ვახო კანდელაკის ადგილი ახალ "ოჯახში"

ვახო კანდელაკის ადგილი ახალ "ოჯახში"

მწერლობაში გამორჩეულად საყვარელი ჟანრი არა აქვს. არ უყვარს ფანტასტიკა, მისტიკა. მისი საყვარელი ავტორები - ჩეხოვი და პუშკინი არიან. ქართველი მწერლებიდან ოთარ ჭილაძეს ასახელებს და დასძენს, - "საქართველოში ის, როგორც პროზაიკოსი უფროა აღიარებული, ვიდრე როგორც პოეტი, არადა, მისი ლექსები არანაკლებ საინტერესოა". "ერუდიტში" ამჯერად, მსახიობ ვახო კანდელაკს გამოვცდით.

- წიგნებს როგორ "დაუმეგობრდი"?

- ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც კარგი წიგნის ფასი იცოდნენ, ვხედავდი, როგორ კითხულობდნენ - მამა, დედა, ბებია, მამიდა. იმ პრობლემებით სავსე პერიოდში, რომელსაც 90-იანი წლები ერქვა, წიგნის კითხვით იქცევდნენ თავს. სიმართლე გითხრა, პატარა რომ ვიყავი, წიგნის მიმართ აგრესიაც მქონდა: ვაპროტესტებდი, - არავინ ყურადღებას არ მაქცევს, ყველა წიგნს კითხულობს-მეთქი (იცინის). დედაჩემი - ია თუხარელი პროფესიით თეატრმცოდნე იყო, ლიტერატურა მან შემაყვარა. ჯერ მითოლოგიით დავინტერესდი, შემდეგ სათავგადასავლო ლიტერატურამ გამიტაცა და ასე "შევაბიჯე" წიგნის სამყაროში. "საიდუმლო კუნძული" დღემდე ჩემს უსაყვარლეს წიგნად რჩება. კიდევ ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" მიყვარს.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- როცა მარკ ტვენის კითხვა დავიწყე, მინდოდა, ტომ სოიერის მეგობარი ვყოფილიყავი. მასთან და ჰეკლბერი ფინთან ახლაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი.

- საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ძნელია. ვცდილობ, ჩემი პრობლემები არავის მოვახვიო თავს, ყველას ღიმილით ვხვდები, ვიღიმი მაშინაც, როცა სულ არ მეღიმება.

- "მზესუმზირებში" თავს როგორ გრძნობ?

- კარგად. თავიდან ცოტათი ვნერვიულობდი: ახალ ოჯახში მოვედი, სადაც ჩემი ადგილი უნდა დამემკვიდრებინა. ხომ იცი, ზოგს სუფრის თავში უწევს დაჯდომა, ზოგს - ბოლოში, ზოგი - თამადაა... სანამ ადგილს ვიპოვიდი, ცოტათი გამიჭირდა.

- რა ადგილი იპოვე?

- ცენტრში ვარ (იცინის). ჩვენთან თბილი და მეგობრული გარემოა.

- მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე გიოცნებია?

- ძალიან მინდა, ჩემს მეუღლესთან ერთად მოვიარო მთელი მსოფლიო. ევროპული და ეგზოტიკური ქვეყნები თანაბრად მიზიდავს.

- 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა მისწერა ჯონ ლენონს, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, მისთვის საჭირო თანხა გამოეგზავნა. ლენონმა მისწერა: "დაკავდი მედიტაციით და შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში". 1995 წელს იმ ახალგაზრდამ ოცნება მაინც აისრულა. როგორ იშოვა მან ფული?

- მართლა მედიტაციით ხომ არ დაკავდებოდა. (ფიქრობს) მინიშნება მითხარი, გთხოვ.

- ფული ლენონის წყალობით იშოვა; როგორ - ეს შენ გამოიცანი.

- მივხვდი, წერილი გაყიდა, არა?

- რა თქმა უნდა. იოჰან სებასტიან ბახს, როგორც კომპოზიტორს, ყველა იცნობს. ის არა მხოლოდ ქმნიდა მუსიკას, არამედ კარგი შემსრულებელიც იყო, მაგრამ არანაკლებ განთქმული იყო სხვა სფეროში. თავისი გატაცების შესახებ წიგნიც კი დაწერა, რომელიც ბევრ რომანისტსა და დრამატურგს თავისი გმირების ასეთივე გატაცების აღწერაში დაეხმარა. რითი იყო ბახი გატაცებული?

- ამის შესახებ არაფერი მსმენია.

- ბანქოს თამაშით. ამ ადამიანს კი ბანქოს სიყვარულმა გამოაგონებინა ისეთი რამ, რისი ჭამის დროსაც შეიძლება, ბანქოც ითამაშო და ხელიც არ დაგესვაროს. დაასახელე მისი გვარი.

- ვერც ამ კითხვაზე გიპასუხებ.

- სენდვიჩი. ფეხბურთში კარგად ერკვევი?

- ნორმალურად.

- რომელ გუნდს გულშემატკივრობ?

- საქართველოს ნაკრებს. სხვა ნაკლებად მაინტერესებს.

- 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისში არგენტინისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოსთხოვა, მოედანი დაეტოვებინა. ფეხბურთელი მოედნიდან არ გავიდა, რადგან გერმანული ენა არ იცოდა და მსაჯის ნათქვამი ვერ გაიგო. ამის შემდეგ ფეხბურთში ახალი წესები გაჩნდა. რა სიახლეზეა ლაპარაკი?

- ალბათ ამ დღის შემდეგ დაიწყეს წითელი და ყვითელი ბარათების გამოყენება.

- დიახ. მითხარი, მითოლოგია მიყვარსო. შემდეგი კითხვა ძველბერძნული მითოლოგიიდან არის: ქალღმერთ თემიდას რომელი ქალღმერთი შეესაბამება რომაულ მითოლოგიაში?

- იუსტიცია.

- ის ცხელ გარემოში ბინადრობს, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგაც, მეცნიერებმა მის ორგანიზმში ყველაზე საშიში ბაქტერია და ვირუსი შეიყვანეს, მაგრამ მასზე არ იმოქმედა...

- (მაწყვეტინებს) ვხვდები, რაზეც არის ლაპარაკი.

- მაშინ მიპასუხე.

- რომ არ შევცდე, კითხვა დაასრულე.

- ის ცოცხალი რჩება და მოძრაობს რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130-ჯერ აღემატება ადამიანის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ ხიფათის დროს ის საკუთარი შხამით იკლავს თავს.

- ეს არის მორიელი, არა?

- გამოიცანი. ეს დაავადება, უამრავ ადამიანთან ერთად, იულიუს კეისარს, ალექსანდრე მაკედონელს და ნაპოლეონსაც აწუხებდა. რომელ დაავადებაზეა ლაპარაკი?

- მგონი, ეპილეფსიაზე, ხომ არ ვცდები?

- არა. სოციოლოგია - ეს არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ასტროლოგია - მეცნიერება ვარსკვლავების შესახებ, ზოოლოგია - მეცნიერება ცხოველების შესახებ; როგორ გამოითქმის ძველბერძნულად მეცნიერება ქალების შესახებ?

- არ ვიცი.

- მედიცინის ერთ-ერთი დარგია.

- გინეკოლოგია ხომ არა?

- რა თქმა უნდა. სამხრეთ ინგლისის რომელ ქალაქში გაიმართა პირველად 1873 წელს თამაში ბადმინტონში?

- არ ვიცი.

- რაგბის პირველი თამაში სად ჩატარდა?

- ქალაქ რაგბიში.

- ბადმინტონიც ქალაქ ბადმინტონში ჩატარდა.

- ვაა! რა საინტერესოა. დღეს რამდენი რამ გავიგე.

- ამ ძაღლის ჯიში სად გაჩნდა, უცნობია; ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც შემდეგ საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის ყურეში მოხვდა. დიდი ხნის მანძილზე ეს ჯიში ნაკლებად პოპულარული იყო. მის მიმართ ინტერესი 1960 წელს, დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელე ამ ძაღლის ჯიში.

- დისნეის მულტფილმში გამოჩნდა? (ფიქრობს) ა! ჭრელი ძაღლი რომ არის? მგონი, დალმატინელი ჰქვია.

- ნამდვილად ასეა. "იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო. ჩაუწერია კიდეც: "თქვენ რომ გგონივართ, ის არ ვარო", - ვკითხულობთ ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთ წიგნში. რომელ პოეტს ეძღვნება იგი?

- გალაკტიონ ტაბიძეს.

- ვის ეკუთვნის სიმღერა ქართული ანიმაციური ფილმიდან "სოფლის მაშენებლები"?

- ალექსანდრე ბასილაიას.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში.

- მსოფლიოში პირველი ფრთიანი გამონათქვამების კრებული გამოიცა 1864 წელს გერმანელი მეცნიერის ბიუხმანის მიერ. რომელი ფრთიანი გამონათქვამის ავტორია თავად ეს ავტორი?

- არ ვიცი.

- "ფრთიანი გამონათქვამი". რა ჰქვია ლომის შვილს?

- ბოკვერი.

- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგნებს სწავლობდი?

- ფრიადოსანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მასწავლებლები ამბობდნენ, რა კარგი ბავშვიაო. ტექნიკური საგნები არ მიყვარდა, ისე ინტერესიანი ბავშვი ვიყავი: როცა მანქანას მაჩუქებდნენ, ვშლიდი, რადგან ერთი სული მქონდა, მენახა, შიგნით რა ხდებოდა.

- ბიჭს ჰყავს იმდენივე და, რამდენიც ძმა, ხოლო მის დას - ორჯერ ნაკლები და ჰყავს, ვიდრე ძმა. რამდენი და და რამდენი ძმაა მათ ოჯახში?

- ორნი არიან.

- ეგ როგორ დაიანგარიშე?

- სისულელე ვთქვი, არა? გთხოვ, კითხვა გამიმეორე. (გამეორების შემდეგ) არ ვიცი, ძალიან ჩახლართული გამოცანაა.

- მათ ოჯახში 3 და და 4 ძმაა. რამდენ ტყვიას იტევს ნაგანის სისტემის პისტოლეტის დოლი?

- იმდენს, რამდენი და-ძმაც არის ანუ 7-ს.

- რა ჰქვია ჰემინგუეის მოთხრობის - "მოხუცი და ზღვა" მთავარ გმირს?

- სანტიაგო.

- ცნობილია, რომ ეგვიპტელები კავკასიელ ტყვეებს გვარდიის შესავსებად ყიდულობდნენ. დროთა განმავლობაში ისინი იმდენად გაძლიერდნენ, რომ ეგვიპტის მმართველ ძალად გადაიქცნენ. რა ერქვათ მათ?

- მამლუქები.

- "ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს; ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცოცხლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ, ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ძალიან მეცნობა, მაგრამ ავტორს ვერ ვიხსენებ.

- ილია ჭავჭავაძე. - რა ერქვა თამარ მეფის დედას?

- ვერ გიპასუხებ.

- ბურდუხანი. ვინ არის რეჟისორი ფილმისა "სამსახურებრივი რომანი"?

- ელდარ რიაზანოვი.

- "მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ, ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც და ამოვწურო ეს სიმარტოვე, ეს ფორიაქი ამოუხსნელი. გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს, რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი. მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს - კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ოთარ ჭილაძე და ძალიან მაგარია.

- ამერიკელები ამაყობენ იმით, რომ მათ არც ერთ პრეზიდენტს ეს გარეგნული ნაკლი არ ჰქონდა. რას გულისხმობენ ისინი?

- არ ვიცი.

- არ იყვნენ მელოტები.

- მართლა? ამას არ დავკვირვებივარ.

- ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. სიკვდილის წინ ბოდვისას წარმოთქვა - "საბრალო საბერძნეთი". დაასახელე ეს პოეტი.

- ბაირონი.

- რა დრო სჭირდება დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად?

- 1 წელი.

- უფრო ზუსტად, 365 დღე და 6 საათი.

- ამ კითხვაზე პასუხი არ ჩამეთვალა?

- ჩაგეთვალა. დაბოლოს: დაასრულე ბუასტის ცნობილი გამონათქვამი: "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს..."

- ადამიანებთან ურთიერთობას.

- "...უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება