კანის მორიგი კინოფესტივალი დასრულდა და თავისი რჩეულებიც დაასახელა. მამაკაც მსახიობებს შორის საუკეთესოდ ფრანგი მსახიობი ჟან დიუჟარდენი აღიარეს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა ფრანგი რეჟისორის მიშელ აზანავიჩუსის პრაქტიკულად მუნჯ შავ-თეთრ ფილმში "არტისტი".
ფრანგი კომიკოსი და მსახიობი ჟან დიუჟარდენი 1972 წლის 19 ივნისს არის დაბადებული საფრანგეთში, რიუეი-მალმეზონში. ჩვენი მაყურებელი იცნობს ფილმით "აგენტი 117", რომელშიც კომიკური როლი აქვს, ასევე სერიალით "ბიჭი და გოგო".
ჟანი მსახიობობამდე უმაღლეს განათლებას დაეუფლა - ბაკალავრის ხარისხი აქვს "ფილოსოფია - პლასტიკური ხელოვნების" მიმართულებით. ჯარშიც მსახურობდა და სწორედ არმიის შემდეგ შეუდგა პროფესიულ მსახიობობას, რადგან, მისივე თქმით, იქ მსახურობის პერიოდში გამოავლინა მსახიობური, განსაკუთრებით კი კომიკური ნიჭი.
პარალელურად მუსიკითაც არის დაკავებული. რამდენიმე მეგობარ კომიკოს მსახიობთან ერთად შექმნა ჯგუფი Nous c Nous, რომელთან ერთადაც ამავე სახელწოდების დისკიც კი ჩაწერა.
1997-1998 წლებში სამჯერ გაიმარჯვა პოპულარულ გადაცემაში "ვარსკვლავური მტვერი", კატეგორიაში "კომიკოსი". 1999 წელს მიიღო პირველი როლი ტელევიზიაში, სერიალში "ბიჭი და გოგო". ტელესერიალს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა, მრავალი პრემია მიიღო, მათ შორის "ემიც".
2001 წლიდან, ტელევიზიაში აღიარების შემდეგ, ჟანი კინოში წავიდა. სხვადასხვა სიუჟეტის სურათში სცადა თავი, თუმცა დიდი პოპულარობა მოუტანა ავანტიურულმა კომედიებმა - "მანქანის გასაღები", "ქორწილი" და "დიდებული ბრისი". ამ ფილმებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2002 წელს გადაღებული "ქორწილი", რომლის სცენარიც თვით ჟანმა დაწერა და ძლივს იშოვა პროდიუსერი, მაგრამ ფილმს საფრანგეთის კინოგაქირავებაში ნამდვილი ტრიუმფი ერგო.
დიუჟარდენი ოფიციალურად აღიარეს საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო კომიკოსად, ახლა კი მისი ტალანტი საფრანგეთის ფარგლებსაც გასცდა და კანში მიღებულმა ჯილდომ მსოფლიო აღიარება მოუტანა.
სხვათა შორის, აზანავიჩუსი სწორედ ზემოხსენებული ფილმ "აგენტ 117"-ის რეჟისორია. ამ ფილმის დიდი წარმატების შემდეგ, რომლისთვისაც მსახიობი "ცეზარზე" იყო წარდგენილი, შესთავაზა ჟანს, ჯერ მის სიქველში ეთამაშა, რომელსაც ასევე წარმატება მოჰყვა საფრანგეთში, მერე კი გადაიღო სურათში "არტისტი".
2010 წელს დიუჟარდენმა ფრანგული კომიქსების ეკრანიზაციაშიც სცადა თავი - "იღბლიანი ლუკი" კომიქსის კლასიკური ვერსიაა და მასში ჟანი კვლავ მთავარ როლს ასრულებს - იღბლიანი ლუკის.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)