სერიალ "დეტექტივების" მეორე სეზონში ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. დეტექტივების თანაშემწე ნინო 19 წლის მომხიბვლელი კატო დედაბრიშვილია. კატო ოთხი წელია, სააგენტო "ნატალის" მოდელი და მომავალი იურისტია. ფრაზა სერიალიდან, რომელიც ყველგან ჩაესმის, ესაა: "ოინბაზი ხარ შენ, აკაკი"! ერთგან ეს სიტყვები მისმა პერსონაჟმა დიმიტრი ტატიშვილის გმირს - აკაკის უთხრა...
- ათი წლის ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა აბრამ ბაზელის სკოლაში მიმიყვანეს. ერთი წლის განმავლობაში იქ ბევრი რამ ვისწავლე. ეს პროფესია შემიყვარდა და მოგვიანებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სააგენტო "ნატალიში" მივედი. ქალბატორმა ნატამ მთელი გულით მიმიღო და "ნატალი" ჩემი მეორე სახლი გახდა.
პირველად პოდიუმზე თეონა თავართქილაძის ჩვენებაზე გამოვედი, რომელიც კოდორში გაიმართა. ეს ომამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე მოხდა. მაშინ ძალიან გავრისკეთ, როგორც თეონამ, ისე მოდელებმა. მიუხედავად საშიშროებისა, იმ დღემ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა.
- თუმცა, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესია - იურისტობა არჩიე...
- ბავშვობაში ხელოვნება მიტაცებდა. დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, ვიყავი მოდელი და ყველას ეგონა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. კი, მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, რადიკალური ცვლილება მოვინდომე. სხვადასხვა სფეროს შორის სამართალი ვარჩიე.
- რამდენად გეხმარება შენი დღევანდელი ცოდნა "დეტექტივებში" და იქ როგორ მოხვდი?
- ძალიან მეხმარება. მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტი მაძლევს თეორიულ განათლებას, ხოლო "დეტექტივებში" პრაქტიკულ ცოდნას ვიძენ. ნაცნობთან ერთად სამსახიობო სააგენტო "არტ-ათეულში" გასაწევრებლად მივედი. იქ შევხვდი ზაზა იაქაშვილს, რომელმაც "დეტექტივების" კასტინგზე ჩემი გაყვანა მოინდომა. ჩემი სურათები გადაიგზავნა, ნახა რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა და ერთმანეთს შევხვდით. ვიდეოსინჯების ჩაწერიდან ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ვიცოდი, ამ როლზე პროფესიონალი მსახიობი სჭირდებოდათ. ტელეფონი რომ გავთიშე, ხუთი წუთის განმავლობაში ვერ გავიაზრე, ჩემს თავს რა ხდებოდა (იღიმის).
- სამსახიობო ანსამბლი უკვე შეკრული დაგხვდა, ალბათ სერიალის გუნდთან შეგუება რთული იყო...
- მსახიობებთან მორგება არ გამჭირვებია, პირიქით. უფრო მეტად კამერასთან მუშაობა გამიჭირდა. ფოტო და ვიდეოკამერა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. გამოცდილ მსახიობებთან მოვხვდი, ეპიზოდურ როლებშიც კი ცნობილი მსახიობები არიან დაკავებული. ალბათ მათ გვერდით მუშაობა ნებისმიერი დამწყები მსახიობის ოცნებაა. ისინი ძალიან მეხმარებიან.
- როგორია შენი თვალით დანახული შენი პერსონაჟი - როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად?
- ჩემი გმირი ძალიან მომწონს (იღიმის). ჩემი აზრით, ქალი, რომელსაც ოფისში უწევს ყოფნა, სწორედ ასეთ ფორმაში უნდა იყოს. თუ როდისმე ოფისში სიარული მომიწევს, მეც ქუსლიანი ფეხსაცმლითა და კლასიკური კოსტიუმებით ვივლი.
რაც შეეხება პერსონაჟის ხასიათს, ერთმანეთს ვგავართ, ნინო მიზანსწრაფული, შრომისმოყვარეა და პროფესიის გამო ბევრ რისკზე მიდის. ამა თუ იმ ნაბიჯს ის არა მხოლოდ წარმატების, არამედ ინტერესის გამო დგამს. ჩვენ შორის ერთი დიდი განსხვავებაა - ის ძალიან რისკიანია. მე კი, სანამ რამეს გავაკეთებ, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ.
- ბევრს ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ პანიკური შიში აქვს, შენ როგორ შეეგუე?
- იარაღთან არასოდეს მქონია შეხება, თუმცა არც მეშინია. სერიალის გადაღებები რომ იწყებოდა, ორი კვირის განმავლობაში პოლიციის აკადემიაში დავდიოდი. იქ იარაღის გამოყენება ვისწავლე და ეს საკმაოდ კარგადაც გამომივიდა. თავიდან იარაღის ამოღებაზე, სერიოზული სახით დგომასა და სხვა აუცილებელი თვისებების გათავისებაზე მეცინებოდა, მაგრამ მერე, შეიძლება ითქვას, მომეწონა კიდეც (იცინის).
- სერიალში შენი გმირის პირადი ცხოვრება თუ გამოიკვეთება?
- სამსახურის მიღმა მისი ცხოვრება არ გამოჩნდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩემი პერსონაჟის პირადი ცხოვრება მაყურებლისთვის ასე თუ ისე საინტერესო იქნება.
- როცა ეთერში სერიალის მორიგი სერია გადის, შენს ოჯახში რა ხდება?
- საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს: დედ-მამა, ჩემზე ბევრად უფროსი და-ძმა, დისშვილი და ძმისშვილები. სერიალი რომ გადის, ჩემი 9 წლის დისშვილი - გიორგი ეკრანთან ზის, წინ სცენარი უდევს და სერიოზული სახით ამოწმებს, როდის გამოვჩნდები და რას ვიტყვი. მშობლებთან ერთად და მათზე მეტადაც კი, ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემი პატარა დისშვილია. ის ყველაფერზე შენიშვნას მაძლევს - ვარცხნილობაზეც კი (იცინის).
- ამ ეტაპზე პროფესიის შეცვლაზე ხომ არ ფიქრობ?
- არა, გადაწყვეტილი მაქვს, კარგი იურისტი გავხდე, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ თუ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იქნება და როლი მომეწონა, სიამოვნებით დავთანხმდე.
- უარს როგორ როლზე იტყვი?
- ვერ ვითამაშებ სექსუალურ სცენებს. თუმცა მიმაჩნია, რომ პროფესიონალი მსახიობი რაღაც დოზით ასეთ სცენებში მონაწილეობაზე უარს არ უნდა ამბობდეს. რადგან მე მსახიობი არ ვარ, ვერ ვითამაშებ.
- ამას შენი პიროვნებიდან გამომდინარე ამბობ, თუ მიზეზი ისაა, რომ ეს საქართველოა?
- პიროვნებიდან გამომდინარე ვამბობ. ბევრი ისეთი რამ გამიკეთებია, რაც შეიძლებოდა, საქართველოში კრიტიკის მიზეზი გამხდარიყო. თუნდაც ფოტოსესია საცურაო კოსტიუმში. ამის გამო საქართველოში შეიძლება გაგაკრიტიკონ, მაგრამ როცა მოდელობა შენი პროფესიაა, ამას ივიწყებ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)