მახსოვს, სახლის სახურავზე დავრბოდი თანატოლებთან ერთად და იქ ვისმენდი საყვარელ სიმღერებს. შინ რომ ვბრუნდებოდი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი - მეგონა, საშინელ ცოდვას ჩავდიოდი. დედა ზღაპრების ნაცვლად ბიბლიას გვიკითხავდა.

- როდის დაიწყეთ სიმღერა?

- 9 წლიდან ეკლესიაში ვგალობდი. მგალობელთა გუნდში ყველაზე პატარა ვიყავი. შემდეგ ჩავაბარე სანტა-ბარბარას მუსიკალურ აკადემიაში, ვსწავლობდი იტალიურ საოპერო სიმღერებს. 17 წლისა წარმატების საძებნელად ლოს-ანჯელესში გავემგზავრე.

- მშობლები ასე იოლად დაიყოლიეთ?

- დიდი პრობლემები შემექმნა და მათ ზურგი მაქციეს. ოჯახთან განშორება მძიმე იყო, მაგრამ სიმღერაზე უარს ვერ ვიტყოდი. 2004 წელს კი კომპანია "კოლუმბია რეკორდსთან" კონტრაქტი გავაფორმე. ძალიან სევდიანი პერიოდი მქონდა, რადგან მშობლებს საერთოდ ვერ ვნახულობდი და თავს მარტოსულად ვგრძნობდი.

- ბოლოს და ბოლოს, შეგირიგდნენ?

- მშობელი შვილის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს. დედას ესმოდა ჩემი წარმატების შესახებ, ერთხელაც გულმა ვერ მოუთმინა და დამირეკა. ვერ წარმოიდგენთ, ეს ჩემთვის რას ნიშნავდა - ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დედა გამომიტყდა, როცა შენზე ფეხმძიმედ ვიყავი, სიზმარში ანგელოზი გამომეცხადა და მითხრა, ეს გოგონა დიდ წარმატებას მიაღწევსო. ორივე ვტიროდით. დღეს ჩემი მშობლები ძალიან ამაყობენ ჩემი წარმატებით.

- თქვენ და ცნობილმა მსაციობმა, პუბლიცისტმა და ტელეწამყვანმა რასელ ბრენდმა როდის და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ერთმანეთი 2008 წლის ზაფხულში, ფილმ "გაქცევა ვეგასიდან" გადაღებაზე გავიცანით. ერთ ეპიზოდში ერთმანეთს ვკოცნიდით და, სიმართლე გითხარათ, ორივეს ძალიან მოგვეწონა (იცინის). ამის შემდეგ აღარ შევხვედრივარ, 2009 წელს კი კვლავ ვნახე, ამჯერად "ემ-ტი-ვის" დაჯილდოებაზე, სადაც რასელი ცერემონიის წამყვანი გახლდათ. მან სცენიდან განაცხადა: ქეით პერი იმავე სასტუმროშია დაბინავებული, სადაც მე. დღეს მან ვერ გაიმარჯვა, ამიტომ, როცა აქვითინდება უეჭველად დასჭირდება მამაკაცის მხარი, ჰოდა, გამოდის, რომ ამ საღამოს გამარჯვებული მე ვარო. ამ სიტყვებმა შოკში ჩამაგდო, ხალხი კი ტაშს უკრავდა. რასელს იუმორის საოცარი გრძნობა აქვს... ერთმანეთი შეგვიყვარდა, ინდოეთში გავემგზავრეთ და რასელმა ხელი მთხოვა. 2010 წლის 23 ოქტომბერს დავქორწინდით კიდეც ინდოეთში.

- როგორი მეუღლეა?

- ძალიან ყურადღებიანი, თბილი. ერთმანეთს ვენდობით და პატივს ვცემთ.

- როგორც ვიცი, ერთხელ რასელმა ინტერნეტში მოათავსა თქვენი ფოტო, სადაც უმაკიაჟოდ, შუბლზე ნაოჭებით ხართ და ამ ამბავმა ძალიან გაგანაწყენათ.

- ახლა ამაზე აღარ ვდარდობ, პირველად კი მეწყინა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ უარყოფით ემოციებს არ უნდა ავყოლოდი. ჩვეულებრივი ქალი ვარ, გაღვიძებისთანავე ვერ ვიქნები იდეალურ ფორმაში, მეც ისევე მჭირდება მაკიაჟი, მოწესრიგება, ბოტოქსი, როგორც ყველას.

- თქვენ სიდნეიში ახალი სუნამოს პრეზენტაცია მოაწყვეთ. მეც შევიძინე და ძალიან მომეწონა. სასიამოვნო სურნელი აქვს.

- დიდი მადლობა. იმედი მაქვს, დანარჩენ ახალგაზრდებსაც მოეწონებათ. რასელი ძალიან მეხმარებოდა, ერთად ვარჩევდით სუნამოს ფლაკონის დიზაინს და ბოლოს კატის გამოსახულება ავირჩიეთ. კატები ძალიან მიყვარს... ხალხი დადებითად აფასებს ჩემს ახალ პროდუქციას. მგონი, სწორი არჩევანი გავაკეთე, ინტუიციამ არ მიღალატა.

- მე საქართველოდან ვარ. ჩვენ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ მათ უმეტესობას კარიერის გაკეთების საშუალება არ ეძლევა. შეგიძლიათ, რაიმე ურჩიოთ?

- დღეს ინტერნეტსამყაროში ვცხოვრობთ. თუ ახალგაზრდას რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა სურს და პედაგოგის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, შეუძლია, ინტერნეტში მოიძიოს ყველა ინფორმაცია და შინ დამოუკიდებლად ისწავლოს. მთავარი მონდომებაა. ჯასტინ ბიბერი ყოუ ტუბე-ზე ათავსებდა თავის ვიდეოებს და ასე იპოვეს. ამიტომ უნდა იაქტიურო და უბედობაზე არ იწუწუნო: შენს ბედს თვითონ განაგებ.

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება